განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
501აპ. 18 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ქ. ჩ-ის
ადვოკატ _ ლ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და რ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საბრალდებო დასკვნით მ. მ-ლს, და რ. მ-ლს, ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულში როგორიცაა ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად. გარდა ამისა, მ. ც-ეს ბრალი ედებოდა აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, არასრულწლოვანის დაყოლიებაში ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.
მათი ბრალდების საქმე განიხილა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2006 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით შეცვალა განსასჯელთა მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია, სახელდობრ, მ. მ-სა და რ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია) გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ვინაიდან მიიჩნია, რომ მათ ჩაიდინეს არა ყაჩაღობა, არამედ ძარცვა ჯგუფურად და ისეთი ძალადობის მუქარით, რმოელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მსჯავრდებულ მ. მ-ლს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო რ. მ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით მ. და რ. მ-ების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 11 სექტემბერს, მ. მ-მა, თავისი არასრულწლოვანი შვილი _ რ. მ-ლი დაიყოლია ანტისაზოგადოებრივი ქმედებების ჩადენაზე. მათ განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ თბილისში, მეტრო “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერეს “გაზ-3110” მარკის კერძო ტაქსი, რომელსაც მართავდა მოქალაქე დ. გ-ლი და სთხოვეს მას წაეყვანა ისინი მცხეთის რაიონის სოფელ ---ში. ადგილზე მისვლისას მძღოლს სთხოვეს წაყვანა ისინი მცხეთის რაიონის სოფელ ---ში. გზად, ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა არასრულწლოვანმა _ რ. მ-მა უცხო საგნის დემონსტრირებითა და სიტყვიერი მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მძღოლს მოსთხოვა ფული. ამავდროულად, მძღოლის გვერდით სავარძელზე მჯდომმა მ. მ-მა დ. გ-ლს პერანგის ჯიბიდან ამოაცალა ფულადი თანხა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, 20 ლარიანი კუპიურებით, რის შემდეგ მამა-შვილი გადავიდნენ ავტომანქანიდან და მიიმალნენ.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მა. აპელანტი თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და რ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჩაუდენიათ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება. ადვოკატი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ ძირითად მოტივებზე:
სასამართლოს დასკვნები მ. მ-სა და რ. მ-ის ბრალელუობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები მათი მსჯავრდებისათვის; როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლო განხილვა ჩატარდა ცალმხრივად და არაობიექტურად, კერძოდ, სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, კერძოდ, დაცვის მოწმეთა ობიექტური ჩვენებები, რომლებიც აშკარას ხდიან მ. და რ. მ-ების უდანაშაულობას, აგრეთვე, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ; წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამრათლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო სხვა მტკიცებულებები, სახელდობრ, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო დაზარალებულ დ. გ-ის არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ამასთან, სრულად დაუსაბუთებლად უარყო განსასჯელთა თანმიმდევრული და ობიექტური ჩვენებები, რომლებიც დასტურდება სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით; სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ საქმეში არსებობს დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მრავალი სარწმუნო დოკუმენტური მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება, რომ დაზარალებული არის დაავადებული ეპილეფსიით, ახასიათებს გონებრივი ჩამორჩენილობა, ხშირად კარგავს გონებას და არ შეუძლია მოვლენების სათანადოდ აღქმა.
საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც არ აგიზიარა აპელანტის მოსაზრებები და მსჯავრდებულები ბრალეულად ცნო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით (მითითებული რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლომ თავისი განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 11 სექტემბერს მამა-შვილმა მ. და რ. მ-ებმა, თბილისში, მეტროსადგურ “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს “გაზ-3110” მარკის კერძო ტაქსი და მძღოლ დ. გ-ლს სთხოვეს ---ს ქუჩაზე წაყვანა, თუმცა შემდეგ შეცვალეს მარშრუტი და გადაწყვიტეს მცხეთის რაიონის სოფელ ---ში, ხოლო მოგვიანებით კი სოფელ ---ში წასვლა. გზად დ. გ-ის ავტომანქანას ორჯერ დაეშვა საბურავი, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც განაგრძეს გზა, რა დროსაც უკანა სავარძელზე მჯდომმა არასრულწლოვანმა რ. მ-მა უცხო საგნის დემონსტრირებითა და სიტყვიერი მუქარით მოსთხოვა მძღოლს ფული. ამავდროულად, მძღოლის გვერდით მსხდომმა მ. მ-მა დ. გ-ლს პერანგის ჯიბიდან ამოუღო ფულადი თანხა _ 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. მამა-შვილი ავტომანქანიდან ჩავიდნენ სოფ. ---ის ცენტრში, სადაც 200 მეტრის დაშორებით მცხოვრებ, მ. მ-ის ბიძის სახლისკენ, ხოლო დაზარალებულმა დ. გ-მა კი მიმართა საპატრულო პოლიციას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. მ-ლს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში იგი გაამართლა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ნორმა კონკრეტულად განსაზღვრავს დანაშაულთა სახეობებს, რომლებშიც არასრულწლოვანის ჩაბმა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი მ. მ-ის მხრივ ადგილი არ ჰქონია, არასრულწლოვან რ. მ-ის რომელიმე ისეთ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩაბმას, რასაც გულისხმობს საქართველოს სსკ-ის ხსენებული მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი შეცვალა ასევე სასჯელის ნაწილშიც, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე მ. მ-ლს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო რ. მ-ლს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ მ. და რ. მ-ების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ქ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ის ქმედება, რომელიც მათ შეერაცხათ. კასატორი, გარდა იმ ძირითადი მოტივებისა, რომლებიც წინათ მითითებული იყო ამავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში, აღნშინავს სხვა გარემოებებზედაც, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ მ. და რ. მ-ების უდანაშაულობას, კერძოდ, მსჯარვდებულებმა, როდესაც მათ დაზარალებული დაიქირავეს, ამ უკანასკნელს უთხრეს თავიანთი ნამდვილი სახელი და გვარი, აგრეთვე სწორად უთხრეს ისიც თუ სად და ვისთან მიდიოდნენ, რაც აშკარად გამორიცხავს მათი მხრივ იგივე დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენის განზრახვის არსებობას. გარდა ამისა, მიუხედავად საამისო საფუძვლის არსებობისა, სააპელაციო სასამართლომ არ დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობისა და, აქედან გამომდინარე, მისი ჩვენებების სარწმუუნობის შესამოწმებლად, რითაც დაირღვა საქარვთელოს სსსკ-ის 116-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ რეალური ფაქტების საწინააღდმეგოდ თავის განაჩენში მიუთითა, რომ დაცვის მოწმეების ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ისინი არ შესწრებიან დანაშაულის შემთხვევას, სინამდვილეში კი სწორედ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ადასტურებენ, რომ მსჯარვდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას ადვოკატმა ლ. ქ-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს, რომელმაც წარმოადგინა პალატის წინაშე აღნიშნული საჩივრის საფუძვლები, კერძოდ, ის მოტივებიდა არგუმენტები, რომლებიც მას მითითებული აქვს იმავე საჩივარში. ადვოკატმა ლ. ქ-მა ითხოვა მისი საჩივრის დაკმაყოილება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და რ. მ-ის მიმართ სისხლისსამრათლებრივი დევნის შეწყვეტა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ქ. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნშინა, რომ დაზარალებულ დ. გ-ის ჩვენებებს შორის არ არსებობს არსებითი წინააღმდეგობები, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მათ სარწმუნოობას. საქმეში არსებული დოკუმენტები დაზარალებულის ავადმყოფობის თაობაზე არ წარმოადგენს რეალურ საფუძველს მისი ჩვენებების სარწმუუნობაში ეჭვის შესატანად. დაზარალებულს არ გააჩნდა რაიმე პირადი დაინტერესება მსჯარვდებულთა წინააღმდეგ, რის გამოც მისი ჩვენებები ობიექტურად უნდა იქნეს მიჩნეული. საბოლოოდ პროკურორმა ქ. ჩ-მა იშუამდგომლა პალატის წინაშე იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და რ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში მ. მ-სა და რ. მ-ის ბრალდების საქმის განხილვისას, ასევე აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტიების მიღებისას არ იყო დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლითა და იმავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე, ხელი შეუშალა კანონიერ და დასაბუთებული განაჩენის დადგენას. შააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის ბოლომდე არ იქნა გამოყენებული საპროცესო კანონით გათვალისწიენბული შესაძლებლობები (მხედველობაშია საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები), რაც ხელს შეუწყობდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
Yურადგებას იქცევს ის გარემოება, რომ მომხდარის შემთხვევის თაობაზე საბრალდებო დასკვნაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილია სხვადასხვა, ფაქტობრივად ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული ვერსია, რომლებიც მსჯავრდებულების ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის დასადგენად განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე დეტალებით ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ თავის განჩენში ჩამოყალიბებულ ბრალდების საბოლოო ფორმულირებას, უნდა ღნინიშნოს, რომ მასში მოცემული დადაგენილაფ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რეალურად არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი ვითარება გამოწვეულია იმით, რომ, ერთ მხრივ, არ იქნა აღმოფხვრილი მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ წინააღმდეგობათა გადასაწყვეტად არ გამოყენებულა დამატებითი მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა, მაგალითად, არ დაკითხულა სასამართლო- სამედიცინო ექსპერტი, რომლის მიერ გაცემულ დასკვნა აშკარად ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებაში მოცემულ ფაქტებს, არ დაკითხულან საპატრულო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც პირველებმა ნახეს დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და სხვა. ხოლო, მეორე მხრივ, ჯეროვნად არ გაანალიზდა და კრიტიკული შეფასება არ მიეცა ძირითად მტკიცებულებებს _ დაზარალებულ დ. გ-ის მიერ სხვადასხვა დროს წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემულ წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, დაცვის მოწმეთა ჩვენებებს, დაზქარალებულის შესაძლო ავატმყოფური მდგომარეობის თაობაზე საქმეში წარმოდგენილ დოკუმეტურ მტკიცებულებებს, თვით მსჯავრდებულთა ჩვენებებს სინამდვილისადმი მათი შესაბამისობის თვალსაზრისით,გარდა ამისა, გასაჩივრებულ განაჩენში საფუძვლანად არ არის დასაბუთებული რა მოსაზრებით იქნა მიჩნეული სარწმუნოთ მხოლოდ ბრალდების მტკცებულებები და რატომ არ იქნა გაზიარებული დაცვის მტკიცებულებები, რაც საპროცესო კანონის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს.
მითითებულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და რ. მ-ის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე შეუძლებელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, არსებობს განაჩენის გაუქმების საპროცესო საფუძველი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მ. მ-ლი და რ. მ-ლი მსჯავრდებულ იქნენ და მათ ბრალად შეერაცხათ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ამ ნაწილში ახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გაირკვეს და სარწმუნოდ დაგინდეს: ნამდვილად ჰქონდა თუ არა დაზარალებულს სხეულის ის დაზიანებები, რომლებზეც თავის ჩვენებაში მიუთითებს, ასეთია არსებობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს, თუ სად, როდის და რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები – მის მიმართ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებით, თუ მისი მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად; ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვან რ. მ-ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე მუქარას და რაში გამოიხატებოდა ამ მუქარის კონკრეტული შინაარსი; რამ განაპირობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და იმავე ფაქტზე შედგენილი სხვა სამედიცინო დოკუმენტებს შორის არსებული წინააღმდეგობა დაზარალებულ დ. გ-ის სხეულზე, კერძოდ, თავზე დაზიანების არსებობის შესახებ; არსებობს თუ არა რაიმე რეალური საფუძველი დაცვის მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოდ მიჩნევისათვის, მათი მიკერძოებულობის ან სხვა არსებითი მიზეზის თვალსაზრისით; რამდენად სარწმუნოა დაზარალებულ დ. გ-ის ჩვენებები და შეესაბამება თუ არა ისინი ბრალდების სხვა მტკიცებულებებს; მომხდარი შემთხვევის დროს დაზარალებულ დ. გ-ლი ფლობდა თუ არა ავტომანქანის მართვის უფლების მოწმობას. რამდენად საფუძვლიანია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების წინააღმდეგ დაზარალებულის პოზიცია განპირობებული იყო ამ უკანასკნელის სურვილით, რომ ამ გზით თავი დაეღწია მის მიერ მოხდენილი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოსალოდნელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
აღნიშნული საკითხების გადასაწუვეტად საქმის ახალი განხილვისას კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩატარდეს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რისი შესაძლებლობებიც არ არის ამოწურული. Mმხოლოდ ყველა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ობიექტური შეფასების შემდეგ უნდა იქნეს გამოტანილი დასაბუთებული სასამართლო დასკვნები მსჯავრდებულების – მ. მ-სა და რ. მ-ის ბრალდებისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების მკაცრი დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და რ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განაჩენში მ. მ-სა და რ. მ-ის მსჯავრდების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
იგივე განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც მ. მ-ლი გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში, დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.