შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.04.2007
საქმის ნომერი
376საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

376 საზ ქ. თბილისი

27 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ – ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 მაისის განაჩენით ზ. მ-ნი, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) – 15 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლით – 4 წელი, სსკ-ის 17,104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეშვიდე პუნქტებითა და სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით –სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულ ზ. მ-ნს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა - შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ზ. მ-ნს სასჯელის ათვლა დაეწყო 1995 წლის 15 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული ზ. მ-ნი საჩივრით ითხოვს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 1996 წლის 6 მაისის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას 15 წლამდე იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

საკასაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ზ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (ზემოხსენებული რედაქცია) სანქცია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია მითითებული სანქცია. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. მ-ნს ამჟამად სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ადვოკატმა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასიკეთოდ.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, იმ მიმართებით, რომ ზ. მ-ნს სასჯელის ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. მ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. მ-ნს განაჩენით განაჩენით ჰქონდა შეფარდებული სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტების (1960 წლის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განზრახი მკვლელობისთვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო ზ. მ-ნს სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ხოლო ორი ან რამდენიმე პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლებია აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ამრიგად, ზ. მ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალასაზრსით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას – მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი, (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 15 წლამდე. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასჯელი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტი წლის ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას. ანალოგიურად უნდა გადაწყდეს საკითხი ზ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე (მითითებული რედაქცია).

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის _ განზრახი მკვლელობა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით _ ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისთვისთვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იგივე უნდა აღინიშნოს ზ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით (მითითებული რედაქცია) კვალიფიკაციის თაობაზე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. იმავე გარემოების გამო ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით (მითითებული რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის მცდელობისთვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი დამთავრებული დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედზე მეტი, მსჯავრდებულ ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. მ-ის სხვა ქმედების კვალიფიკაციას, განსაზღვრულს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტთან (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

სსკ-ის 152-ე მუხლის მეხუთე ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ნს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლისა და 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, აგრეთვე, საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე განსაზღვრული სასჯელები.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ნს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 მაიაისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ზ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და სსკ-ის 56-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა დაენიშნოს 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეტა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.; სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 152-ე მუხლი მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტთან და მსჯავრდებულს განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1995 წლის 15 დეკემბრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.