საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 5I 12 ივნისი, 2006 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი
მონაწილეობით განიხილა განსასჯელ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ას კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორ ზ. ბ-ის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმე გ. ი-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გურჯაანის რაიონულ პროკურორს; განსასჯელ გ. ი-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. ი-ლს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია 14 წელი.
საქმის სასამართლო განხილვისას, სასამართლო გამოძიების სტადიაზე, პროკურორმა აღძრა შუამდგომლობა გ. ი-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მიზნით და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლების მეთვალყურეობაში გადაცემის შესახებ, რაც იმით დაასაბუთა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში გურჯაანის რაიონულ პროკურატურასა და შს გურჯაანის სამმართველოს საჩივრით მიმართა გურჯაანის რაიონის სოფ. --- მცხოვრებმა ვ. რ-მა, რომელიც მიუთითებდა, რომ გ. ი-ის მიერ გაუპატიურებულია მისი ქალიშვილი მ. რ-ლი. 2005 წლის 28 ივნისს აღნიშნული საჩივრები, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 416-ე მუხლისა, გადმოიგზავნა გ. ი-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად, რაც სასამართლომ, 2005 წლის 22 ივლისის განჩინების თანახმად, გადააგზავნა გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში რეაგირებისათვის.
2005 წლის 18 ივლისს ვ. რ-მა განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ პროკურატურას, რომელშიც მიუთითებდა, რომ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტის დასადგენად ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რის საფუძველზეც 2005 წლის 19 ივლისს შს გურჯაანის სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქმეზე საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გ. ი-მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება მცირეწლოვან მ. რ-ის მიმართ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ი-ლი ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო ამ დანაშაულის სუბიექტი, ე.ი. მიღწეული იყო 14 წლის ასაკს.
2006 წლის 20 თებერვალს გამომძიებელმა ზ. კ-მა გამოიტანა დადგენილება გ. ი-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით. იმის გამო, რომ გარდა შერაცხულისა, გ. ი-ლს უნდა წარედგინოს გაუპატიურების ჩადენა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, საჭიროა, გაერთიანდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე გურჯაანის შს სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, გ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სრული მოცულობით განსაზღვრისათვის და შესაბამისი ბრალდების წარსადგენად.
სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმე გ. ი-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გურჯაანის რაიონის პროკურორს; განსასჯელ გ. ი-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობლების მეთვალყურეობაში გადაცემა.
საჩივრით განსასჯელ გ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. თ-უა ითხოვს გურჯაანის რაიონული პროკურატურიდან მ. რ-ის გაუპატიურების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვას, თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმებას გ. ი-ის სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში დაბრუნების ნაწილში, ხოლო განსასჯელისადმი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ნაწილში _ უცვლელად დატოვებას შემდეგი მოტივებით: სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე, მაშინ, როცა საქართველოს სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მოსამართლემ განჩინებაში უნდა მიუთითოს დაბრუნების საფუძველი; არ არის დადგენილი მ. რ-ის გაუპატიურების ზუსტი თარიღი; ბრალდებას არა ერთი შეცდომა აქვს დაშვებული საპროცესო მოქმედებების შესრულებისას, კერძოდ: საქმეში არ იდო ბრალდებულის დაკავების ოქმი, იგი საქმეში ჩაიდო გ. ი-ის დაკავებიდან მე-12 დღეს და მის სისწორეს დედანთან რატომღაც ადასტურებს დაზარალებულის ადვოკატი და ბეჭდით ამყარებს პროკურატურა; მ. რ-ლი პროკურატურას დაზარალებულად არ უცნია, მოწმის სახით მისი დაკითხვისას კი არ მოუწვევიათ ფსიქოლოგი, რადგან მ. რ-ლი აშკარად ტოვებს გონებრივად ჩამორჩენილის შთაბეჭდილებას; ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. რ-ის საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული; პროკურატურა ზემოქმედებდა მოწმეებზე, რადგან დაინტერესებულია, არ დადგეს გამამართლებელი განაჩენი გ. ი-ის მიმართ; თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ» ქვეპუნქტისა, არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. გურჯაანის რაიონულ პროკურატურას კი 2005 წლის 23 მარტს უკვე ჰქონდა მსჯელობა მ. რ-ის გაუპატიურების ფაქტზე და მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატი ზ. თ-უა ითხოვს თავისი საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე ზ. ბ-ლი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას და გ. ი-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიებისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ-ამ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს, ითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული გ. ი-ლი დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ.ს-მა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განჩინება გ. ი-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. თ-ას მოთხოვნას განჩინების გაუქმების შესახებ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში დაბრუნების ნაწილში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ნაწილში _ უცვლელად დატოვებას, მისი უსაფუძვლობის გამო.
პალატის აზრით, საფუძვლიანია პროკურორ ზ. ბ-ის შესაგებლის მოთხოვნა განჩინების უცვლელად დატოვებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, რადგან, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა 2006 წლის 20 თებერვლის დადგენილება გ. ი-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით და მოითხოვა გ. ი-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება იმ მოტივით, რომ გ. ი-ლს უნდა წარედგინოს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის II ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტით Gგათვალისწინებული ბრალი, ანუ გაუპატიურების ჩადენა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, საჭიროა, გაერთიანდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე გურჯაანის შს სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.
საქართველოს სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის სასამართლო წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისათვის ან განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას. კანონის ეს ნორმა იმპერატიულია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა პროკურორის მოთხოვნას სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განჩინების გაუქმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. თ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოიფლდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განჩინება გ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.