დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.01.2007
საქმის ნომერი
2კ-598აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

598აპ ქ. თბილისი

24 იანვარი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ი. ბ-ის,ადვოკატების _ ზ. რ-ის, მ. ს-სა და ნ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ს-სა და დ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის, მსჯავრდებულ ბ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-სა და მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენზე ი. ზ.ის, დ. ტ-ის, ბ. გ-ას, გ. ს-სა და კ. კ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განაჩენით:

1. ი. ზ-ლი,2. დ. ტ-ლი,3. ბ. გ-ია,4. გ. ს-რი,5. კ. კ-ლი, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 226-ე მუხლითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მათვე ჩაიდინეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც გამოიწვია ტრასპორტის მუშაობის შეფერხება, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა; მათვე ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოძალვისათვის ბრალდებულებს _ ა. დ-სა და გ. რ-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება 3 თვის ვადით. აღნიშნულ პროცესს, სხვა პირებთან ერთად, ესწრებოდნენ ი. ზ-ლი, დ. ტ-ლი, ბ. გ-ია, გ. ს-რი და კ. კ-ლი. მოსამართლის გადაწყვეტილებით განაწყენებულმა ზემოაღნიშნულმა პირებმა, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გამოიხატა სასამართლოში მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში. განაწყენებული ი. ზ-ლი, დ. ტ-ლი, ბ. გ-ია, გ. ს-რი და კ. კ-ლი ხმამაღლა აგინებდნენ ხელისუფლებასა და სასამართლოს, რასაც თან ერთვოდა ძალადობა. მათ დაამტვრიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹--ე დარბაზში არსებული ინვენტარი, კერძოდ, დარბაზის 500 ლარად ღირებული ბარიერი და სამსექციანი ორი სკამი, ორივე 498 ლარის ღირებულების. ამდენად, ი. ზ-მა, დ. ტ-მა, გ. ს-მა, კ. კ-მა და ბ. გ-ამ თავიანთი ქმედებით უზენაეს სასამართლოს მიაყენეს სულ 998 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მათვე აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად განიზრახეს, პროტესტის ნიშნად, უკანონოდ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს ი. ზ-მა, დ. ტ-მა, ბ. გ-ამ, გ. ს-მა და კ. კ-მა ორგანიზება გაუკეთეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებას და იმავე დღეს დ. ტ-მა, ბ. გ-ამ გ. ს-მა და კ. კ-მა ორჯერ _ 19 საათზე, ხოლო ი. ზ-მა აღნიშნულ პირებთან ერთად _ 23 საათზე და მათივე ორგანიზებით ორასამდე ადამიანმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, რის გამოც შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა და უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნულის გამო ადგილზე მისული პოლიციის კანონიერ მოთხოვნას _ დაშლილიყვნენ და გაეთავისუფლებინათ გამზირი, ი. ზ-ლი, ბ. გ-ია, დ. ტ-ლი, გ. ს-რი და კ. კ-ლი არ დაემორჩილნენ, უფრო მეტიც, ისინი დანაშაულებრივ ქმედებაში გააქტიურდნენ, გააგრძელეს პოლიციის მუშაკების მიმართ ლანძღვა-გინება და წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც ი. ზ-მა დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა „ფოლკსვაგენ-პასატი”, კერძოდ, თავით ჩაამტვრია უკანა, მარჯვენა კარის მინა, ღირებული 200 ლარად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, ი. ზ-ლს, დ. ტ-ლს, ბ. გ-ას, გ. ს-სა და კ. კ-ლს საბოლოოდ მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ი. ზ-ლს, ბ. გ-ას, კ. კ-სა და გ. საურს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2005 წლის 1 ივლისიდან, ხოლო დ. ტ-ლს _ 2005 წლის 2 ივლისიდან. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულის წარმომადგენლის მ. ლ-ის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულებს დაზარალებულის _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასარგებლოდ დაეკისრათ 998 ლარის გადახდა, ხოლო ი. ზ-ლს _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ს-ემ, ნ. დ-ემ, ლ. ს-ამ და ზ. რ-მა. მ. ს-ემ, ნ. დ-ემ და ლ. ს-ამ მოითხოვეს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ზ. რ-მა _ დ. ტ-სა და გ. ს-ის ქმედების სსკ-ის 226-ე მუხლითა და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირება, მათთვის სასჯელის შემსუბუქება და პატიმრობიდან განთავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორები _ ადვოკატები ნ. დ-ძე და მ. ს-ძე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მსჯავრდებულების _ ბ. გ-სა და კ. კ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, რასაც ეთანხმებიან თავად მსჯავრდებულებიც.

მსჯავრდებულების _ დ. ტ-სა და გ. ს-ის ადვოკატი ზ. რ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, არ დასტურდება, რომ გ. ს-მა და დ. ტ-მა დანარჩენ მსჯავრდებულებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ხულიგნობა, რადგან მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ; მათ მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ჩაიდინეს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება; ასევე არ დასტურდება დ. ტ-სა და გ. ს-ის მიერ სხვისი ნივთის, კონკრეტულად კი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კუთვნილი ნივთის დაზიანება; სსკ-ის 187-ე მუხლი არ ითვალისწინებს ჯგუფურ დანაშაულს, ხოლო დ. ტ-სა და გ. ს-ის მიერ კონკრეტულად, თავიანთი ქმედებით მიყენებული ზიანი არც საქმის მასალებით დასტურდება.

ადვოკატ ზ. რ-ის აზრით, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას დაარღვია ინდივიდუალიზაციის პრინციპი და გ. ს-სა და დ. ტ-ლს შეუფარდა აშკარად მკაცრი და უსამართლო სასჯელი, როდესაც არ გაითვალისწინა, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, პირველად არიან სამართალში, არიან სპორტსმენები, ხასიათდებიან დადებითად, დ. ტ-ლი საქართველოს ---ეროვნული ნაკრების წევრია და საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად --- წლის სექტემბერში მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე _ --- წლის ოქტომბერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ზ. რ-ლი ითხოვს დ. ტ-სა და გ. ს-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მათი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 226-ე მუხლით, პატიმრობაში ყოფნის დროის ჩათვლას სასჯელის მოხდის ვადაში და მათ განთავისუფლებას სხდომის დარბაზიდან.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. რ-მა მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულთა ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. ს-მა და დ. ტ-მა სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ხულიგნობა, რადგან მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ. კასატორმა ასევე განმარტა, რომ არ დასტურდება დ. ტ-სა და გ. ს-ის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება. ამასთან, სსკ-ის 187-ე მუხლი არ ითვალისწინებს ჯგუფურ დანაშაულს, ხოლო დ. ტ-სა და გ. ს-ის მიერ კონკრეტულად, თავიანთი ქმედებით მიყენებული ზიანი არც საქმის მასალებით დასტურდება. გარდა ამისა, ადვოკატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული და მოითხოვა სასჯელის მოხდისაგან მათი პირობით ვადამდე განთავისუფლება.

ადვოკატმა მ. ს-ემ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ, კ. კ-ის სასჯელის შემსუბუქება და პატიმრობიდან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, პირველად არის სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია.

ადვოკატმა ნ. დ-ემ იშუამდგომლა თავისი საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ბ. გ-ია აღიარებს და გულწრფელად ინანებს ჩადენილ დანაშაულს, პირველად არის სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული და ხასიათდება დადებითად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ნ. დ-ემ მოითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ბ. გ-ის სასჯელის შემსუბუქება და პატიმრობიდან განთავისუფლება.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-ემ საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის თავად მსჯავრდებულების _ ი. ზ-ის, დ. ტ-ის, ბ. გ-ას, გ. ს-სა და კ. კ-ის, დაზარალებულების _ დ. ა-სა და მ. ლ-ის, მოწმეების _ ე. ც-ის, დ. ა-ის, თ. მ-ის, გ. ბ-ის, ნ. ჟ-ის, ნ. მ-ის და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, ფონოსკოპიური, სასაქონლო, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფოტო და ვიდეო მასალით, მათი გაანალიზებითა და ურთიერთშეჯერებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ი. ზ-მა, დ. ტ-მა, ბ. გ-ამ, გ. ს-მა და კ. კ-მა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინეს ხულიგნობა; მათვე ჩაიდინეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც გამოიწვია ტრასპორტის მუშაობის შეფერხება, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება.

პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი.

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელებს, ისინი არ უნდა ჩაითვალოს მეტისმეტად მკაცრად და აშკარად უსამართლოდ, ვინაიდან განსაზღვრულია მსჯავრდებულების მახასიათებელი მტკიცებულებების სათანადო განხილვისა და შეფასების შედეგად და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ მიზნებსაც. ამდენად, სააპელაციო პალატის განაჩენი სამართლიანიცაა და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულების _ ბ. გ-ას, კ. კ-ის, გ. ს-სა და დ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. დ-ის, მ. ს-სა და ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენი ი. ზ-ის, დ. ტ-ის, ბ. გ-ას, გ. ს-სა და კ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.