შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
412აპ ქ. თბილისი
6 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის, მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-სა და მსჯავრდებულ უ. ძ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით:
გ. ბ-ლი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
გ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით საბოლოოდ გ. ბ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
უ. ძ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით საბოლოოდ უ. ძ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო მოსარჩელეების _ ზ. ღ-ის, თ. ქ-სა და მ. კ-ს სარჩელები დაკმაყოფილდა. გ. ბ-სა და უ. ძ-ლს გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2940 ლარის სოლიდარულად გადახდა, ხოლო გ. ბ-ლს გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2508 ლარის გადახდა; გ. ბ-ლს თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1305 ლარის გადახდა; გ. ბ-სა და უ. ძ-ლს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 4710 ლარის სოლიდარულად გადახდა. სამოქალაქო სარჩელი დანარჩენ ნაწილში დარჩა ღიად წარმოუდგენლობის გამო.
განაჩენით მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 18 მაისს გ. ბ-ლი სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში, მე-- მ/რაიონის ¹24/--ში მცხოვრებ ნ. დ-სთან და მ. ბ-თან, რა დროსაც განიზრახა ფარულად დაუფლებოდა მობილური ტელეფონის აპარატსა და ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან მ. ბ-ვს სთხოვა, ესესხებინა 100 აშშ დოლარი და ეთხოვებინა მობილური ტელეფონი დასარეკად. მ. ბ-ვი გავიდა მეზობელთან, რათა იქ მყოფი დ-სათვის გადაეცა მისი თხოვნა. გ. ბ-მა ისარგებლა იმ მდგომარეობით, რომ ბინაში მარტო დარჩა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ. დ-ას კუთვნილ „სიმენს-ც45“ მარკის 135 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის აპარატსა და ფულს _ 200 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულ ნ. დ-ას მიაყენა 500 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 23 ივლისს, 17.30 საათზე, გ. ბ-მა დ. უ. ძ-მა შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების მიზნით, ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს „ვაზ-21-07“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მისი მფლობელი ზ. ჭ-ლი და მოსთხოვეს ვარკეთილის დასახლებაში ე.წ. „---ს“ სასაფლაოსთან მიყვანა. გ. ბ-ლი დაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელში, ხოლო მძღოლის გვერდით მოთავსდა უ. ძ-ლი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლისას, გ. ბ-ლი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, ხოლო უ. ძ-ლი დანის მუქარით თავს დაესხნენ მძღოლს, რომელსაც გასტაცეს 25 ლარი, 300 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი „სამსუნგი-500“ და 3200 ლარის ღირებულების „ვაზ-21-07“ მარკის ავტომანქანა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ავტომანქანას არ ჰქონდა გაზის ბალონები, იგი მიატოვეს ვარკეთილის ---ის ტერიტორიაზე, რითაც ზ. ჭ-ლს მიაყენეს 3525 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 13.00 საათზე, გ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერა „ოპელ-ომეგას“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ს. შ-ნი და სთხოვეს მას გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ ვარკეთილის დასახლების მიმართულებით წაყვანა. სოფელ ---ის ტერიტორიაზე მძღოლს გააჩერებინეს ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნისა და დანის გამოყენების მუქარით აიძულეს, გადასულიყო მძღოლის გვერდით მდებარე სავარძელზე, რის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანით წავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, სადაც გააჩერეს ავტომანქანა, დაზარალებულ ს. შ-ნს შეუკრეს ხელ-ფეხი და ამ გზით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი, 5 000 ლარად ღირებული „ოპელ-ომეგას“ მარკის ავტომანქანა, და ავტომანქანის ძრავას მკვებავი რუსული წარმოების აირბალონი თავისი მოწყობილობით, საერთო ღირებულებით 890 ლარი, აგრეთვე 60 ლარი, რითაც ს. შ-ნს მიაყენეს 5950 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 16 საათზე, გ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, ---ის მოედანთან, გააჩერა „ფორდ-სიერას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მისი მფლობელი გ. ყ-ლი. მას შესთავაზეს ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში წაყვანა. გამოძიებით დაუდგენელი პირი დაჯდა მძღოლის გვერდით წინ, ხოლო გ. ბ-ლი _ უკანა სავარძელში. როდესაც მივიდნენ ვარკეთილის დასახლებაში ე.წ. „---ს“ სასაფლაოსთან, გ. ბ-ლი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, ხოლო გამოძიებით დაუდგენელი პირი დანით ხელში თავს დაესხნენ მძღოლს _ გ. ყ-ლს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 30 ლარი, გადმოსვეს იგი მანქანიდან და გაიტაცეს 3700 ლარად ღირებული ავტომანქანა, საიდანაც მოხსნეს 70 ლარად ღირებული „აკუმულატორი“, რის შემდეგ იგი მიატოვეს ქ. თბილისში, ვარკეთილის მასივის მე-- მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რითაც გ. ყ-ლს მიაყენეს 3730 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 15 აგვისტოს, გ. ბ-მა არასრულწლოვანი პირის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმით, ამ უკანასკნელთან ერთად, დაახლოებით 19 საათზე, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე გააჩერეს, შპს „---ის“ კუთვნილი ავტომანქანა „მერკურ-ტრეისერი“,რომელსაც მართავდა მძღოლი დ. მ-ლი და მოსთხოვეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ---ში წაყვანა. როდესაც მივიდნენ სოფლის მახლობლად, გ. ბ-ლი და არასრულწლოვანი პირი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის და დანის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მძღოლ დ. მ-ლს, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გადასვეს ავტომანქანის უკანა სავარძელში, საჭესთან დაჯდა გ. ბ-ლი, ხოლო არასრულწლოვანი, დანით ხელში მეთვალყურებოდა დ. მ-ლს. როდესაც გასცდნენ სოფელ ---ს, მ-ლს გასტაცეს 50 ლარი, ჩამოსვეს ავტომანქანიდან და გაიტაცეს 9376 ლარად ღირებული ავტომანქანა, რომელსაც მოხსნეს 2508 ლარად ღირებული ძრავას მკვებავი აირის მოწყობილობა თავისი რედუქტორით, მანქანა კი მიატოვეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე, რითაც მ-ლს მიაყენეს 50 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო შპს „---ს“ _ 9376 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 20.00 საათზე, გ. ბ-მა, არასრულწლოვანს ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით, ამ უკანასკნელთან ერთად, ქ. თბილისში, ---ს გამზირზე, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერა ავტომანქანა „ფორდ-სიერა“, რომელსაც მართავდა მისი მფლობელი ლ. ც-ძე. მას სთხოვეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ---ში წაყვანა. მძღოლის გვერდით მოთავსდა არასრულწლოვანი, ხოლო უკანა სავარძელში _ გ. ბ-ლი. მოძრაობის დროს, გ. ბ-ლი, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, ხოლო არასრულწლოვანი დანით ხელში, თავს დაესხნენ მძღოლ ლ. ც-ეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 31 ლარი და გადასვეს უკანა სავარძელში. საჭესთან დაჯდა გ. ბ-ლი და გააგრძელეს მოძრაობა. სოფელ ---ის გავლის შემდეგ, შეაჩერეს ავტომანქანა, საიდანაც მოხსნეს 1000 ლარად ღირებული ძრავას მკვებავი აირის აპარატურა, გაიტაცეს 80 ლარად ღირებული „სიმენსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც ლ. ც-ეს მიაყენეს 1111 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 15.30 საათზე, გ. ბ-მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, ---ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერა „ოპელ-ომეგას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი გ. ზ-ლი და სთხოვეს გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ სოფელ ---ის მიმართულებით წაყვანა. ხსენებულ ტერიტორიაზე მისვლისას, გ. ბ-მა და დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნისა და დანის გამოყენების მუქარით, გ. ზ-ლი აიძულეს, გადასულიყო უკანა სავარძელზე, რის შემდეგ წავიდნენ ავტომანქანით გარდაბნის რაიონის სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, სადაც გააჩერეს ავტომანქანა, დაზარალებულ გ. ზ-ლს შეუკრეს ხელ-ფეხი და ამ გზით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ მოხსნეს და გაიტაცეს ამ უკანასკნელის კუთვნილი, იტალიური წარმოების 600 ლარად ღირებული ძრავას მკვებავი აირბალონი და 30 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 630 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 18 საათზე, გ. ბ-მა, არასრულწლოვან პირთან ერთად, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, გააჩერეს შპს „---ის“ კუთვნილი „ვაზ-2431“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი მ. გ-ლი. მას სთხოვეს ---ის ტბის მახლობლად სოფელში წაყვანა, რაზედაც მძღოლი დასთანხმდა, წინ დაჯდა გ. ბ-ლი, ხოლო უკანა სავარძელში არასრულწლოვანი პირი. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ---ის მიმართულებით მოძრაობისას მის გვერდით მჯდომმა გ. ბ-მა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, ხოლო უკანა სავარძელში მჯდომმა დანა და თავს დაესხნენ მ. გ-ლს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 22 ლარი და გადმოსვეს მანქანიდან. საჭესთან დაჯდა გ. ბ-ლი და გაიტაცეს შპს „---ის“ კუთვნილი 11775. 65 ლარად ღირებული ავტომანქანა, რომელსაც თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ---ას მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხსნეს 436.05 ლარად ღირებული რაცია, 200 ლარად ღირებული 5 საბურავი, 40 ლარად ღირებული აკუმულატორი, 1339.6 ლარად ღირებული ძრავას მკვებავი აირბალონი, სულ 2015.65 ლარად ღირებული ნაწილები, რითაც მ. გ-ლს მიაყენეს 22 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო შპს „---ს” _ 11775.65 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის პირველ სექტემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე, გ. ბ-მა და უ. ძ-მა, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, გააჩერეს ავტომანქანა ვაზ 31-05 რომელსაც მართავდა ზ. გ-ვი და სთხოვეს გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ სოფელ ---ის მიმართულებით წაყვანა. გარდაბნის რაიონის სოფელ ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლს გააჩერებინეს ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენების მუქარით აიძულეს იგი გადასულიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, სამგზავრო უსაფრთხოების ღვედით შეუკრეს ხელ-ფეხი, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ გაიტაცეს ზ. გ-ის კუთვნილი 24 ლარი, 1150 ლარად ღირებული ავტომანქანის ძრავას მკვებავი აირბალონი, თავისი მოწყობილობით და 300 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი „სამსუნგი ც-500“, რითაც ზ. გ-ვს მიაყენეს 1474 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. თბილისში, ---ის დასახლების ტერიტორიაზე, გ. ბ-მა და უ. ძ-მა დაიქირავეს შპს „---ის“ კუთვნილი ავტომანქანა ვაზ 3110 რომელსაც მართავდა მძღოლი ე. ა-ნი. იგი მიიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნისა და დანის გამოყენების მუქარით აიძულეს მძღოლი, გადასულიყო უკანა სავარძელზე, შემდეგ ავტომანქანით წავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, სადაც ე. ა-ნს შეუკრეს ხელ-ფეხი უსაფრთხოების ღვედით და ამ გზით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ამ უკანასკნელის კუთვნილი 100 ლარად ღირებული „სიმენსის“ მარკის მობილური ტელეფონი, 1100 ლარად ღირებული ავტომანქანის ძრავას მკვებავი აირბალონი, 180 ლარად ღირებული რედუქტორი, 150 ლარად ღირებული ორი საბურავი, 65 ლარად ღირებული აკუმულატორი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1645 ლარის მატერიალური ზიანი. მეორე დღეს ავტომანქანა გაძარცულ მდგომარეობაში იქნა ნანახი ზემოაღნიშნულ ადგილზე.
2005 წლის 8 ოქტომბერს გ. ბ-მა და უ. ძ-მა დაიქირავეს შპს „---ის“ კუთვნილი „მერკურ ტრეისერის“ მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა მძღოლი თ. ბ-ძე. იგი მიიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის და დანის გამოყენების მუქარით, აიძულეს გადასულიყო ავტომანქანიდან, უსაფრთხოების ღვედებით შეუკრეს ხელ-ფეხი და ამ გზით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2170.90 ლარად ღირებულ ავტომანქანის ძრავას მკვებავ აირბალონს თავისი მოწყობილობით, 355 ლარად ღირებულ სატელეფონო მოწყობილობას, 235 ლარად ღირებულ კლიმატკონტროლის მართვის პულტს, 100 ლარად ღირებულ სათადარიგო საბურავს, 35 ლარად ღირებულ ავტომანქანის ხელსაწყოებს, რითაც შპს „---ს“ მიაყენეს 2940 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 17.00 საათზე, გ. ბ-მა და უ. ძ-მა, ქ. თბილისში, ---ის დაღმართზე, გააჩერეს ავტომანქანა „ვაზ-3110”, რომელსაც მართავდა მძღოლი ე. გ-ძე. იგი მიიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნისა და დანის გამოყენების მუქარით, აიძულეს გადასულიყო ავტომანქანიდან, შეუკრეს ხელ-ფეხი, რა გზითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 800 ლარად ღირებულ ავტომანქანის ძრავას მკვებავ აირბალონს თავისი მოწყობილობით და 150 ლარად ღირებულ „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატს. ე. გ-ძე ხელ-ფეხი შეკრული დატოვეს ავტომანქანაში, თავად კი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, რითაც ე. გ-ეს მიაყენეს 950 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე, გ. ბ-მა, უ. ძ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, გააჩერეს ავტომანქანა „მერსედესი“, რომელსაც მართავდა მძღოლი ა. მ-ძე და სთხოვეს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ---ის დასახლების მიმართულებით წაყვანა. ---ის მეურნეობის დასახლებული პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას, მძღოლს მოსთხოვეს ავტომანქანიდან ჩასვლა, რის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულ ა. მ-ის 9000 ლარად ღირებულ ავტომანქანას, 100 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის აპარატს _ „ერიქსონს“, ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს და მართვის მოწმობას, რითაც ა. მ-ეს მიაყენეს 9100 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 22 ოქტომბერს გ. ბ-მა და უ. ძ-მა დაიქირავეს ვაზ-3110 მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა მძღოლი გ. მ-ძე, მიიყვანეს ---ის მეურნეობის დასახლებული პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის და დანის გამოყენების მუქარით, აიძულეს გადასულიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, შემდეგ აღნიშნული ავტომანქანით ავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, სადაც მგზავრობის უსაფრთხოების ღვედით გ. მ-ეს შეუკრეს ხელ-ფეხი, რა გზითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1000 ლარად ღირებულ ავტომანქანის ძრავას მკვებავ აირბალონს, 100 ლარად ღირებულ რედუქტორს, 350 ლარად ღირებულ 5 საბურავს, 180 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატს, 30 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1660 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 16 საათზე, გ. ბ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, შეაჩერა შპს „---ის“ კუთვნილი ავტომობილი „მიცუბიში ლანსერი“,რომელსაც მართავდა მძღოლი ტ. ნ-ძე და სთხოვეს, ქ. თბილისში, ჯერ ---ის, ხოლო შემდეგ ---ის დასახლებაში წაყვანა. მძღოლის გვერდით, წინ დაჯდა გ. ბ-ლი, ხოლო უკანა სავარძელში _ გამოძიებით დაუდგენელი პირი. გ. ბ-მა მძღოლს მიადო ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, ხოლო გამოძიებით დაუდგენელმა პირმა _ დანა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ტ. ნ-ძე გადასვეს უკანა სავარძელში, ღვედებით შეუკრეს ხელ-ფეხი, მოხსნეს 800 ლარად ღირებული ძრავას მკვებავი აირბალონი, 305 ლარად ღირებული სამონტაჟო აპარატურის კომპლექტი. მათ სულ გაიტაცეს 1305 ლარად ღირებული ავტონაწილები, რითაც ზემოაღნიშნულ ფირმას მიაყენეს 1305 ლარის მატერიალური ზიანი.
2005 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14.00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამოძიებით დაუდგენელმა მამაკაცმა გააჩერა „ახალი ტაქსების“ კუთვნილი ,,ვაზ-24” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი ი. ტ-ლი და შესთავაზა მცხეთის რაიონის სოფელ ---ში წაყვანა. როცა მივიდნენ აღნიშნულ ადგილას, მამაკაცი ტაქსიდან გადავიდა თითქოსდა ვიღაცის დასაძახებლად, შევიდა დასახლებულ პუნქტში, ხოლო ამ დროს გ. ბ-ლი და უ. ძ-ლი თავს დაესხნენ მძღოლ ი. ტ-ლს, პისტოლეტის მაგვარი საგნისა და დანის გამოყენებით გადასვეს იგი უკანა სავარძელზე, ჯიბიდან გასტაცეს 50 ლარი, ხოლო შემდეგ ღვედებით შებოჭეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, შემდეგ ავტომანქანიდან მოხსნეს 1339 ლარად ღირებული ძრავას მკვებავი აირის აპარატურა თავისი რედუქტორით, ხოლო ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს, რითაც შპს „---ს“ მიაყენეს 1339 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო ი. ტ-ლს _ 50 ლარის მატერიალური ზიანი.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით კვალიფიკაციის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ბ-ლი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).
იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით საბოლოოდ გ. ბ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
უ. ძ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი). იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით საბოლოოდ უ. ძ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო მოსარჩელეების _ ზ. ღ-ის, თ. ქ-სა და მ. კ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა. გ. ბ-სა და უ. ძ-ლს გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2940 ლარის სოლიდარულად გადახდა, ხოლო გ. ბ-ლს გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2508 ლარის გადახდა; გ. ბ-ლს თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1305 ლარის გადახდა; გ. ბ-სა და უ. ძ-ლს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 4710 ლარის სოლიდარულად გადახდა. სამოქალაქო სარჩელი დანარჩენ ნაწილში დარჩა ღიად წარმოუდგენლობის გამო.
მსჯავრდებული უ. ძ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ყაჩაღობის ეპიზოდებში ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას; საჩივარში უ. ძ-ლი მიუთითებს, რომ მას ძარცვა არ ჩაუდენია, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს დაზარალებული, მოწმე, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება; ასევე არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მან და გ. ბ-მა ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი და ჩაიდინეს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. შ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ბ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ყაჩაღობის ეპიზოდებში ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას; კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გ. ბ-მა ჩაიდინა ძარცვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მიერ საჩივრებში გამოთქმულ მოსაზრებებს და თვლის, რომ საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი), გ. ბ-ის მიერ 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა. ეს მტკიცებულებებია არა მხოლოდ თვით დაზარალებულების _ დ. მ-ის, ზ. გ-ის, ზ. ღ-ის, თ. ქ-ის, თ. ბ-ის, ლ. ც-ის, ს. შ-ის, ე. გ-ის, ზ. ჭ-ის, გ. მ-ის, მ. გ-ის, გ. ყ-ის მიერ მიცემული ჩვენებები, არამედ აგრეთვე მოწმეების _ დ. ჯ-ის, დ. თ-ის, მ. ა-სა და სხვათა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულებმა _ უ. ძ-მა და გ. ბ-მა ჩაიდინეს მათზე ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.
საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, როგორც პირველი ინსტანციით, ასევე სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაზარალებულად ცნობილი პირის _ ავთანდილ მამალაძის სასამართლო პროცესზე წარმოდგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, ხოლო საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე მას არ უცხოვრია.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოაქვეყნა ა. მ-ის ჩვენება. ამავე მუხლის თანახმად, მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. აღნიშნულ საქმეში გ. ბ-ის მიმართ, დაზარალებულ ა. მ-ის ჩვენებების გარდა, არ არსებობს სხვა მტკიცებულება ბრალდების ამ ეპიზოდის დასადასტურებლად. საქმეში მსჯავრდებულ უ. ძ-ის მიმართ, დაზარალებულ ა. მ-ის ჩვენების გარდა, არსებობს ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი, რომელიც, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, არ არის გამოქვეყნებული, რაც ასევე არ გამოუკვლევია სააპელაციო სასამართლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. მ-ის ძარცვის ეპიზოდში მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-ის მიმართ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებანი, რის გამოც გ. ბ-სა და უ. ძ-ის მიმართ ამ ეპიზოდში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, ამოირიცხოს ამ მუხლით დანიშნული სასჯელები.
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ლს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდება წაყენებული აქვთ ა. მ-ის ძარცვის ეპიზოდში, რის გამოც, შესაბამისად, მათ უნდა მოეხსნათ ბრალდების ეს ნაწილი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელები.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილი მ. კ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-სათვის დაკისრებული თანხის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
სასამართლო პროცესზე სამოქალაქო მოსარჩელე მ. კ-ემ შპს ,,---ის” კუთვნილი ტაქსების დაყაჩაღების სამ ეპიზოდში, რომლებსაც მართავდნენ მძღოლები _ მ. გ-ლი, ე. ა-ნი და ი. ტ-ლი, მოითხოვა 4710 ლარის ანაზღაურება, თითოეულ ეპიზოდში _ 1750 ლარი, სულ კი _ 4710 ლარის ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ შპს ,,---ის” კუთვნილი აირის ავზი ¹-- და მისი ე.წ. ,,--ი” ¹--, რომელიც გ. ბ-სა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პ. გ-მა წარუდგინა გამომძიებელ ბ. ქ-ეს, მან შესანახად მოათავსა გარდაბნის რაიონის შს განყოფილების ---ს ქ/განყოფილებაში, სადაც ისინი ინახებოდა 2006 წლის 27 დეკემბრამდე. აღნიშნულ დღეს დასახელებული ნივთები დაუბრუნდა შპს ,,---ის” რწმუნებულ მ. კ-ეს, რითაც საწარმოსათვის მიყენებული ზიანი აღნიშნულ ნაწილში ანაზღაურდა.
ამდენად, მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ლს უნდა ამოერიცხოთ 1570 ლარი ე. ა-ის დაყაჩაღების ეპიზოდში; დარჩენილი 3140 ლარიდან მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1570 ლარის გადახდა ი. ტ-ის დაყაჩაღების ეპიზოდში. ხოლო რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, რომელიც, საბრალდებო დასკვნის თანახმად, არის მ. გ-ის ეპიზოდი და რომელიც ჩადენილი აქვს გ. ბ-ლს გამოძიებით დაუდგენელ პირებთან და არა _ უ. ძ-თან ერთად, რაც შეცდომით არის მითითებული განაჩენში, როგორც გრიგორიანის დაყაჩაღების ეპიზოდი, მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ბ-ლს უნდა დაეკისროს მ. კ-ის სასარგებლოდ _ 1570 ლარის გადახდა. ამდენად, მსჯავრდებულ უ. ძ-ლს მ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხოლოდ 1570 ლარის გადახდა ი. ტ-ის დაყაჩაღების ეპიზოდში.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენის აღწერილობითი ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ ნ. დ-ას ქურდობის ეპიზოდი, ვინაიდან გ. ბ-ლი როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ასევე უნდა ამოირიცხოს მითითება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სარჩელი დანარჩენ ნაწილში დარჩეს ღიად წარმოუდგენლობის გამო, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების ფორმას არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მათ დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეთ 1-1 თვით; მსჯავრებულ გ. ბ-ლს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 17 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ უ. ძ-ლს _ 13 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-სა და მსჯავრდებულ უ. ძ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ლს განაჩენიდან ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი;
მსჯავრდებულ გ. ბ-ლს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან ამოერიცხოს ნ. დ-ას ქურდობის ეპიზოდი;
განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების თაობაზე;
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ლს ე. ა-ის დაყაჩაღების ეპიზოდში ამოერიცხოთ 1570 (ათას ხუთასსამოცდაათი) ლარი;
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ლს ი. ტ-ის დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1570 (ათას ხუთასსამოცდაათი) ლარის გადახდა;
მსჯავრდებულ გ. ბ-ლს მ. გ-ის დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს _ 1570 (ათას ხუთასსამოცდაათი) ლარის გადახდა;
მსჯავრდებულ გ. ბ-ლს დანიშნული სასჯელი _ 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) თვით და მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ უ. ძ-ლს დანიშნული სასჯელი _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) თვით და მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.