შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.03.2007
საქმის ნომერი
2კ-914აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹914აპ ქ. თბილისი

27 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განაჩენით ე. ა-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებითა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების დაუფლების მიზნით ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის 3 ოქტომბერს ე. ა-ლი დაუდგენელ ვინმე „ჰ-თან” ერთად მივიდა ქ. რუსთავში, ---ის მე-2 გასასვლელი, ¹--ში მცხოვრებ ა. ჩ-სთან, რომელსაც გაეცნო, როგორც ამ უკანასკნელის მოლდავეთში მცხოვრები ძმის მეგობარი და სთხოვა, ნება დაერთო მათთვის თავის ბინაში სტუმრობისა, რაზეც ა. ჩ-ვა დასთანხმდა. ამის შემდეგ ე. ა-ლი და „ჰ-ტი” 5 ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში. 5 ოქტომბერს კი, დაახლოებით 12.00 საათზე, ე. ა-ლი და „ჰ-ტი” წინასწარი შეთანხმებით, ა. ჩ-სათვის მოულოდნელად მას თავს დაესხნენ. „ჰ-ტი” სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით შეეცადა მის შებოჭვას, მაგრამ ა. ჩ-ამ მოახერხა მისგან თავის დაღწევა და დააპირა ბინიდან გაქცევა, მაგრამ შესასვლელში მდგარმა ე. ა-მა თავში ტაფის ჩარტყმით გააბრუა ის, შემდეგ კი ორივე ბოროტმოქმედმა წინასწარ მომარჯვებული წებოვანი ლენტის, ე.წ. „სკოჩის” გამოყენებით შეუკრა მას ხელ-ფეხი და აუხვია პირი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ამგვარი ძალადობის გამოყენებით ე. ა-მა თანამზრახველთან ერთად ა. ჩ-ას ბინიდან გაიტაცა სხვადასხვა დასახელების ნივთი, სულ _ 2 240 ლარის ღირებულების დიდი ოდენობის ქონება.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ე. ა-ლს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 5 თვისა და 3 დღის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით მისჯილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 6 თვე და 27 დღე და სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა დაზარალებულ ა. ჩ-ას სასარგებლოდ 2240 ლარის ანაზღაურება. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 16 დეკემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მა. მან ითხოვა ე. ა-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

---ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. კ-მა შესაგებლით ითხოვა ე. ა-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განაჩენი შეიცვალა: ე. ა-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე; ე. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 5 თვისა და 3 დღის ვადით, რასაც დაემატა სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის სასამართლოს განაჩენით მისჯილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 6 თვე და 27 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება დაზარალებულისათვის ზარალის ანაზღაურების თაობაზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი ი. ჯ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ემყარება კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას; საქმეში არ მოიპოვება ა. ჩ-ას მიერ ე. ა-ის ამოცნობის ოქმი; ამოცნობის ოქმი შედგენილია რუსულ ენაზე, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის დარღვევაა; დარღვეულია სსსკ-ის 347-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნაც და ფოტოსურათებით ამოცნობისას წარდგენილი იქნა სამი პიროვნების სურათი, რომელთაგან ერთი ქერაა, ხოლო ორი _ შავგვრემანი; ანალოგიური დარღვევებია მოწმე ლ. ლ-ას მიერ ე. ა-ის ამოცნობის ოქმშიც; ოქმებზე ხელმოწერა გაკეთებული აქვთ ერთი და იგივე დამსწრეებს, რაც 2000 წელს მოქმედი სსსკ-ის 106-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევაა; სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული დაზარალებულ ა. ჩ-ას ჩვენებიდან სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მისი ნაწილი, კერძოდ, ა. ჩ-ას განცხადება, რომ იგი დააყაჩაღა ვინმე „ე-მა”, რომელიც ნახა თბილისში 1999 წლის ნოემბრის თვეში; ამ დროს, კერძოდ, 1999 წლის 27 ოქტომბრიდან საქართველოში ექსტრადაციამდე, ე. ა-ლი იმყოფებოდა სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.ი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ა. ჩ-ვა დააყაჩაღა სულ სხვა პიროვნებამ და არა ე. ა-მა, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, ადვოკატის აზრით, იგი უნდა გაუქმდეს და ე. ა-ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულ ა. ჩ-ას ჩვენებით, მოწმე ლ. ლ-ას წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ე. ა-მა ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა.

პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე მოწმის შუამდგომლობითა და დაზარალებულის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო გამოქვეყნდა მათ მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, ასევე _ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი, რა დროსაც დამსწრეთა მონაწილეობით დაზარალებულმა ა. ჩ-ამ ამოიცნო ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახული ე. ა-ლი და განმარტა, რომ 1999 წლის 5 ოქტომბერს, ეს უკანასკნელი და სხვა პირი თავს დაესხნენ და გასტაცეს სხვადასხვა ნივთები (ს.ფ. 38-39).

საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, ე. ა-ლს ბრალი ედებოდა საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში (ყაჩაღობა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რაც მიმართულია სხვისი ქონების დიდი ოდენობით დაუფლებაზე). გ-ლი განაჩენით ე. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით.

პალატა აღნიშნავს, რომ საბრალდებო დასკვნიდანაც არ გამომდინარეობს, რომ ე. ა-სა და მის თანმხლებს ამოძრავებდათ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მიზანი. ამასთან დადგენილია, რომ თავდამსხმელებმა სულ გაიტაცეს 2 240 ლარის ღირებულების ნივთები. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთების ღირებულება 10 000 ლარის ზევით. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ე. ა-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის-სამართლებრივი დევნა.

ე. ა-ლი გასამართლებული იყო სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის განაჩენით სომხეთის რესპუბლიკის სსკ-ის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 99-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და 232-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ მათ შორის განზრახ მკვლელობისათვისაც და მიესაჯა 12 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით. გასაჩივრებული განაჩენით ე. ა-ლს სასჯელად დაენიშნა 7 წლით, 5 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 6 თვისა და 27 დღის ვადით და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2004 წლის 16 დეკემბრიდან _ ქ. თბილისის საპყრობილეში შესახლების დღიდან.

ვინაიდან ე. ა-ლი გასამართლებული იყო სომხეთის რესპუბილიკის სისხლის სამართლის კანონით და, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს გადმოეცა სისხლის-სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო, მის მიერ დანიშნული სასჯელისათვის დაემატებინა სომხეთის რესპუბლიკის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რადგან ეს განაჩენი არ ყოფილა შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან.

ამიტომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატების შესახებ და მისი მოხდის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 620-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ე. ა-ის მიმართ შეწყდეს სისხლის-სამართლებრივი დევნა.

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სომხეთის რესპულიკის ლორის ოლქის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატების შესახებ. მისი მოხდის საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 620-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.