შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 17.04.2007
საქმის ნომერი
2კ-3კოლ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3კოლ ქ. თბილისი

17 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ მ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნით ტ. ვ-ეს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილებით, 17,104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეშვიდე ნაწილებით, 205-ე მუხლის მესამე ნაწილით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით (1997 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1998 წლის იანვრის ბოლოს, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ქ. ოზურგეთში მცხოვრები მ. ვ-ძე და მისი დისშვილი, ოზურგეთის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები ტ. ვ-ძე მანდარინის გასაყიდად ჩავიდნენ ქ. ახალქალაქში, რა დროსაც ბაზრობაზე შენიშნეს ოქროს სამკაულებით მოვაჭრე, ახალქალაქის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები რ. ნ-ნი, რომელიც თავისი კუთვნილი ,,გაზ-24” მარკის ა/მანქანის საბარგულიდან ყიდდა ორ ჩემოდანში ჩალაგებულ, სხვადასხვა სახის ოქროს სამკაულებს. მათ განიზრახეს რა რ. ნ-ზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება აღნიშნული ოქროს სამკაულების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ფარულად გაყვნენ და დაადგინეს მისი საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც 1998 წლის 21 თებერვალს ტ. ვ-ის კუთვნილი „ვაზ-2102“ მარკის ა/მანქანით, სახ. ¹--, ქ. ოზურგეთიდან ქ. ახალქალაქში მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდეს მ. ვ-ის მიერ ადრე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში შენახული „აკ-74“ მარკის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 59 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი „ველოდოგი“ 2 საბრძოლო ვაზნით, ხიშტ-დანა, მონადირის დანა და გამოძიებით დაუდგენელი კიდევ ერთი დანა.

იმავე დღეს მ. ვ-ემ, ტ. ვ-სთან შეთანხმებით, გადაიტანა აღნიშნული იარაღები ახალქალაქის რაიონის სოფ. ---ში და დამალა რ. ნ-ის საცხოვრებელ სახლთან. ამის შემდეგ მ. ვ-ემ, ტ. ვ-სთან შეუთანხმებლად, შეაღწია რ. ნ-ის ავტოფარეხში და ამ უკანასკნელის კუთვნილი ,,გაზ-24” მარკის ავტომანქანიდან მოიპარა 1 ცალი ფოტოაპარატი „პოლაროიდი“, 2 ცალი ფოტოაპარაკი „კოდაკი“, ფოტოაპარატ „პოლაროიდისათვის“ განკუთვნილი 1 ცალი ფოტოფირი, საპარფიუმერიო კომპლექტი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 338 ლარს. ჩადენილი ქურდობის შესახებ მ. ვ-ემ იმავე დღეს მოუყვა ტ. ვ-ეს. მოპარული ნივთები მ. ვ-ემ და ტ. ვ-ემ შეინახეს ქ. ახალქალაქში, მოქ. ჟ. გ-ის კუთვნილ სასტუმროში, ხოლო მეორე დღეს _ 1998 წლის 22 თებერვალს, აღნიშნული ნივთები ჩაიტანეს ქ. თბილისში და მიყიდეს მათთვის უცნობ, გამოძიებით დაუდგენელ პირებს.

1998 წლის 13 მარტს, დაახლოებით 22. 30 საათზე, რ. ნ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებისა და დიდი ოდენობით ოქროს სამკაულებისა და ძვირადღირებული სხვა საოჯახო ნივთების დაუფლების მიზნით, ტ. ვ-ძე და მ. ვ-ძე ჩავიდნენ ახალქალაქის რაიონის სოფ. ---ში, სადაც მ. ვ-ძე შეიარაღდა რ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის წინ, მიწაში დამალული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რევოლვერითა და დანებით, ხოლო ტ. ვ-ძე კი _ თავისი ავტომანქანიდან წამოღებული შავტარიანი დაუკეცავი დანით, სახეზე აიფარეს ნიღბები და უკანა შესასვლელიდან შეაღწიეს რ. ნ-ის ავტოფარეხში. დაახლოებით 5 წუთში სახლში ა/მანქანით დაბრუნდა რ. ნ-ნი, რომელსაც თან ახლდნენ მცირეწლოვანი ქალიშვილი _ ა. ნ-ნი, ძმა _ რ. (რ.) ნ-ნი და მეზობელი _ რ. გ-ნი. საეჭვო ხმის გაგონებაზე რ. ნ-ნი შევიდა საცხოვრებელ სახლში და ავტოფარეხის გვერდით მდებარე დამხმარე სათავსში შენიშნა შენიღბული და შეიარაღებული ყაჩაღები, რომლებმაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით უბრძანეს _ „არ ეხმო არავისთვის“. რ. ნ-მა შეძლო მ. ვ-სათვის წინააღმდეგობის გაწევა, იარაღის წართმევის მიზნით ხელი ჩასჭიდა ამ უკანასკნელის ავტომატის ლულას, რა დროსაც მ. ვ-ეს მიეხმარა ტ. ვ-ძე. ურთიერთბრძოლისას სამივენი აღმოჩნდნენ საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში, სადაც რ. ნ-სათვის დახმარებას შეეცადნენ ხმაურზე ეზოში შემოსული რ. (რ.) ნ-ნი, რ. გ-ნი და ა. ნ-ნი, რომელიც მამის საშველად უხმობდა ხალხს. ტ. ვ-ემ და მ. ვ-ემ, ყაჩაღობის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, განიზრახეს განსაკუთრებული სისასტიკით _ მცირეწლოვანი ა. ნ-ის თვალწინ რ. და რ. ნ-ების, ასევე რ. გ-ის განზრახ მოკვლა, რისთვისაც ორივემ დანებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავალჯერ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ჯერ რაფიკ ნახატაკიანს, შემდეგ კი _ რ. ნ-სა და რ. გ-ნს. ტ. ვ-სა და მ. ვ-ის მიერ სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შედეგად რ. და რ. ნ-ებმა დაკარგეს გონება და იქვე დაეცნენ. რ. ნ-ნი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა; მისი ძმა _ რ. ნ-ნი გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილმა რ. გ-მა შეძლო თავის დაღწევა და ქუჩაში გასვლა. გაქცეულებმა ტ. ვ-ემ და მ. ვ-ემ შემთხვევის ადგილზე დატოვეს ხიშტ-დანა, ავტომატის 2 მჭიდი თავისი ვაზნებით, ხოლო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი „ველოდოგი“ თან წაიღეს, თუმცა რევოლვერი გზაში დაუვარდათ, ა/ცეცხლსასროლი იარაღი კი დამალეს ახალქალაქის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ ო. ა-ის სახლში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით:

ტ. ვ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით, 17,104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეშვიდე ნაწილებით, 205-ე მუხლის მესამე ნაწილით (1997 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილით (1997 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ტ. ვ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა (1997 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 186-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ ტ. ვ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ტ. ვ-ემ მ. ვ-სთან ერთად განიზრახა ახალქალაქის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები, ოქროს სამკაულებით მოვაჭრე რ. ნ-ზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ქ. ოზურგეთიდან მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდეს ცეცხლსასროლი იარაღები და დანები, რომლებიც მ. ვ-ემ დამალა რ. ნ-ის სახლთან ახლოს და იმავდროულად მოახერხა ავტოფარეხში მდგარი ,,გაზ-24” მარკის ა/მანქანიდან ფოტოაპარატების, ფოტოფირებისა და საპარფიუმერიო კომპლექტის მოპარვა, რომლებიც მოგვიანებით ტ. ვ-ემ და მ. ვ-ემ 338 ლარად გაყიდეს ქ. თბილისში.

1998 წლის 13 მარტს, დაახლოებით 22. 30 საათზე, ტ. ვ-ძე და მ. ვ-ძე შეთანხმებისამებრ შეიარაღდნენ წინასწარ დამალული ცეცხლსასროლი იარაღებით, შეინიღბნენ და ფარულად შეაღწიეს რ. ნ-ის საცხოვრებელ სახლში განთავსებულ ავტოფარეხში, რა დროსაც ისინი შეამჩნია რ. ნ-მა და გაუწია წინააღმდეგობა. მის დახმარებას შეეცადნენ ძმა _ რ. ნ-ნი და მეზობელი _ რ. გ-ნი. ტ. ვ-ემ თანამონაწილესთან ერთად, ყაჩაღობის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, რ. ნ-ის 10 წლის შვილის, ა. ნ-ის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, განიზრახა რ. და რ. ნ-ების განზრახ მკვლელობა და ამ უკანასკნელებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში თანნაქონი დანებით მიაყენეს მრავალი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ; მიყენებული ჭრილობების შედეგად ძმები ნ-ები გარდაიცვალნენ.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ტ. ვ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული ტ. ვ-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ-ლი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, საქმეზე დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ: ტ. ვ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ნაწარმოებია რუსულ ენაზე, ასევე ყველა საპროცესო მოქმედება ჩატარებულია რუსულ ენაზე; სასამართლომ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების შესარჩევად დადგენილი ვადები და ტ. ვ-ძე არის უკანონო პატიმარი; მან ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობა და ყაჩაღობა, არამედ _ ქურდობის მცდელობა; ტ. ვ-ის მიმართ მკვლელობის ნაწილში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა; არასწორია 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით სასჯელების ცალ-ცალკე განსაზღვრა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის იდეალურ ერთობლიობას და ტ. ვ-სათვის სასჯელი უნდა განესაზღვრათ მხოლოდ 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის მოადგილე ი. ბ-ძე შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

დაზარალებულები _ შ. და რ. ნ-ები შესაგებლით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ტ. ვ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ტ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა გ. ქ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა ტ. ვ-ემ საბრალდებო დასკვნით დადგენილი ინკრიმინირებული ქმედების ფაქტობრივი გარემოებების ჩადენაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მ. ვ-სთან ერთად განიზრახა ახალქალაქის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები რ. ნ-ის გაქურდვა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ შეაღწიეს რ. ნ-ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შემჩნეულ იქნენ სახლში დაბრუნებული დაზარალებულების მიერ და მოსთხოვეს დერეფნის გაკეთება, რათა გასცლოდნენ იქაურობას. თუმცა რ. გ-მა შეშის ნაჭერი უკნიდან ჩაარტყა მ. ვ-ეს, რომელმაც გრძნობა დაკარგა და იქვე დაეცა. თავისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იგი იძულებული გახდა, თანნაქონი დანებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ჭრილობა მიეყენებინა რ. და რ. ნ-სათვის, თუმცა მათი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რის შემდეგაც მ. ვ-სთან ერთად მოახერხა გაქცევა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, გააანალიზა რა ტ. ვ-ის ეს ჩვენება საქმის სხვა მასალებთან ერთობლივად, სწორად არ გაიზიარა იგი და მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ რ. გ-ის ჩვენებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლეების _ რ. ნ-სა და შ. ნ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ ა. ნ-ის, ზ. გ-ის, ო. ა-ის, მ. ა-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბიოლოგიური, სასამართლო-ბალისტიკური, სასამართლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორია 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით სასჯელების ცალ-ცალკე განსაზღვრა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის იდეალურ ერთობლიობას და ტ. ვ-სათვის სასჯელი უნდა განესაზღვრათ მხოლოდ 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ტ. ვ-ეს სასამართლო კოლეგიის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით სწორად აქვს შეფარდებული ცალ-ცალკე სასჯელები. დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის დროს სახეზე გვაქვს ერთი ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედება, სახეზეა დანაშაულთა რეალური ერთობლიობა. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს სხვადასხვა ქმედების ნიშნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი პირის ქმედებაში ერთდროულად არის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით, რადგან სახეზეა დანაშაულთა რეალური და არა იდეალური ერთობლიობა და შესაბამისად, არ უნდა იქნეს დანიშნული აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ერთიანი სასჯელი.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ტ. ვ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და დააკვალიფიცირა იგი საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილებით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ტ. ვ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ, იგი პირველადაა სამართალში; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი მას არ გააჩნია.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის შემცირდა სასჯელის ზედა ზღვარი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება: მსჯავრდებულ ტ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ტ. ვ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.