დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.12.2003
საქმის ნომერი
ას-757-1387-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას/757-1387-03 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელი) მიღებული შემოსავლის დაკისრება (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ო-ამ 1997წ. 13 ოქტომბერს თ. და მ. ბ-ებთან ზეპირი გარიგების თანახმად, გადაწყვიტა, 70000 აშშ დოლარად შეეძინა მათი კუთვნილი ბინა მდებარე თბილისში, ....... ქ. ¹5-ში. მხარეთა მოლაპარაკების შესაბამისად, დ. ო-ას ბინის საფასური უნდა გადაეხადა 1998წ. 30 მაისამდე. 1997წ. 13 ოქტომბერს დ. ო-ამ ვალდებულება იკისრა, 1997წ. 1 ნოემბრიდან 30 მაისამდე თ. ბ-ასთვის გადაეხადა ბინის საფასური 70000 აშშ დოლარი, თვეში 15-20000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, დ. ო-ას ყოველი თვის ბოლოს ბ-ასთვის უნდა გადაეხადა პროცენტის სახით გადაუხდელი თანხის 2%.

იმის გამო, რომ დ. ო-ამ დათქმულ ვადაში ვერ შეძლო თანხის მთლიანად გადახდა, ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმდა და ბინა დაუბრუნდა თ. და მ. ბ-ებს. დ. ო-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, მის სასარგებლოდ თ. და მ. ბ-ებს დაკისრებოდათ ბინის საფასურში გადახდილი 60000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 მაისის გადაწყვეტილებით დ. ო-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თ. და მ. ბ-ებს დ. ო-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრათ 37000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ 22800 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. და მ. ბ-ებს გადასახდელად დაეკისრათ 17200 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

თ. და მ. ბ-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს: 1997წ. ოქტომბრიდან ერთი წლის განმავლობაში სადავო სახლის სასტუმროდ გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის _ 69000 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე სახლის არასწორი ექსპლუატაციის გამო მიყენებული ზარალის _ 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ბინის უსაფუძვლო დაყადაღებისათვის – 40000 აშშ დოლარის, მკურნალობის ხარჯებისათვის – 2000 აშშ დოლარის, ბანკის კრედიტით სარგებლობის გამო მიყენებული ზიანისათვის – 18400 აშშ დოლარის, მორალური ზიანისათვის კი 50000 აშშ დოლარის დ. ო-ასათვის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ. და თ. ბ-ებს დ. ო-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 17200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შესაბამისი კურსით. მათვე დაეკისრათ დ. ო-ას სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა _ 1135 ლარი. სარჩელის დარჩენილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე დ. ო-ას ეთქვა უარი. თ. და მ. ბ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ დ. ო-ას მ. და თ. ბ-ების სასარგებლოდ დაეკისრა 69000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა შესაბამისი კურსით. მ. და თ. ბ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დარჩენილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.

შემდგომში მოცემული სამოქალაქო დავა არაერთგზის განიხილეს სასამართლო ორგანოებმა. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ო-ას სარჩელი _ მ. და თ. ბ-ებს, მის სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრათ 38194,23 აშშ დოლარი. მ. და თ. ბ-ებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მ. ბ-ას დაეკისრა 2500 ლარის, ხოლო დ. ო-ას _ 2650 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ბ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში შემდეგი საფუძვლით: მ. ბ-ა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან სადავო ბინა მის სახელზე არ ირიცხებოდა და მას ბინის თაობაზე გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობა, ამასთან, იგი (თ. ბ-ა) არის ინვალიდი და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით თ. ბ-ას უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუშვებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ-ამ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 215-ე, 976-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, სსკ-ის 421-ე და 327-ე მუხლები; არ გაითვალისწინა საკასაციო პალატის 2001წ. 12 დეკემბრის განჩინებისა და 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების მითითებანი და რეკომენდაციები, მასზე (ბ-აზე) მიყენებული ზარალის დასაზუსტებლად. სააპელაციო პალატამ არ იხელმძღვანელა სკ-ის 164-ე და 411-ე მუხლების მოთხოვნებით, რომლის თანახმადაც, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თ. ბ-ა საქათველოს სსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან, როგორც II ჯგუფის ინვალიდი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის, 1997წ. 15 ოქტომბერს, დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმადაც, მ. და თ. ბ-ებმა დ. ო-ას მიჰყიდეს თბილისში, ...... მდებარე მათი კუთვნილი ბინა. ასევე დადგენილია, რომ მ. და თ. ბ-ებსა და დ. ო-ას შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) 239-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მათი შეთანხმება ჩათვალა ბათილად. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება ბათილია, რადგან შეთანხმების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის 239-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და რეგისტრირებული რეესტრში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით ამ მუხლით დადგენილი წესების დაუცველობა იწვევდა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგება ბათილ გარიგებად.

სააპელაციო სასამართლომ თ. და მ. ბ-ების აღიარების საფუძველზე, დაადგინა, რომ დ. ო-ამ თ. და მ. ბ-ებს გადაუხადა ბინის საფასურის ნაწილი _ 17200 აშშ დოლარი. პალატა თვლის, რომ, მართალია, მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის შესახებ მოლაპარაკება მოხდა ძველი სკ-ის მოქმედების პერიოდში, მაგრამ, რადგან მათ შორის ურთირთობა გაგრძელდა ახალი სკ-ის ამოქმედების შემდეგაც (მხარეები არ უარყოფენ, რომ დ. ო-ა თანხას იხდიდა ახალი სკ-ის ამოქმედების შემდეგაც, ასევე იგი ბინას იყენებდა ახალი კოდექსის მოქმედების პერიოდშიც) სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა მხარეთა რესტიტუციის საკითხის გადასაწყვეტად ახალი სკ-ის 976-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, “პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების- შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

სააპელაციო სასამართლომ მ. და თ. ბ-ების აღიარების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ დ. ო-ამ თ. და მ. ბ-ებს გადაუხადა 17200 აშშ დოლარი და გარიგების ბათილობის გამო სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, სწორად დააკისრა თ. და მ. ბ-ებს აღნიშნული თანხის დ. ო-ასათვის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 403-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, დააკისრა მ. და თ. ბ-ებს აღნიშნულ თანხაზე პროცენტის გადახდა. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამარლომ არასწორად გამოიყენა თანხაზე პროცენტის დაკისრების დროს სკ-ის 403-ე მუხლი და ასევე არასწორად დაიწყო პროცენტის გადახდის დროის ათვლა 1998წ. ოქტომბრიდან. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. და თ. ბ-ებმა გარიგების სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის შესახებ გაიგეს 1998წ. ოქტომბერში, როცა დ. ო-ამ მათ უარი განუცხადა ბინის შეძენაზე და ამ დროიდან მოყოლებული ისინი ვალდებული იყვნენ, ო-ასათვის დაებრუნებინათ მის მიერ გადახდილი 17200 აშშ დოლარი, რაც მათ არ გააკეთეს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998წ. ოქტომბრიდან 2001წ. ივლისამდე 17200 დოლარის გადახდის ვადის გადაცილებისათვის თ. და მ. ბ-ებს დ. ო-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 17200 დოლარის პროცენტი, რაც შეადგენს თვეში ბანკთაშორისი აუქციონის მიერ იმ დროისათვის დაფიქსირებულ 2,5%-ს.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბ-ებისათვის გარიგების სამართლებრივი ხარვეზის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 1998წ. ოქტომბერში, როცა ო-ამ უარი განუცხადა ბინის შეძენაზე. პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის ზეპირი გარიგების დადების მომენტიდან, ე.ი. 1997წ. ოქტომბრიდან, მათთვის ცნობილი იყო, რომ მათ შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იდებოდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ხელშეკრულება არ დამოწმებულა სანოტარო წესით, არ გატარებულა რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ბ-ებმა თანხის მიღებისთანავე იცოდნენ გარიგების სამართლებრივი ხარვეზის შესახებ და, შესაბამისად, ბ-ები ამ დროიდან უსაფუძვლოდ ფლობდნენ თანხას. პალატა თვლის, რომ მათ აღნიშნული უნდა დაუბრუნონ ო-ას, იმ სარგებლით, რაც მათ მიიღეს ან უნდა მიეღოთ თანხის სწორად გამოყენებით. სკ-ის 981-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, “თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილი უნდა იქნეს პროცენტი...”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, როდის და რამდენი თანხა მიიღეს ბ-ებმა, აქედან გამომდინარე, დაარიცხოს თანხის პროცენტი.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მ. და თ. ბ-ების შეგებებულ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ბ-ები შეგებებული სარჩელით ითხოვდნენ დ. ო-ასათვის მათი ბინის გამოყენებით მიღებული სარგებლის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 981-ე მუხლის საფუძველზე დ. ო-ას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშვება, რადგან აღნიშნული მუხლის I ნაწილის თანახმად, “თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლოს წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დღიდან – 979-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების 980-ე მუხლის საფუძველზე”. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რადგან მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა სამართლებრივი ხარვეზის შესახებ ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან, ო-ას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან მხარეებმა მათ მიერ ბინის ნასყიდობის გარიგების სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობის შესახებ გაიგეს მას შემდეგ, როცა თ. და მ. ბ-ებმა დ. ო-ას მოსთხოვეს ბინის მთლიანი საფასურის გადახდა, რაც მან ვერ შეძლო, ამიტომ 1998წ. ოქტომბერში ბ-ებმა მოსთხოვეს ბინის უკან დაბრუნება. ო-ამ მოთხოვნისთანავე დაუბრუნა ბინა ანუ ბინით არ უსარგებლია მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამართლებრივი ხარვეზის შესახებ.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მსჯელობას. სკ-ის 981-ე მუხლში საუბარია ხარვეზზე, როცა “მიმღებმა მიღებისას იცოდა ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი ხარვეზის არსებობა...” მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა სამართლებრივი ხარვეზის არსებობის შესახებ მაშინ კი არ შეიტყვეს, როცა 1998წ. ოქტომბერში დ. ო-ამ უარი განაცხადა ბინის ღირებულების მთლიანი საფასურის გადახდაზე, არამედ სამართლებრივი ხარვეზი არსებობდა მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების დროს _ 1997წ. ოქტომბერში. სამართლებრივი ხარვეზი არის არა ის, რომ თანხას ვერ იხდის ო-ა, არამედ ის, რომ მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ო-ას მიერ ბინით სარგებლობის მთელი დროის მანძილზე სამართლებრივი ხარვეზის არსებობის შესახებ ცნობილი იყო თუ არა, ეს მისი უხეში გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული.

გარდა ზემო აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დ. ო-ა ბინის ნასყიდობის გარიგების სამართლებრივი საფუძველის ხარვეზის არსებობის შესახებ შეიტყობდა და ამ ბინით ისევ ისარგებლებდა, ბ-ების შეგებებული სარჩელი, მაინც არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ო-ა ბინაში უცხოელებს აცხოვრებდა. ბ-ებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მტკიცება, რომ სადავო ბინის გამოყენებით მიიღო თუ არა ო-ამ სარგებელი, მით უფრო, რომ ო-ა უარყოფს ბინის სასტუმროდ გამოყენებას.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, ო-ა წინა სასამართლო სხდომაზე აღიარებდა სასტუმროდ სადავო ბინის გამოყენებას, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს აზრით, “მხარის მიერ ფაქტის აღიარების პროცესუალური მნიშვნელობა უნდა შეფასდეს მის სინამდვილესთან შესაბამისობის გათვალისწინებით. სასამართლომ აღიარებული მტკიცებულება და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქმეზეა წარმოდგენილი, მაინც უნდა შეამოწმოს და ამის საფუძველზე გადაწყვიტოს აღიარებული მტკიცებულება საკმარისად ჩათვალოს თუ არა”. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მოსაზრებას. სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთ გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, (აღიარება) რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტლებას. ამავე კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკურ ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

მოცემულ შემთხვევაში დ. ო-ამ სასამართლოს სხდომებზე არაერთხელ აღიარა, რომ მას სადავო ბინაში გახსნილი ჰქონდა სასტუმრო ბოლო სასამართლო სხდომაზე ო-ამ აღნიშული აღიარება უარყო. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში უნდა დაესაბუთებინა, თუ რითი იყო გამოწვეული ო-ას მიერ აღიარების უარყოფა.

საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რა იყო საფუძველი ო-ას მიერ წინა სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ აღიარების უარყოფისა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვიტოს საკითხი _ იყენებდა თუ არა ო-ა სადავო ბინას სასტუმროდ და გამოარკვიოს ბ-ას მიერ მისთვის ბინის გადაცემის მომენტიდან რა სარგებელი მიიღო ბინის სასტუმროდ გამოყენებით და აღნიშნული სარგებლის დაკისრების საკითხი გადაწყვიტოს სკ-ის 981-ე მუხლის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.