განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1239აპ ქ. თბილისი
11 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, რ. ნადირიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. გ-ვს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და რაც გამოიხატა შემდეგში:
2000 წლის ოქტომბერში თურქეთის მოქალაქე ჰ. დ-ას სურდა საქონლის ტყავის შესყიდვა და ამ მიზნით ჩამოსული იყო საქართველოში, კერძოდ, სოფელ ---ში მცხოვრებ ა. ი-თან. ა. ი-სა და მისი ძმის _ ი. ი-ის მეშვეობით მან სოფელ ---ში ა. გ-სა და მის ძმასთან _ ბ. გ-თან 2000 წლის 4 ოქტომბერს აწონა ბ. გ-ის მიერ დამზადებული 10 ტონა ტყავი, რომლის საფასური _ 9 ათასი აშშ დოლარი ა. ი-მა გადასცა ა. გ-ვს, რომელმაც მას აღარ მისცა აღნიშნული ტყავი იმ მოტივით, რომ ა. ი-ის ძმას _ ი. ი-ვს ჰქონდა მისი ვალი 5 ათასი აშშ დოლარი, რასაც უარყოფდა ი. ი-ვი. 4 ათასი აშშ დოლარი ა. გ-მა დაუბრუნა ა. ი-ვს 9 ოქტომბერს, ხოლო 5 ათასი აშშ დოლარი დღემდე არ არის ანაზღაურებული.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის განაჩენით ა. გ-ვი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულ ა. ი-ის ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და ხ. კ-ამ, ასევე _ მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურორის ---მ _ ფ. მ-ემ.
დაზარალებულის ადვოკატებმა ითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, სსსკ-ის 426-ე მუხლის „ვ” პუნქტის თანახმად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა _ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ა. გ-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა ა. ი-მა და მისმა ადვოკატმა ზ. რ-მა, ასევე _ პროკურორმა თ. ო-მა.
კასატორებმა ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩატარებლად.
საქმის საკასაციო წესით განხილვისას კასატორებმა დააზუსტეს საკასაციო საჩივრების მოთხოვნები, კერძოდ, პროკურორმა ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის მიზნით, ხოლო დაზარალებულმა და მისმა ადვოკატმა _ განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის საქმის დაბრუნება რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ა. გ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და განესაზღვრა ჯარიმა 120 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე დაზარალებულ ა. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღისათვის მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ოფიციალური კურსის მიხედვით.
კასატორი _ მსჯავრდებული ა. გ-ვი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 31 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა; მან ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, კერძოდ, როდესაც მას დაურეკა ნ. ი-მა ტყავის შესაძენად, მას უთხრა, რომ ტყავს იმ შემთხვევაში აყიდვინებდა, თუ დაუბრუნებდა წლების მანძილზე არსებულ ვალს _ 5 ათას აშშ დოლარს; მოლაპარაკებისამებრ, ა. გ-მა მიცემული 9 ათასი აშშ დოლარიდან აიღო ვალი _ 5 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, რადგან დარჩენილი თანხა არ იყო საკმარისი ტყავის შესაძენად, ამიტომ ეს ტყავი მანქანიდან უკან დააცლევინა, დარჩენილი 4 ათასი აშშ დოლარი კი ოფიციალურად უკან დააბრუნა კასპის პროკურატურაში მოწმეთა თანდასწრებით; თანხა ხელწერილით გადასცა ა. ი-ვს, რასაც, ბუნებრივია, დაზარალებული უარყოფს, რადგან შედეგითაა დაინტერესებული; გასაჩივრებულ განაჩენს მოსამართლემ საფუძვლად დაუდო დაზარალებულისა და არაობიექტური მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს; სასამართლომ არ გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ა. გ-ის უდანაშაულობას და იმ ფაქტს, რომ მასა და ნ. ი-ვს შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, ზეპირი გარიგება ნასყიდობის შესახებ, რაც საქმეში არსებული სამოქალაქო საქმის მასალებითაც ჩანს; მოწმე ჯ. ი-მა აჩვენა, რომ ტყავს ყიდულობდა ნ. ი-ვი და ვალსაც მის საფასურთან ერთად გადაიხდიდა; ვალის არსებობა დაადასტურა მოწმე ი. შ-მაც; სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს ჩვენებები და მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავ ვარაუდებზე დააფუძნა განაჩენი, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-10 და 132-ე მუხლების მოთხოვნები; სასამართლოს არ გამოუვლენია ახალი გარემოებები, რაც გახდებოდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის განაჩენის გაუქმების საფუძველი; სასამართლომ დაარღვია ასევე სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა, რითიც შეილახა მისი კანონიერი უფლებები და დადგინდა უსაფუძვლო გამამტყუნებელი განაჩენი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა. გ-ვი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, სსსკ-ის 504-ე, 561-ე მუხლების გათვალისწინებით.
დაზარალებული ა. ი-ვი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ საჩივრის მოთხოვნა _ გამამართლებელი განაჩენის დადგენა _ ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რადგან საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, მას უფლება აქვს, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში დაზარალებულმა ა. ი-მა განმარტა, რომ თურქ ბიზნესმენს შეუთანხმდა ტყავის შეძენის შესახებ, მაგრამ ვინაიდან თვითონ არ ჰქონდა საკმარისი ოდენობის, თავისმა ძმამ _ ნ. ი-მა მიასწავლა და მივიდნენ ა. გ-თან. მათ დატვირთეს ავტომანქანა, ა. ი-მა პირადად გადასცა ა, გ-ვს 9 000 აშშ დოლარი და შეავსეს შესყიდვის აქტი, რასაც ა. გ-მა ხელი არ მოაწერა და ა. ი-ვს უთხრა, რომ ტყავს არ გაატანდა. ა. გ-ის მითითებით ტყავი ჩამოტვირთეს ავტომანქანიდან, რის გამოც ა. ი-მა მიმართა პოლიციას. ერთ კვირაში ა. გ-მა დაუბრუნა 4000 აშშ დოლარი, ხოლო 5000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ა. ი-ის ძმას მისი ვალი ჰქონდა. როდესაც დაზარალებულმა თავის ძმას ჰკითხა ვალის შესახებ, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ა. გ-ის ვალი არ მართებდა (ტ. 1, ს.ფ. 335-336; ტ. 3, ს.ფ. 188-191).
სააპელაციო სასამართლოში ი. ი-მა განმარტა, რომ თურქი ბიზნესმენი მის ძმასთან _ ა. ი-თან მივიდა. ა. გ-ვი მას დაუკავშირდა, უთხრა, რომ ტყავი ჰქონდა გასაყიდი და შესთავაზა, ეყიდა. ი. ი-მა ამის შესახებ თავის ძმას უთხრა. დაზარალებული მივიდა ა. გ-თან და შეთანხმდნენ ტყავის საფასურზე _ 9 000 აშშ დოლარზე. მოგვიანებით შეიტყო, რომ ა. ი-ვს საქონელი არ გაატანეს. ი. ი-მა ასევე მიუთითა, რომ ა. გ-ის ვალი არ ჰქონია (ტ. 3, ს.ფ. 197-198).
სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უმთავრესი იყო იმის დადგენა, თუ ვინ იყო საქონლის გამყიდველი და მყიდველი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ. მ-მა მიუთითა, რომ მისი თანდასწრებით დაზარალებულმა ა. გ-საგან 9 000 აშშ დოლარად შეიძინა ტყავი (ტ. 3, ს.ფ. 28).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ტყავის გამყიდველი იყო ა. გ-ვი, ხოლო მყიდველი _ ა. ი-ვი.
აღნიშნული დასტურდება ა. გ-ის ნათესავის _ ჯ. ი-ის ჩვენებითაც, რომელმაც სააპელაციო პალატის სხდომაზე განმარტა, რომ ა. ი-მა მსჯავრდებულისაგან 9 000 აშშ დოლარის ღირებულების ტყავის შეიძინა. იმ დღესვე დაზარალებულმა დაურეკა და უთხრა, რომ ა. გ-ვი საქონელს არ ატანდა (ტ. 3, ს.ფ. 204-205).
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა მასალებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უდავოდ დადგენილია, რომ ა. გ-მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული.
ამასთან, მსჯავრდებულ ა. გ-ვს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულ ა. ი-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, კერძოდ:
საქმის წინასწარი გამოძიებისას დაზარალებული ა. ი-ვი ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ (ტ. 1, ს.ფ. 192). ამის მიუხედავად, ა. გ-ვი სამოქალაქო მოპასუხედ არ ცნობილა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს ისე დააკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. გ-სათვის დაზარალებულ ა. ი-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულ ა. ი-ვს წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გარდა ამისა, ა. გ-ვი საქმის წინასწარი გამოძიებისას დააკავეს 2001 წლის 30 აპრილს (ტ. 1, ს.ფ. 85). იმავე წლის 19 ივლისს, კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით გაუქმდა ა. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა და მას შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა. ბრალდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან (ტ. 1, ს.ფ. 186-187).
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იმყოფებოდა, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს როგორც ა. გ-სათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის _ ჯარიმის ოდენობას, ასევე ამ უკანასკნელის პატიმრობაში ყოფნის ვადას და მიიჩნევს, რომ ა. გ-ვი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს ა. გ-სათვის დაზარალებულ ა. ი-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა. გ-ვი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.