განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.09.2007
საქმის ნომერი
2კ-438აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

438აპ. ქ. თბილისი

14 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ქ-სა და ზ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ი. ხ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 307-ე მუხლითა და 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი _ ჯაშუშობა, ე.ი. უცხო ქვეყნისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობის გადაცემა; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი. ხ-მა უცხო ქვეყნისათვის გადაცემის მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში შეაგროვა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, კერძოდ, საქართველოს საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში შემავალი, ფოთის აკვატორიაში დისლოცირებული სამხედრო დანიშნულების გემების რაოდენობის, სახეობის, საბრძოლო მდგომარეობისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის -- იანვრის ¹--ე ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის” --- და --- პუნქტებით გათვალისწინებულ ცნობებს, რაც ამავე ნუსხის 1.1. პუნქტის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ი. ხ-მა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წერილის სახით, საახალწლო მისალოც ბარათთან ერთად 2005 წლის 14 დეკემბერს გააგზავნა რუსეთის ფედერაციის ---ის ოლქში, ბ. ვ-ის ძე ლ-ოს სახელზე. ი. ხ-მა, ასევე დაუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა _ 7,62 მმ და 5,45 მმ კალიბრისა ვაზნები, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. 2006 წლის 8 თებერვალს ი. ხ-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ვაზნები.

აღნიშნული ქმედებისათვის ი. ხ-ლს მიესაჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ხოლო 307-ე და 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 9 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ქ-ამ და ზ. ჯ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს ი. ხ-ის გამართლება სსკ-ის 307-ე მუხლითა და 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის შეუმსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორები _ ი. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ მ. ქ-ია და ზ. ჯ-ვა საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

გამოძიების შედეგად ვერ იქნა დადგენილი ბ. ლ-ოს პიროვნება, რომელსაც ი. ხ-ლი უგზავნიდა წერილს. შესაძლოა, რომ ბ. ლ-კო, ი. ხ-ის მსგავსად, იყოს კოლექციონერი და გატაცებული სხვადასხვა სახის, მათ შორის სამხედრო ხომალდებზე მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის შეგროვებით, რის გამოც ეს პირი არ შეიძლება იყოს სსკ-ის 314-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი, რადგანაც ასეთებად ითვლებიან ოფიციალური წარმომადგენლები. ი. ხ-ის მიერ ბ. ლ-ოს მისამართით გაგზავნილ წერილში მითითებული ათამდე დასახელების ხომალდიდან და კატარღიდან, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საქართველოს საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში არის 4 სხვადასხვა დასახელების ხომალდი და კატარღა, თუმცა მათ სამხედრო მზადყოფნასა და დისლოკაციის ადგილზე მასალები არც წერილში და არც საქმის მასალებში არ მოიპოვება და, შესაბმისად, ი. ხ-ის წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი. ი. ხ-მა არ იცოდა, რომ ქმედება, რომელსაც სჩადიოდა, აკრძალულია. ამდენად, მას არ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება და, შესაბამისად, აღნიშნული ბრალის გამომრიცხავ გარემოებას _ შეცდომას წარმოადგენს. ამასთან, ეს შეცდომა მისატევებელია, რადგან ი. ხ-მა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ აკრძალულ ქმედებას სჩადიოდა, რამეთუ ის სამსახურეობრივად არ იყო დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სათანადო ორგანოების მიერ არ ყოფილა გაფრთხილებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების გაუხმაურებლობისა და გაუცემლობის თაობაზე.

გარდა ამისა, კასატორები აღნიშნავენ, რომ არასრულად ჩატარდა წინასწარი და სასამართლო გამოძიება, არ დადგინდა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, განაჩენი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და, შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დააკვალიფიცირეს ი. ხ-ის ქმედება. განაჩენი არის უსამართლო, რადგან სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ი. ხ-ის პიროვნებას და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენის შეცვლას, კერძოდ, ი. ხ-ის გამართლებას სსკ-ის 307-ე მუხლითა და 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმის შეფარდებას 500 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის _ მსჯავრდებულის მიერ ბ. ლ-ოს მისამართით გაგზავნილი, ასევე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს წერილებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ბალისტიკური და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ი. ხ-მა შეაგროვა ინფორმაცია ---ის აკვატორიაში დისლოცირებული სამხედრო დანიშნულების გემების რაოდენობის, სახეობის, საბრძოლო მდგომარეობისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც გააგზავნა რუსეთის ფედერაციის ---ის ოლქში. აღნიშნული მონაცემები, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლობას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის" შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

უსაფუძვლოა და პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ი. ხ-ის მიერ გაგზავნილ წერილში არ არის მითითება საზღვაო ხომალდების მზადყოფნასა და დისლოკაციის ადგილზე (ს.ფ. 13).

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ი. ხ-ლი სამსახურებრივად არ იყო დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან და იგი შესაბამის ორგანოებს არ გაუფრთხილებიათ ამ მონაცემების გაუხმაურებლობისა და გაუცემლობის თაობაზე.

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირის ქმედება დაკვალიფიცირდებოდა სსკ-ის 313-ე მუხლით და იმის გამო, რომ ი. ხ-ლი არ იყო სამსახურებრივად დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლობის შემცველ მონაცემებთან, მისი ქმედება სწორად შეფასდა, როგორც ჯაშუშობა.

ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 307-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრი, რადგან ეს მუხლი ამოღებულია ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსიდან.

ი. ხ-ლს დანიშნული აქვს კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის მინიმუმი და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი, როგორც სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ხ-ლი დააკავეს 2006 წლის 8 თებერვალს (ს.ფ. 45) და მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ამ დღიდან, ნაცვლად გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული 9 თებერვლისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ი. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ქ-სა და ზ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრი.

ი. ხ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 8 თებერვლიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ი. ხ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.