განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 24.07.2007
საქმის ნომერი
2კ-119აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹119აპ ქ. თბილისი

24 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით გ. ფ-ეს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ფ-ემ განიზრახა, ყაჩაღური თავდასხმით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ბაღდათის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ზ. ხ-ის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა დაუდგენელ ხუთ პირს, რის შემდეგაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2005 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და პისტოლეტებით შეიარაღებულები, სახეზე ნიღაბაფარებულები, გ. ფ-ძე და მისი თანამზრახველები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ. ხ-ის ოჯახს, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის დედა _ ე. ხ-ძე და დეიდა _ ნ. ჭ-ძე. თავდამსხმელებმა ოჯახიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით გაიტაცეს ოქროულობა და სხვადასხვა დასახელების ნივთი, რითიც დაზარალებულის ოჯახს სულ მიაყენეს 720 ევროს, 50 აშშ დოლარისა და 8 015 ლარის ზიანი.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით გ. ფ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; მას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით) განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 3 დეკემბრიდან; მასვე დაზარალებულების _ ზ. ხ-ის, ე. ხ-ის, ვ. ხ-სა და ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8015 ლარის, 720 ევროსა და 50 აშშ დოლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ფ-ემ და ითხოვა გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ბაღდათის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ფ-ის მიმართ.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. ფ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, უკანონოა, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან, რის გამოც უნდა გაუქმდეს და დადგეს გამამართლებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ფ-ძე 2005 წლის 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა სახლში, 28 ნოემბერს, დაახლოებით 22-23 საათამდე, იყო მეზობლად, კოხრეიძეების ოჯახში; ის მეგობრებთან ერთად დააკავეს 2005 წლის 2 დეკემბერს, როგორც ეჭვმიტანილები ავტობუსის დაყაჩაღებაში; პოლიციელის კაბინეტში ყოფნისას იქ შეიყვანეს ეთერ ხუსკივაძე, რომელსაც დაანახეს გ. ფ-ძე და ამოაცნობინეს; იქვე მაგიდაზე რამდენჯერმე დაადებინეს მას ხელის თითები; იმის გამო, რომ 2005 წლის 2 დეკემბრიდან პოლიციელებს იგი ჰყავდათ უკანონო პატიმრობაში, რადგან არანაირი ყაჩაღობა არ ჩაუდენია, ამიტომ დანაშაულის გასახსნელად ხელოვნურად შეკრიბეს მის წინააღმდეგ ყალბი მტკიცებულებები.

კასატორის აზრით, 2005 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე თითქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებულია პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევებით; საქმის მასალებიდან არ ჩანს, რა მონაცემების საფუძველზე დააკავეს გ. ფ-ძე ბაღდათში ჩადენილი ყაჩაღობისათვის; ასეთი მონაცემები რომც არსებობდეს, ისინი, როგორც მტკიცებულებები, უნდა დამაგრებული იყოს პროცესუალური წესით _ რაიმე ფორმით მაინც, რაც არ გაკეთებულა; წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება განხორციელდეს 2 საათის განმავლობაში დაახლოებით 40 კილომეტრით ერთმანეთისაგან დაცილებულ შს რაიგანყოფილებებში (ბაღდათისა და წყალტუბოს) ოფიციალურად დარეგისტრირებული წერილების გაცვლა, ოპერატიული და საგამოძიებო ჯგუფების ორგანიზება, დაზარალებულის გაფრთხილება, მომზადება და წყალტუბოს შს სამმართველოში ერთობლივი გამოცხადება; ყოველივე ეს შეგნებულად განხორციელდა, წერილები მოგვიანებით შედგა და ჩაიდო საქმეში; გამოძიებას უნდა უზრუნველეყო მისი, როგორც ეჭვმიტანილის, რეალური დაცვა; ამოსაცნობად წარდგენამდე უნდა დაკითხულიყო როგორც თვითონ, ისე _ დაზარალებული, თავდამსხმელის პიროვნული და ფიზიკური მაჩვენებლების დაკონკრეტების მიზნით; 2005 წლის 3 დეკემბერს გ. ფ-ძე არავის გაუთავისუფლებია, მოხდა მისი ე.წ. „გადაბარება” წყალტუბოს შს განყოფილებიდან ბაღდათის შს განყოფილებისათვის; საეჭვოა თითის კვლების აღებისა და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული 3 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო პროცედურები; ნიმუშის აღების ოქმებში გადასწორებულია თარიღი; ექსპერტმა ჟ-მა თითის კვლები აიღო შესაბამისი განყოფილების უფროსის ოფიციალური დავალების გარეშე; ასევე ოფიციალური დავალების გარეშე ჩაატარა ექსპერტიზა ---მა გ-ამ; საეჭვოა, როგორ მოხდა მსჯავრდებულის თითის კვლების ნიმუშების აღება, მათი დართვა საქმეზე ნივთმტკიცებად, შესაბამისი დადგენილების გამოტანა, ექსპერტიზის ჩატარება, დასკვნის შედგენა და მისი დაბეჭდვა 13.30 საათიდან სამუშაო საათების პერიოდში.

კასატორის განცხადებით, დაზარალებულ ზ. ხ-სათვის სხეულის დაზიანების მიყენების მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოყვანა დაუსაბუთებელი და ხელოვნურია; ე. ხ-ძე დაზარალებულად დაიკითხა შემთხვევის დღეს, ღამის საათებში; მან აღწერა 5 (და არა _ 6) თავდამსხმელი, რომლებიც საუბრობდნენ იმერულ-ბაღდათური კილოკავით, იყვნენ 25-30 წლისანი და ერთ-ერთს მიმართავდნენ სახელით „ჟორა”; ე. ხ-ის აღწერილობის მიხედვით, გ. ფ-ძე უნდა იყოს 160-165 სმ სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, უულვაშო, წაბლისფერი თმითა და მრგვალი პირისახით, იმერულ-ბაღდათურ კილოკავზე მოსაუბრე და უკონდახო ავტომატით; მსჯავრდებული კი არის 176 სმ სიმაღლის, ჩალისფერი თმით, შინაურები ეძახიან „გ-ას”, საუბრობს იმერულ-წყალტუბური კილოკავით და მისი ბინის ჩხრეკისას ავტომატი არ ამოუღიათ; აღსანიშნავია, რომ ე. ხ-ის ეს ჩვენება ეწინააღმდეგება იმავე ღამით დაკითხულ ნ. ჭ-ის ჩვენებას, რომელიც აღწერს 6 თავდამსხმელს და მისი ჩვენებით, სწორედ მას _ გ. ფ-ეს უნდა მიეღო მისგან ძალადობით 500 ლარი, თუმცა ე. ხ-ის ჩვენებით, ყაჩაღობის მთელ პროცესში გ. ფ-ძე სამხედროფორმიან თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა ე. ხ-სთან; რაც შეეხება ამოცნობას, მის ჩატარებამდე ე. ხ-ეს გ. ფ-ძე დაანახეს გაზდელიანის კაბინეტში; ამოცნობის ოქმის მიხედვით, ე. ხ-ეს გ. ფ-სთან ერთად წარუდგინეს სამი პირი, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ მის ასაკთან, თმის ფერსა და ე. ხ-ის მიერ მითითებულ „გ. ფ-ის” სიმაღლესთან; დაზარალებული ე. ხ-ძე ფსიქოლოგიურად დამუშავებული და დაშინებულია გამოძიების მიერ და იძლევა შეგნებულად ცრუ ჩვენებებს მის საწინააღმდეგოდ; ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ ხუსკივაძეების ოჯახიდან 2005 წლის 28 ნოემბერს აღებული თითის კვლები დაზარალებულების თითების კვლებთან ერთად დროულად არ გაგზავნილა ექსპერტიზაზე იდენტიფიკაციისათვის, ხოლო გ. ფ-ის თითის კვალი აიღეს წყალტუბოს შს სამმართველოში „პოლირებული” მაგიდიდან; სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ იზიარებს დაზარალებულებისა და მოწმეებად დაკითხული პოლიციელების ჩვენებებს და არ იზიარებს მსჯავრდებულის ალიბის მოწმეების ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ფ-ძე დანაშაულის ჩადენის დღეს იმყოფებოდა სოფელ ---ში; ეს თუ ასეა, მაშინ სასამართლოს უნდა ემსჯელა ალიბის მოწმეთა პასუხისმგებლობაზე ცრუ ჩვენებების მიცემისათვის; ამასთან, ეს მოწმეები დაიკითხნენ გ. ფ-ის ეჭვმიტანილად დაკითხვისთანავე და მას არავითარი საშუალება მათთან კონტაქტისა ალიბის შესაქმნელად არ ჰქონდა; წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს არ დაუდგენიათ დანაშაულის წინა პერიოდში გ. ფ-ის ბაღდათში ყოფნის ან იქ მცხოვრებ პირებთან ურთიერთობის არც ერთი ფაქტი; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა ზერელედ, ფორმალურად, დაცვის მხარის არგუმენტებისა და პოზიციების აბსულუტური იგნორირებით; პალატამ შეგნებულად არ განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატების დამატებითი სააპელაციო საჩივარი, ვითომდა განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადის გასვლის გამო; თვით სასამართლო უნდა ყოფილიყო დაინტერესებული დაზარალებულთა პოზიციით, მაგრამ პროკურატურამ ყველა ღონე იხმარა, რათა ისინი პროცესს არ დასწრებოდნენ, რაზეც სასამართლოს რეაგირება არ მოუხდენია; პალატამ შეგნებულად აუარა გვერდი ადვოკატ ფ-ას მიერ წარდგენილ მასალებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ. ფ-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას ან საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. ფ-ემ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ე. ხ-ემ დაადასტურა, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა გ. ფ-ძე. ეს უკანასკნელი დაზარალებულმა დამაჯერებლად ამხილა და მიუთითა, რომ ამოიცნო საქმის წინასწარი გამოძიების დროსაც (ს.ფ. 293-297).

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის თითის კვლები დატოვებულია გ. ფ-ის მარჯვენა ხელის უსახელო და საჩვენებელი თითებით (ს.ფ. 123-129).

გარდა აღნიშნულისა, გ. ფ-ის ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულების _ ზ. ხ-ის, ვ. ხ-ის და ნ. ჭ-ის, ექსპერტ დ. გ-ას და სხვათა ჩვენებებით, ასევე _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. გ. ფ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, მას განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, მსჯავრდებულს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულების _ ზ. ხ-ის, ე. ხ-ის, ვ. ხ-ის და ნ. ჭ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არც ხსენებული დაზარალებულები და არც მსჯავრდებული, შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელეებად და მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს ზემოაღნიშნული დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. ფ-სათვის დაზარალებულების _ ზ. ხ-ის, ე. ხ-ის, ვ. ხ-ის და ნ. ჭ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას ხსენებულ დაზარალებულებს, წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამასთან, გ. ფ-ეს საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით უნდა დაენიშნოს მხოლოდ ერთი სასჯელი, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელთა შთანთქმის შესახებ.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს გ. ფ-სათვის დაზარალებულების _ ზ. ხ-ის, ე. ხ-ის, ვ. ხ-სა და ნ. ჭ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში;

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელთა შთანთქმის შესახებ;

გ. ფ-ეს საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.