გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 11.12.2003
საქმის ნომერი
ას-714-1355-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-714-1355-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე,),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი შეუთანხმდა რ. გ-ს ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინის გაყიდვის თაობაზე, რისთვისაც რ. გ-ს გადაუხადა ბინის ღირებულების ნაწილი 25000 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხის გადახდა ვერ შეძლო, ამიტომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. რ. გ-ს მიღებული თანხა არ დაუბრუნებია; ი.კ-ემ მოითხოვა რ. გ-ზე 25000 აშშ დოლარის დაკისრება.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ რ. გ-ს დაეკისრა 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ რ. გ-ს სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესების დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც შეუტყობინებია სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზები. სსკ-ს 230-ე მუხლის შესაბამისად, თუ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა რ. გ-მა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ, რადგანაც უწყება ჩაბარდა რ. გ-ს სახლში მცხოვრებ პირს, ხოლო თვით რ. გ-ი ცხოვრობს ხარაგაულის რაიონში.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. გ-ის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. გ-მა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინება, სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე 2003წ. 20 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და 2002წ. 24 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ი. კ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და განემარტა, რომ მას უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო პალატამ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო, რომ მოპასუხე 1980 წლიდან რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹12 ბინაში. 2002წ. 18 ივნისიდან საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა ხარაგაულის რაიონის სოფ. ..., სადაც ამჟამად ცხოვრობს. სასამართლომ კი უწყება კურიერის მეშვეობით გააგზავნა იმ მისამართზე, სადაც არ ცხოვრობდა მოპასუხე. ამდენად, ჩათვალა, რომ მხარე არ იყო მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. ასევე არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რადგანაც უწყება ჩაბარდა რ. გ-ის ბინაში მყოფ ახლო ნათესავს, იგი ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 74-ე მუხლი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-ის წარმომადგენელმა ბ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის დავა მიეკუთვნება განსაკუთრებული განსჯადობის კატეგორიას და საქმე მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რადგანაც სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის დავა არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის წარმომადგენლის, ბ. ა-ის, კერძო საჩივარი დასაბუთებულად არ მიიჩნიეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება რომ მოპასუხე რ. გ-ი 2002წ. 18 ივნისიდან სამუშაოდ და საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ბათუმიდან გადავიდა ხარაგაულის რაიონის სოფ. .... ბათუმში მისი ბინა გაქირავებულია და ცხოვრობენ მდგმურები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აღწერილ ვითარებაში საქალაქო სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მხარე არ იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. სსკ-ს 233-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 186-ე მუხლი და უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე. პალატა თვლის, რომ მოცემულ ვითარებაში სააპელაციო სასამართლო გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს. საკითხს სარჩელის მიღება-არმიღების შესახებ 5 დღის ვადაში წყვეტს ის სასამართლო, სადაც შედის სარჩელი განსახილველად. მას შემდეგ, რაც სარჩელს მიიღებს სასამართლო კანონით, კერძოდ, სსკ-ს 272-ე და 275-ე მუხლებით მკაცრად რეგლამენტირებულია თუ რა შემთხვევებში შეიძლება უკვე წარმოებაში მიღებული სარჩელის შეწყვეტა ან განუხილველად დატოვება. არც ერთ ზემოაღნიშნულ მუხლში არც სარჩელის შეწყვეტის და არც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. კანონი სპეციალურად ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როცა სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საქმე მოცემული სასამართლოს განსჯადი არ არის. სსკ-ს 23-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს თუ მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში ან თვითონ გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხი კანონის მოთხოვნათა დაცვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში განსახილველად უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. ასევე, განჩინება უნდა გაუქმდეს ი. კ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს საბოლოო განჩინების შედეგების მიხედვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინება გაუქმდეს მოსარჩელე ი. კ-ისათვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ი. კ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის, 1600 ლარის, დაკისრების ნაწილში ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.