დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-427-818-06 27 სექტემბერი,2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 4 თებერვალს ე. ც-იანმა სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ნ. ბ-იას მიმართ და მოითხოვა შ. ჩ-იასა და ნ. ბ-იას შორის 1989წ. 19 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, შ. ჩ-იასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1958წ. 20 ივლისიდან, ხოლო 1989 წელს შ. ჩ-ია დაქორწინდა ნ. ბ-იასთან ისე, რომ ე. ც-იანსა და შ. ჩ-იას შორის არსებული ქორწინება არ შეწყვეტილა. შ. ჩ-ია დაიღუპა 1993წ. 5 ივნისს ქართულ- აფხაზური კონფლიქტის დროს ბრძოლებში. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ განაცხადა ნ. ბ-იამ, რომ იგი იმყოფებოდა შ. ჩ-იასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აპრილის განჩინებით შეწყდა აღნიშნული საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ დავაზე უკვე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავაზე და იმავე საფუძვლით.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ე. ც-იანმა. თბილისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას გარდაიცვალა ნ. ბ-ია და 2003წ. 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე. საოლქო სასამართლომ ე. ც-იანის განცხადების საფუძველზე საოქმო განჩინებით განაახლა საქმის წარმოება 2004წ. 8 აპრილს და ნ. ბ-იას უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართო ლ. ჯ-ავა.
2004წ. 8 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აპრილის განჩინება და ე. ც-იანის სარჩელი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ც-იანის სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი შ. ჩ-იასა და ნ. ბ-იას შორის 1990წ. 19 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-იას უფლებამონაცვლემ და მოითხოვა 2004წ. 21 ივნისის გადაწვეტილებისა და 2003წ. 26 სექტემბრის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა ან სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 28 აპრილის განჩინებით ლ. ჯ-ავას სააპელაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა _ გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება. სამოქალაქო საქმეზე ე. ც-იანის სარჩელის გამო ნ. ბ-იას მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას, თუ უფლებამონაცვლეობა, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ც-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ შემოტანილ კერძო საჩივარში განაცხადა, რომ სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, სკ-ის 1120-ე მუხლი, 1143-ე პირველი და 1146-ე მუხლის I ნაწილის მუხლები. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას, თუ უფლებამონაცვლეობა, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია.
სკ-ის 1149-ე მუხლის თანახმად არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა ქორწინების გაბათილების შესახებ სასამართლოში აღარ შეიძლება იქნეს დაყენებული, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ჩ-ია გარდაიცვალა 1993წ. 5 ივნისს, ნ. ბ-ია კი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ამდენად, დაუშვებელია მოთხოვნილ იქნეს შ. ჩ-იასა და ნ. ბ-იას შორის ქორწინების ბათილად ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ც-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.