შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
853აპ. 7 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის განაჩენით: ლ. ჭ-ლი, მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), აგრეთვე აღნიშნული კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მთლიანობაში განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის (2004 წლის 18 თებერვლის რედაქცია) საფუძველზე მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს. ჭ-ლი, მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის, იმავე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების (2000 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;
ვ. კ-ლი, მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების (მითითებული რედაქცია) გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
განაჩენით ლ. ჭ-სა და ვ. კ-ლს ბრალი დაედოთ ქურდობაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე _ სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ამასთან, ლ. ჭ-ლი გამართლდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის (არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე) საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში. იმავე განაჩენით ს. ჭ-ლს ბრალი დაედო ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე არასრულწლოვნის დაყოლიებაში, აგრეთვე _ ქურდობაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენის მიხედვით, ლ. ჭ-ის, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 11 იანვარს ლ. ჭ-ლი თავისივე თანასოფლელებთან _ ს. ჭ-თან და ვ. კ-თან ერთად იმყოფებოდა მ. ჭ-ის ოჯახში სტუმრად, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც განიზრახა თანასოფლელ ი. ა-ის კუთვნილი ვენახიდან ბოძებად გამოყენებული ლითონის მილების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავისი დანაშაულებრივი განზრახვა მან გაანდო ს. ჭ-სა და არასრულწლოვან ვ. კ-ლს, რაზედაც ეს უკანასკნელები დასთანხმდნენ.
ამ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფი ლ. ჭ-ის, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის შემადგენლობით, ლ. ჭ-ის კუთვნილი თვითნაკეთი მოტოციკლეტით, დაახლოებით 17 საათზე გაემართა ეგრეთ წოდებულ „---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ი. ა-ის კუთვნილ ვენახში. მათ ბოძებად გამოყენებული რკინის მილების დაგლეჯვის გზით დააზიანეს ხსენებული ვენახი და შემდგომში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 ცალ 3X4 მმ-იან და 2 ცალ 100 მმ-იან ლითონის მილებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამის შემდეგ ისინი ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ. ს-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის საუარესოდ შებრუნებას მსჯავრდებულ ლ. ჭ-ის მიმართ როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ისე მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, სახელდობრ, სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვდა, რომ ლ. ჭ-ლს დანაშაულად შერაცხოდა საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ასევე, მან უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის (2004 წლის 13 თებერვლის რედაქცია) გამოყენება და ამ საფუძველზე მისთვის დანიშნული სასჯელის განახევრება. ამიტომ სასჯელის ნაწილში პროკურორმა მოითხოვა ლ. ჭ-ის მიმართ სასჯელის ზომად 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა, ასევე, მსჯავრდებულმა ლ. ჭ-მა, რომელიც ითხოვდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში გამართლებასა და მის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.
საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც მსჯავრდებულ ლ. ჭ-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო პროკურორის საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული ლ. ჭ-ლი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე მას სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 5 (ხუთი) თვის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნა სხვა სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაუმატა 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელის ზომად ლ. ჭ-ლს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ლ. ჭ-ის დამცველმა, ადვოკატმა რ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში ლ. ჭ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია ასეთი ქმედება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ნაწილში _ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან ეს სასჯელი მიაჩნია ზედმეტად მკაცრად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, საპროცესო კანონით გათვალისწინებული სარევიზიო წესის გამოყენებით, სრული მოცულობით შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება ყველა მსჯავრდებულის მიმართ, აგრეთვე _ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულებმა _ ლ. ჭ-მა, ს. ჭ-მა და ვ. კ-მა ნამდვილად ჩაიდინეს ქურდობა ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რომელიც განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით. ამ გარემოებას სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.
საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აღნიშნული პირების მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, ვინაიდან კანონით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქმედებით გამოწვეულია მნიშვნელოვანი ზიანი. არც საბრალდებო დასკვნითა და არც განაჩენებით არის დადგენილი, თუ კონკრეტულად რა ღირებულების ზიანი იქნა გამოწვეული იმით, რომ ლ. ჭ-მა, ს. ჭ-მა და ვ. კ-მა დაზარალებულის კუთვნილი ვენახის რიგებს დააძვრეს საყრდენი ლითონის მილები, რომლის მოცულობა უნდა განსაზღვრულიყო იმ შესაძლო ხარჯების ღირებულებით, რაც საჭირო იქნებოდა დაზიანებული ვაზის რიგების პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად. რაც შეეხება საბრალდებო დოკუმენტებში განსაზღვრული ზიანის ოდენობას, რომელიც შეადგენს 300 ლარს, მასში იგულისხმება იმ 47 ცალი ლითონის მილის ღირებულება, რომლებსაც მსჯავრდებულები დაეუფლნენ ქურდობის ჩადენისას, ვინაიდან დაუშვებელია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით გამოწვეული სხვადასხვა ზიანის მოცულობის ერთობლივი ანუ ერთი რაოდენობრივი მაჩვენებლით განსაზღვრა, როდესაც ზიანის ესა თუ ის ოდენობა ზემოხსენებული თითოეული ქმედების შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს, რომლითაც ამ ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია დგინდება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს _ ლ. ჭ-ლს, ს. ჭ-სა და ვ. კ-ლს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამასთან, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის მსჯავრდებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან იგი არის ზედმეტად შერაცხული ბრალდება და ამ უკანასკნელს თავისთავად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ჭ-ლს უნდა მოეხსნას განაჩენით შერაცხული ბრალდება საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე) ჩადენის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ს. ჭ-ლი იყო ქურდობის ჩადენის ინიციატორი და რომ პირადად მან დაიყოლია არასრულწლოვანი ვ. კ-ლი ქურდობაში მონაწილეობაზე. ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ დადგინდა ასეთი ფაქტი. პირიქით, სასამართლო გამოძიებამ ის აჩვენა, რომ ს. ჭ-ლს აღნიშნული ქმედება არ ჩაუდენია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ. ჭ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც აღნიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ არის სავსებით ზომიერი, ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრად, სამართლიანია და პასუხობს სასჯელის მიზნებსა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ამოცანას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანია ასევე გასაჩივრებული განაჩენით სხვა მსჯავრდებულთა მიმართ განსაზღვრული სასჯელები პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულების _ ლ. ჭ-ის, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე. მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დადგენილი სასჯელის მაქსიმალური ზომა, რაც მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენის შეცვლის საფუძველია, რადგან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა, რის გამოც, მათ მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია აღნიშნულ ნაწილში შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულების _ ლ. ჭ-ის, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის მიმართ მათ სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ჭ-ის დამცველის, ადვოკატ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულებს _ ლ. ჭ-ლს, ს. ჭ-სა და ვ. კ-ლს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მათ მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ს. ჭ-ლს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულების _ ს. ჭ-სა და ვ. კ-ის მსჯავრდებიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე როგორც ზედმეტად შერაცხული ბრალდება.
იმავე განაჩენში მსჯავრდებულების _ ლ. ჭ-ის, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის ქმედება იმ ნაწილში, რომლის კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულების _ ლ. ჭ-ის, ს. ჭ-სა და ვ. კ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელები დარჩეს უცვლელად.