განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 12.06.2007
საქმის ნომერი
2კ-1257აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1257აპ ქ. თბილისი

12 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ფ-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის; მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ფ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1994 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 471-ე მუხლის შესაბამისად, გადაევადა 2 წლით. მას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 28 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენის აღსრულება გადაევადა 2 წლით. გ. ფ-ძე 2000 წლის 13 ივლისს კვლავ გაასამართლა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ და საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 153-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (1960 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

გ. ფ-ძე, გათავისუფლდა რა 2004 წლის ივლისში სასჯელის მოხდისაგან, არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. კერძოდ, 2004 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, მან შეიტყო, რომ ბათუმში, ---ის ქ. ¹59-ში მცხოვრებ ა. ე-ას სურდა თავისი კუთვნილი „გაზ-24” მარკის ავტომანქანის გაყიდვა. გ. ფ-ემ გადაწყვიტა, მოტყუებით, თაღლითობის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა აღნიშნულ ავტომანქანას. ამ მიზნით ის მივიდა ა. ე-სთან და გამოთქვა მისი ავტომანქანის შეძენის სურვილი. დაზარალებულთან მოლაპარაკების შედეგად, გ. ფ-სათვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანის გასაყიდი ღირებულება შეადგენდა 700 აშშ დოლარს. ამის შემდეგ მან ისარგებლა ა. ე-ას ნდობით, მოატყუა იგი, თითქოსდა ტექნიკური შემოწმების საბაბით, ავტომანქანა წაიყვანა სახელოსნოში და დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, რითიც დაზარალებულს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში გ. ფ-ემ, დაინტერესებულ პირთა ჩარევის შემდეგ, ა. ე-ას მიუყვანა მისი კუთვნილი „გაზ-24” მარკის ავტომანქანა. რადგანაც გ. ფ-ემ ა. ე-ას ნდობა გამოიყენა ბოროტად და იგი მოატყუა, ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა ავტომანქანის გაყიდვაზე. როდესაც აღნიშნულის თაობაზე შეიტყო გ. ფ-ემ, გადაწყვიტა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ავტომანქანას, ჩაჯდა მასში და ა. ე-ას აშკარად გასტაცა იგი, რის შემდეგაც მან ეს მანქანა გაასხვისა დაუდგენელ ვითარებაში, რითიც დაზარალებულს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. ფ-ძე ჩავიდა და იმალებოდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ---ში, მეუღლის მშობლების ოჯახში. ლანჩხუთის რაიონში ყოფნისას მან კვლავ გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა. 2005 წლის 28 მაისს, დღის საათებში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ---ში ფეხით სიარულის დროს გ. ფ-ემ შეამჩნია, რომ მისთვის უცნობი მოქალაქის _ რ. გ-ას საცხოვრებელი ბინის ეზოს ჭიშკარს ედო ბოქლომი. ის მიხვდა, რომ პატრონი არ იმყოფებოდა სახლში და გადაწყვიტა, საცხოვრებელ ბინაში შეღწევის გზით ჩაედინა ქურდობა. გ. ფ-ძე დაელოდა დაღამებას. როდესაც დაბნელდა, გადახტა ჭიშკარზე, ჩავიდა რ. გ-ას ეზოში, მივიდა საცხოვრებელ ბინასთან, ფანჯრიდან ამოიღო მინა და უკანონოდ შეაღწია პირველ სართულზე მდებარე სათავს ოთახში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთს. შემდეგ შევიდა მისაღებ ოთახში, სადაც ასევე ფარულად დაეუფლა რ. გ-ას კუთვნილ ნივთებს, რომლებიც გადაიტანა ქობულეთში და რეალიზაცია გაუკეთა. აღნიშნული ქმედებით გ. ფ-ემ რ. გ-ას სულ მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2005 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ---ში, საავტომობილო გზაზე ფეხით სიარულისას გ. ფ-ემ შეამჩნია, რომ მისთვის უცნობ გ. კ-ას ბინის ჭიშკარს ედო ბოქლომი, მიხვდა, რომ სახლის პატრონი არ იმყოფებოდა ოჯახში და გადაწყვიტა, საცხოვრებელ ბინაში შეღწევის გზით ჩაედინა ქურდობა. ამ მიზნით იგი გადახტა ღობეზე, ჩავიდა ეზოში, მივიდა გ. კ-ას საცხოვრებელ ბინასთან, ფანჯრიდან ამოიღო მინა, ფარულად შეაღწია პირველ სართულზე მდებარე ოთახში და სპეციალურად მომარჯვებული ქანჩის გამოყენებით მაცივარს მოხსნა ელექტროძრავა, რაც მოათავსა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და წაიღო. გ. ფ-ძე ჩავიდა ქ. ლანჩხუთში, რათა მატარებლით წასულიყო სოფელ ---ში, მაგრამ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება ცნობილი გახდა ლანჩხუთის შს რაიგანყოფილებისათვის და იგი დააკავეს ლანჩხუთის ---ის სადგურის მახლობლად. დაკავებისას მას თან ჰქონდა გ. კ-ას ბინის გაქურდვის შედეგად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ---ის ელექტროძრავა.

აღნიშნული ქმედებისათვის გ. ფ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით _ 8 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, გ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 14 ივნისიდან; მასვე დაზარალებულ ესვანჯიას სასარგებლოდ დაეკისრა 1400 ლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ფ-ემ, რომელმაც ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი შეიცვალა: გ. ფ-ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად; მას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით კი _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაზარალებულ ლ. ე-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1400 ლარის გადახდა.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. ფ-ძე საკასაციო საჩივარში სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნავს, რომ ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის მარჩენალი, რის გამოც ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ", ,,დ" ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების, ე.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის) გათვალისწინებულ ქმედებას, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენდა, მოიცავს დღეს მოქმედი სსკ-ის რედაქციის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი და სასჯელად განსაზღვრავს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ამ დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.

მსჯავრდებულის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განიხილა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 680-ე მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად განეხილა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილი საჩივრები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

ამის გამო საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საჩივარში მითითებულ მოტივებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოება და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ. ფ-ის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განაჩენი გ. ფ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.