განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 01.02.2007
საქმის ნომერი
2კ-22-I-06
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22I ქ. თბილისი

1 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ა-ის

რეაბილიტირებულ _ თ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა რეაბილიტირებულ თ. მ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ი. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ 2002 წლის 31 მარტს აღძრა სისხლის სამართლის საქმე თ. მ-ის მიმართ და იგი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბე.

2002 წლის 17 მაისს თ. მ-ლი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად, 2002 წლის 14 ივნისს კი ბრალდებულის სახით იქნა პასუხისგებაში მიცემული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით. დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 23 თებერვალს თ. მ-ის მიმართ დაადგინა გამამართლებული განაჩენი. მას მოეხსნა ყველა ბრალდება და გამართლდა იმ საფუძვლით, რომ არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. სასამართლომ თ. მ-ლს განუმარტა რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლება.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 აპრილის განჩინებით ასევე უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის ზემომითითებული გამამართლებელი განაჩენი.

2005 წლის 12 ოქტომბერს გამართლებულმა თ. მ-მა განცხადებით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

აღნიშნული განცხადებით თ. მ-ლი მოითხოვდა მის რეაბილიტირებულად ცნობასა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის (ტრანსპორტისა და კვების ხარჯების სახით _ 300 ლარი, ქსეროქსზე დოკუმენტების გადაღებისათვის გაწეული ხარჯებისათვის _ 100 ლარი, მიუღებელი ხელფასის სახით _ 61 200 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის _ 150 ლარი) _ 61 750 ლარის ოდენობითა და მორალური ზიანის _ 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თავის მოთხოვნას განმცხადებელი ასაბუთებდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი იძულებული გახადეს, დაეწერა განცხადება ---ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რითაც დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე როგორც თვითონ, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი მცირეწლოვანი შვილები და ავადმყოფი, მოხუცებული დედა, მას ასევე ხელი შეეშალა სხვა სამსახურში მოწყობაშიც. წლების განმავლობაში წინასწარი გამოძიების ორგანოებსა და სასამართლო ინსტანციებში სიარულით და განცდებით მისმა ოჯახმა მატერიალურ ზიანთან ერთად, რაც დაკავშირებული იყო სათანადო ორგანოებში გამოცხადებასა და საქმის წარმოებასთან, მიიღო დიდი ნერვული სტრესი. განსაკუთრებით დაზარალდნენ მისი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ხედავდნენ განერვიულებულ მამას. უკანონო პასუხისგებაში მიცემით ასევე შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

თ. მ-ლს 2002 წლის 17 ივნისს, წინასწარი გამოძიებისას, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რის გამოც ვერ წავიდა სამუშაოდ რუსეთში, სადაც გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება და ხელფასის სახით უნდა მიეღო 61 200 ლარი, რომელიც ვერ მიიღო. გარდა ამისა, მიიღო ქონებრივი ზიანი ტრანსპორტისა და კვების ხარჯების სახით _ 300 ლარი, ქსეროქსზე დოკუმენტების გადაღებისათვის გაწეული ხარჯებისათვის _ 100 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის _ 150 ლარი.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის დადგენილებით განმცხადებელ თ. მ-ის მოთხოვნა სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო მოქმედებით მიყენებული ქონებრივი ზიანის, ტრანსპორტისა და კვების ხარჯების სახით _ 300 ლარის, ქსეროქსის ხარჯებისათვის _ 100 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის _ 150 ლარისა და მორალური ზიანის _ 450 ლარის, სულ 1000 ლარის ანაზღაურება განმცხადებლის სასარგებლოდ; დანარჩენ მოთხოვნებზე თ. მ-ლს ეთქვა უარი.

სასამართლომ ჩათვალა რა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენებით თ. მ-ლი გამართლებულ იქნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იგი რეაბილიტირებულია, არ იმსჯელა მის რეაბილიტირებულად ცნობაზე. ამასთან, თ. მ-ლს განუმარტა, რომ განაჩენით ის უკვე რეაბილიტირებულია.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის დადგენილება გაასაჩივრეს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. ჯ-მა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: თ. მ-ლი ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდეს პუბლიკაცია თ. მ-ის რეაბილიტაციის შესახებ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება _ 900 ლარის ოდენობით, საიდანაც ქონებრივი ზიანი, ტრანსპორტისა და კვების ხარჯების სახით, შეადგენს 300 ლარს, ადვოკატის მომსახურებისათვის _ 150 ლარს, ხოლო მორალური ზიანი _ 450 ლარს.

რეაბილიტირებული თ. მ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს მორალური ზარალის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანაცდენი სარგებლის ანაზღაურება _ 61 200 ლარით ან საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის თანახმად _ 43 700 ლარის ოდენობით; დაევალოს გაზეთ ,,---” რედაქტორს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია თ. მ-ის რეაბილიტირებულად ცნობის შესახებ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი ი. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ თ. მ-თვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განჩინება არის უკანონო, კერძოდ: ა) დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებენ უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება არ უნდა გასცდენოდა ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ ფარგლებს; ბ) დარღვეულია ასევე საქართველოს სსსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, რეაბილიტირებულს უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით, დაცვის განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში თ. მ-ლს უნდა წარმოედგინა ადვოკატთან შეთანხმებისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტები, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ქვითარი ვერ იქნება მიჩნეული იმის სარწმუნო მტკიცებულებად, რომ მან ნამდვილად გადაუხადა 150 ლარი ადვოკატს, ვინაიდან მსგავსი ე.წ. ,,ქვითარი” არ წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას; გ) ასევე უკანონოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის რეაბილიტირებულის სასარგებლოდ ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების დაკისრება, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა _ თ. მ-ლს არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული ზეპირი განცხადება არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას და, ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, ითვლება დაუშვებელ მტკიცებულებად.

საკასაციო პალატის სხდომაზე რეაბილიტირებულმა თ. მ-მა დააზუსტა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ, მან უარი თქვა ანაცდენი სარგებლის _ 61 200 ლარის ანაზღაურებაზე; იშუამდგომლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მორალური ზარალის სახით 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება; გაზეთ ,,---” მისი რეაბილიტირებულად ცნობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. ა-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ი. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო რეაბილიტირებულ თ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ზიანი მიადგა უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში არც დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებითა და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის შესაბამისად, არ მომხდარა იმ გარემოების გამოკვლევა, მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას თ. მ-ლი იყო თუ არა დაკავებული, რომლის დადგენის შემთვევაშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, ემსჯელა თ. მ-თვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ფულადი კომპენსაციის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რადგან საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტი და მისცეს სამართლებრივი შეფასება.

მაშასადამე, სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა მოხდეს აღნიშნული გარემოების გამოკვლევა და ამის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ფულადი კომპენსაციის სახით მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის დაკისრების თაობაზე, თუკი ამის საფუძველი დადგინდება.

ამასთან, პალატა თვლის, რომ არასწორია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში არსებული მითითება იმის თაობაზე, რომ, მართალია, ,,დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენებით თ. მ-ლი გამართლებულ იქნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რეაბილიტირებულია, მაგრამ სასამართლოს დადგენილებაში იგი უნდა ეცნო რეაბილიტირებულად”.

საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ი”, ,,კ” და ,,მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ”.

საქმის მასალების მიხედვით, დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 23 თებერვალს თ. მ-ის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

პალატა თვლის, რომ თ. მ-ის რეაბილიტაციის საფუძველია სასამართლოს მიერ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენები და განჩინება. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირის მიმართ ასეთი მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ იგივე პირი, ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რაც საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს მხედველობაში.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში არ არის დაზუსტებული, თუ სასამართლოს რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იქნეს გამოქვეყნებული პუბლიკაცია თ. მ-ის რეაბილიტაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამართლებულის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში პუბლიკაციის გამოქვეყნება უნდა მოახდინოს იმ სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებითაც იგი რეაბილიტირებულია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ არის განხორციელებული, რეაბილიტირებულს უფლება რჩება შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში პუბლიკაციის გამოქვეყნება გამართლებულის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის შესახებ უნდა მოხდეს მარეაბილიტირებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქმის ხელახალი განხილვისას.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აუქმებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებას და სისხლის სამართლის საქმეს აგზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის, საკასაციო პალატა არ აკმაყოფილებს რეაბილიტირებულ თ. მ-ის საჩივარს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე უნდა იმსჯელოს მხარეთა საჩივრებში მითითებულ მოტივებთან დაკავშირებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ი. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რეაბილიტირებულ თ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.