შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 18.06.2007
საქმის ნომერი
87საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

87 საზ ქ. თბილისი

18 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით

ა. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 ნოემბრიდან.

ამავე განაჩენით მ. ნ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, სსკ-ის 133-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, სსკ-ის 212-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით – 3 (სამი) წლით, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მ. ნ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 27 იანვრიდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. მ-ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმ პირის მიერ, ვისაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა.

მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ძე საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ განაჩენის შესაბამისობაში მოყვანას, სასჯელის შემსუბუქებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია) პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე. აღნიშნული ქმედება ამჟამად შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა, მსჯავრდებულ ა. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ვინაიდან ახალი კანონით აღნიშნული ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. მ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი შეამოწმა სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებზეც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ მ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ასევე, მისი ქმედებები: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 133-ე მუხლიდან (ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. რაც შეეხება მ. ნ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებს, ამ ნაწილში მის მიმართ განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით. იგივე განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 1 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ა. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

მსჯავრდებულ მ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების – ა. მ-სა და მ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.