განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
6კოლ ქ. თბილისი
12 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ გ. ე-ის
ადვოკატების _ მ. ჯ-ის, ი. ჭ-ას
მონაწილეობით განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ც-სა და მსჯავრდებულ გ. ე-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით გ. ე-რს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 19,108-ე მუხლით, 239-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის ,,ზ”, ,,კ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 21 სექტემბერს გ. ე-რი ცოლ-შვილთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ გ. ც-თან, ვისთანაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 21.30 საათზე გ. ე-რი ცოლ-შვილთან ერთად „ბმვ”-ს მარკის ავტომანქანით გამოემართა გორის რაიონის სოფელ ---ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლისაკენ. სოფელ ---ში, ღვთისმშობლის ეკლესიასთან, ხალხმრავლობის გამო მან ვერ შეძლო თავისუფლად მოძრაობა, ავტომანქანიდან გაბრაზებით გადმოსულმა იქ მყოფ მოქალაქეთა მიმართ გამოხატა აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც მასთან მივიდა ნაცნობი, სოფ. ა---ში მცხოვრები შ. ჭ-ძე, რომელმაც სთხოვა სოფ. ---მდე წაყვანა. გ. ე-მა უხეშად მიმართა შ. ჭ-ეს და მოსთხოვა გასცლოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღიდან ესროდა. აღნიშნულზე გ. ე-რს სიტყვიერი უთანხმოება მოუვიდა შ. ჭ-სთან და მასთან ერთად მყოფ სოფ. ---ში მცხოვრებ ნ. ბ-თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გ. ე-მა კუთვნილი ავტომანქანიდან ამოიღო მასზე შენახვის უფლებით განპიროვნებული ,,იჟ-75” სისტემის პისტოლეტი, რომელსაც საბრძოლო მასალასთან ერთად პერიოდულად ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე ესროლა ნ. ბ-ლს, რომელმაც მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. აღნიშნულის შემდეგ გ. ე-მა კვლავ განაგრძო რა ხულიგნური ქმედება, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხალხის მიმართულებით კიდევ რამდენჯერმე ისროლა იარაღიდან, რა დროსაც ტყვია მოხვდა იქვე ახლოს მდგომ, სოფ. ---ში სტუმრად მყოფ ა. მ-ლს, რომელიც გორის რაიონულ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ. ე-რი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
გ. ე-რს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 239-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.
გ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.
გ. ე-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ გ. ე-რს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ც-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ გ. ე-რს მის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ლ-ემ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ც-მა და მსჯავრდებულმა გ. ე-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. ლ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ სასამართლომ დამნაშავის ქმედებას მისცა არასწორი კვალიფიკაცია და დანიშნული სასჯელიც აშკარად შეუსაბამოა მსჯავრდებულის ქმედებასა და პიროვნებასთან, ასევე უკანონოა განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ც-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ გ. ე-რს სასამართლო კოლეგიამ არასწორად მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, ასევე არასწორად შეუმცირა სამოქალაქო სარჩელით მოთხოვნილი დასაკისრებელი თანხა; სასამართლო კოლეგიას გ. ე-სათვის სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით უნდა შეეფარდებინა არა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ _ უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებული გ. ე-რი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, გაყალბებულია საქმის რეალური სურათი.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ჯ-მა და ი. ჭ-ამ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ დადგენილი განაჩენი მიიჩნიეს უკანონოდ, იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმება და გ. ე-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. ე-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და გ. ე-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.
პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ც-ის ჩვენებებით, მოწმეების _ ც. მ-ის, შ. ჭ-ის, გ. შ-ის, თ. ტ-ის, თ. თ-ის, ზ. თ-ის, კ. ს-ის, კ. რ-ის, მ. მ-ის, გ. მ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, წარმოდგენის, დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, ალკოჰოლის მოხმარებისა და სიმთვრალის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების ¹-- ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბალისტიკური, ავტოსასაქონლო, სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით გ. ე-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულ გ. ე-ის პიროვნება, ის, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ყადაღა დაედო გორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ბრალდებულ გ. ე-ის სახელზე რიცხულ უცხოური წარმოების ცხრა მსუბუქ ავტომანქანას, რომლებიც დღეის მდგომარეობით სხვადასხვა პირზეა გაცემული მინდობილობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსსკ-ის 498-ე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, არ არის გადაწყვეტილი საკითხი იმის თაობაზე, გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად გ. ე-ის კუთვნილ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა დარჩეს უცვლელად სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ც-სა და მსჯავრდებულ გ. ე-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ გ. ე-ის კუთვნილ ქონებაზე დადებული ყადაღა განჩინების სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში აღსრულებამდე დარჩეს უცვლელად.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ გ. ე-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.