განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹11 3 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ გ. ო-ის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის _ გ. ფ-ის
რეაბილიტირებულ _ რ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა რეაბილიტირებულ რ. ჩ-სა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2004 წლის 6 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მუშაკების მიერ ქ. ბათუმში, ---ის ქუჩის ¹5 შესახვევში მცხოვრებ რ. ჩ-ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება “---”, წონით 10,8 გრამი. იმავე დღეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა “რგდ-5”-ის სისტემის საბრძოლო ხელყუმბარა კაფსულ-დეტონატორით. აღნიშნულ ფაქტზე 2004 წლის 6 იანვარს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (¹--) რ. ჩ-ის მიმართ, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. რ. ჩ-ლს 2004 წლის 8 იანვარს ამავე მუხლებით წარედგინა ბრალდება.
2004 წლის 16 თებერვალს წინასწარი გამოძიების პროცესში რ. ჩ-ის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დამატებით დაიკითხნენ მოწმეები ც. თ-რი და ჯ. დ-ძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუნახავთ, საიდან იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და ხელყუმბარა.
აღნიშნული გარემოების საფუძველზე, გამომძიებელმა რ. ჩ-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკები, ასევე პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება “---”, წონით 10,8 გრამი, აგრეთვე, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა “რგდ-5”-ის სისტემის საბრძოლო ხელყუმბარა, თავისი კაფსულ-დეტონატორით, ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად და ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის საქმიდან.
2004 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით რ. ჩ-ის ბრალდების საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
2005 წლის 28 თებერვალს რ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უკანონო პატიმრობით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. მისი განცხადების საფუძველზე საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, რომლის 2005 წლის 13 ივნისის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე სისხლის სამართალწარმოების წესით და 2006 წლის 18 მაისის დადგენილებით რ. ჩ-ლს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა რ. ჩ-მა, რომელიც საჩივრის მოტივებად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ მას შემდეგ, რაც შეწყვიტეს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მისთვის არ განუმარტავთ რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლისა, პროკურორს უნდა განესაზღვრა რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, გადაეცა საქმე სასამართლოსათვის განსჯადობით, ხოლო მოსამართლეს ერთი თვის ვადაში უნდა ჩაეტარებინა სხდომა და მიეღო გადაწყვეტილება რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით რ. ჩ-ის კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, აპელანტი ცნო რეაბილიტირებულად და მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დააკისრა 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რეაბილიტირებულმა რ. ჩ-მა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი რ. ჩ-ლი თავისი საჩივრით ითხოვს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო მოქმედებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს მის სასარგებლოდ დაეკისროს 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა, ვინაიდან, მისი აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა ოდნავადაც ვერ ასახავს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის სიმძიმეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ძე თავისი საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და რეაბილიტირებულ რ. ჩ-ლს უარი ეთქვას მორალური ზიანის ფულად კომპენსაციაზე. კასატორი ასეთ მოთხოვნას აყენებს შემდეგი მოტივებით:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: “ზიანის ანაზღაურება და უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის (პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ) გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში”. ვინაიდან რ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა 2004 წლის 28 თებერვალს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, იმ მოტივით, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, ამდენად, მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის უნდა მიემართა აღნიშნული აქტის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში, ანუ 227-ე მუხლი ასევე ეხება პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, რის გამოც რ. ჩ-ის მოთხოვნა ხანდაზმული იყო და ამიტომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კასატორის აზრით, ასევე დაუსაბუთებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხის დაკისრება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიუთითოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ასიგნებაზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ მიზნებისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას აგრეთვე ფულადი კომპენსაციით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციით მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია.
გარდა აღნიშნულისა, კასატორი გ. გ-ძე თავის საჩივარში აყენებს ალტერნატიულ მოთხოვნას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო არ გაიზიარებს მის საჩივარში მითითებულ მოტივებს, მაშინ რ. ჩ-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა უნდა შემცირდეს და იგი განისაზღვროს გონივრულ ფარგლებში
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას რეაბილიტირებულმა რ. ჩ-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს. მან აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სწორია იმ ნაწილში, რომლითაც იგი რეაბილიტირებულად ცნო და დაადგინა მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნული კომპენსაციის 3000 (სამი ათასი) ლარით განსაზღვრის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი არ არის სამართლიანი და აშკარად არ შეესაბამება უკანონობის შედეგად მის მიერ განცდილი მორალური ტანჯვის სიმძიმეს.
რეაბილიტირებულმა რ. ჩ-მა ითხოვა, რომ დაკმაყოფილდეს მისი კერძო საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გ. ფ-ემ მხარი დაუჭირა გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელთა შესახებ აღნიშნულია საჩივრის დასაბუთებაში. მან მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემისათვის. ამავე დროს, გ. ფ-ემ აღნიშნა, რომ თუკი საკასაციო პალატა დაეთანხმება ფულადი კომპენსაციის გაცემას, მაშინ აუცილებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაზუსტდეს ადრესატი, რომელსაც უშუალოდ უნდა დაეკისროს საკომპენსაციო თანხის გადახდა.
პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ო-ემ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინება მიაჩნია დასაბუთებულად და საფუძვლიანად, რის გამოც არ ეთანხმება რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის მოთხოვნას მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გაზრდის თაობაზე, ამასთან, იზიარებს ფინანსთა სამინისტროს შენიშვნას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ განჩინებაში დასაზუსტებელია, თუ ვის უნდა დაეკისროს უშუალოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა. ამ მიმართებით პროკურორი გ. ო-ძე ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის მიმართ, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრების მოთხოვნები არსებით ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორ გ. გ-ის საჩივარში ჩამოყალიბებულ პოზიციას რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილში განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა რეაბილიტირებულის მიერ ზიანის კომპენსაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენასთან დაკავშირებით, ცალსახად შეეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როცა რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში საქმის განხილვისას. როდესაც რეაბილიტაციის საფუძველი დგინდება წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ასეთ შემთხვევებზე ზემოხსენებული ექვსთვიანი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს სსსკ-ის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე კასატორ რ. ჩ-ის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მის სასარგებლოდ განსაზღვრული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე, ვინაიდან ასეთი კომპენსაციის მოცულობა განისაზღვრება მთელ რიგ გარემოებათა ერთობლივად გათვალისწინებით. კერძოდ: იმყოფებოდა თუ არა რეაბილიტირებული უკანონო პატიმრობაში; რამდენ ხანს დაჰყო მან პატიმრობაში; ასევე, რამდენად რეალურია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეაბილიტირებულის სასარგებლოდ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესაძლებლობები; როგორია ასეთ საკითხებზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა და სხვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საფუძვლიანია და ამ ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებობს გარკვეული შეუსაბამობა იმასთან მიმართებით, თუ ვინ უნდა აანაზღაუროს კონკრეტულად რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის სასარგებლოდ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 219-227-ე მუხლებით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რეაბილიტირებულ რ. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში სიტყვები _ “დაეკისროს ფინანსთა სამინისტროს” შეიცვალოს სიტყვებით: “მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან”.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.