განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹615აპ ქ. თბილისი
12 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენზე გ. უ-ას, ლ. ა-ის, ლ. ბ-სა და ვ. ღ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით:
1. ვ. ღ-ლი,2. გ. უ-ვა,3. ლ. ბ-ძე, საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ამავე განაჩენით ლ. ა-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ასევე _ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ვ. ღ-ის, გ. უ-ას, ლ. ა-სა და ლ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. უ-ვა 2002 წლის 20 დეკემბერს გაასამართლა რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით და მიუსაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და განმეორებით ჩაიდინა უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ:
2005 წლის 6 ნოემბერს გ. უ-ვა დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. ღ-ლს, ლ. ბ-სა და ლ. ა-ლს და შეუთანხმდა, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. რუსთავში, ---ის ¹--\--ში მცხოვრებ ნ. ლ-ის ოჯახს და გაეტაცებინათ დიდი ოდენობით ფული, რომელიც ნ. ლ-ეს მიღებული ჰქონდა ბინის გაყიდვის შედეგად. ამ მიზნით გ. უ-ვა თავის თანამზრახველებთან ერთად 2005 წლის 10 ნოემბერს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, გაემართა ნ. ლ-ის ბინის დასაყაჩაღებლად. იმ მიზეზით, რომ ვ. ღ-ლი კარგად იცნობდა ნ. ლ-ეს და დასაყაჩაღებლად უშუალოდ ბინაში ვერ შევიდოდა, იგი დანარჩენ ბოროტმოქმედებს ელოდებოდა რუსთავის ¹--ე სკოლასთან, ხოლო გ. უ-ვა, ლ. ა-ლი და ლ. ბ-ძე გაემართნენ ---ის ქუჩის ¹4 კორპუსის მიმართულებით. ლ. ა-ლი დარჩა სადარბაზოში, ხოლო ლ. ბ-ძე და გ. უ-ვა, რომელიც შეიარაღებული იყო საფანტის პისტოლეტით, დადგნენ 55-ე ბინის წინ. ლ. ბ-ემ მოტყუებით გააღებინა კარი და ბოროტმოქმედები ბინაში შევიდნენ. მათ ნ. ლ-ის დედას _ მ. ზ-ლს იარაღით მოკვლის მუქარით მოსთხოვეს ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. უარის მიღების შემდეგ მათ მ. ზ-ლს დაუწყეს ცემა. ამ დროს გაარკვიეს, რომ ბინაში ასევე იმყოფებოდა ოჯახის ახლობელი ნანა მილდიანი, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმავე მოთხოვნით _ ეთქვა, სად შეინახა ნ. ლ-ემ ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.
ბოროტმოქმედებმა გაჩხრიკეს ბინა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცეს 5100 აშშ დოლარი და 2675 ლარი. ბინიდან გასვლისას მათ კართან შეხვდა ნ. ლ-ძე, რომელსაც სცემეს და გასტაცეს „ფილიპსის” მარკის მობილური ტელეფონი, მაგთიკომის ბარათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
არასრულწლოვანი ლ. ა-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ასევე არასრულწლოვან გ. ბ-ლს და გადაწყვიტეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ. რუსთავში, ---ს ქ. ¹9, ბინა 54-ში მცხ. გ. ტ-ის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2004 წლის 25 აგვისტოს, ღამით, მათ ფარულად, ლოჯიის აივნიდან უკანონოდ შეაღწიეს ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ. ტ-ის კუთვნილ ნივთებს, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენეს 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის ვ. ღ-სა და ლ. ბ-ეს განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ. უ-ას _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ლ. ა-ლს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. მათვე დაზარალებულ ნ. ლ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5100 აშშ დოლარისა და 2918 ლარის გადახდა.
გ. უ-ას, ლ. ბ-სა და ლ. ა-ლს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 15 ნოემბრიდან, ხოლო ვ. ღ-ლს _ 2006 წლის 23 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. ღ-ის ადვოკატმა დ. ბ-ემ, მსჯავრდებულმა ლ. ა-მა და მისმა ადვოკატმა ე. ხ-მა, მსჯავრდებულმა ლ. ბ-ემ და დაზარალებულმა ნ. ლ-ემ.
მსჯავრდებულ ვ. ღ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ვ. ღ-ის გამართლება და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება.
მსჯავრდებულმა ლ. ა-მა და მისმა ადვოკატმა ე. ხ-მა, ასევე _ მსჯავრდებულმა ლ. ბ-ემ ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, ხოლო დაზარალებულმა ნ. ლ-ემ _ სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულებისათვის 15000 ლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულების და მათი ადვოკატის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ლ. ა-ლს საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „დ” ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლ. ბ-სა და ვ. ღ-ლს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „დ” ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. უ-ას იმავე მუხლებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ ვ. ღ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ბ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს; ვ. ღ-ლი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი დ. ბ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ვ. ღ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
დაზარალებული ნ. ლ-ძე შესაგებელში აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, დაუზუსტებელი და ამის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. დაზარალებული ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში უცვლელად დატოვებას, ხოლო სამოქალაქო ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის 16 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის მსჯავრდებულების _ გ. უ-ას, ლ. ა-სა და ლ. ბ-ის, დაზარალებულების _ ნ. ლ-სა და ნ. მ-ის, მოწმეების _ ნ. მ-სა და ნ. ზ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, მათი ურთიერშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ გ. უ-ამ, ლ. ა-მა, ლ. ბ-ემ და ვ. ღ-მა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ღ-ლი ეჭვმიტანილის სახით დააკავეს 2005 წლის 16 ნოემბერს (ტ. 1, ს.ფ. 50-53; ტ. 3, ს.ფ. 97-100). გამომძიებლის 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით, ვ. ღ-ლი განთავისუფლდა დაკავების ადგილიდან (ტ. 1, ს.ფ. 73-74; ტ. 3, ს.ფ. 145-146). შესაბამისად, ვ. ღ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავების დრო _ 2005 წლის 16 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე _ 2 დღე.
ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, გ. უ-ას, ლ. ა-ლს, ლ. ბ-სა და ვ. ღ-ლს დანიშნული აქვთ სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
ამასთან, მსჯავრდებულებს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრათ დაზარალებულ ნ. ლ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არც დაზარალებული და არც მსჯავრდებულები, შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელედ და მოპასუხეებად ცნობილი არ ყოფილან.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულებს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღსანიშნავია, რომ განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებაში მითითებულია საქმეზე სამოქალაქო სარჩელის არ არსებობის შესახებ (ტ. 3, ს.ფ. 297).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ვ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულების _ ვ. ღ-ის, გ. უ-ას, ლ. ბ-სა და ლ. ა-სათვის სოლიდარულად დაზარალებულ ნ. ლ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში.
მსჯავრდებულ ვ. ღ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო _ 2005 წლის 16 ნოემბრიდან 2005 წლის 18 ნოემბრამდე _ 2 (ორი) დღე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.