დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
420/საზ ქ. თბილისი
21 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:
გ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,ვ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. ჭ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. თ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულების _ ნ. ჭ-სა და დ. თ-ას მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, ხოლო განაჩენი მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების _ ნ. ჭ-სა და დ. თ-ას მიმართ სასჯელის ნაწილში, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ნ. ჭ-ლს შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულ დ. თ-ას შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენი მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვა და მისაკუთრება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ-ძე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო:
1. მიეცეს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საშუალება;
2. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ითხოვს გ. კ-სათვის დანიშნული სასჯელის 1/3-ით ანუ ორი წლით, ე.ი. 4 წლამდე შემცირებას, ხოლო დანარჩენი 2 წლის პირობითად ჩათვლას;
3. ან ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმუმი სანქციიდან სასჯელის მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლას;
4. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ითხოვს, რომ გ. კ-ეს სასჯელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით შეეფარდოს სათანადო ოდენობის ჯარიმა;
5. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გ. კ-ეს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მიესაჯოს სანქციის მინიმუმი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
2003 წლის 17 ნოემბერს, ანუ გ. კ-ის მიმართ განაჩენის გამოტანის დროისათვის, მოქმედი სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის სანქცია ითვალისწინებდა 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; 2006 წლის 28 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებით დღეს მოქმედი იმავე დელიქტის შესაბამისი “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებების სანქციის მაქსიმუმი კი ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებას. მსჯავრდებულმა გ. კ-ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული; დანაშაულის აღიარება და თანამონაწილეთა დასახელება, წლევანდელი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს აძლევს უფლებას, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
გარდა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დამკვიდრებისა და მსჯავრდებულზე ინკრიმინირებული დანაშაულის სანქციის შემცირებისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სსსკ-ის 64-ე პრიმა თავი ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმებას, ხოლო ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 55-ე მუხლი _ კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, რაც სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებაა. საპროცესო შეთანხმება არ არის გამორიცხული ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას და ამის საშუალებას იძლევა ასევე ახლად გამოვლენილი გარემოება სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის სახით, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა შეიძლება, დამატებით სასჯელად დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როცა სანქციაში იგი ასეთად არ მოიაზრება და გ. კ-ის გასამართლების დროისათვის მაშინ მოქმედი სსკ-ის 30-ე და 264-ე მუხლები არ იძლეოდნენ ჯარიმის გამოყენების საშუალებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ საჩივრის სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი გარემოებანი უნდა იქნეს მიჩნეული ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კონკრეტულად მიუთითებს იმ ორ საფუძველზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პირის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, კერძოდ:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივარში მითითებული გარემოებანი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.
რაც შეეხება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ 2003 წლის 17 ნოემბერს, ანუ გ. კ-ის მიმართ განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის სანქცია ითვალისწინებდა 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, 2006 წლის 28 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებით კი დღეს მოქმედი იმავე დელიქტის შესაბამისი “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებების სანქციის მაქსიმუმი ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებას, პალატა განმარტავს, რომ, მართალია, ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის სანქციის მაქსიმალური ზღვარი შემცირდა 1 წლით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებას, ვინაიდან გ. კ-ის მიმართ სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის სანქციის ფარგლებშია.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ნ. ჭ-სა და დ. თ-ას მიმართაც, რომლებიც განჩინებით ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ მათ მიმართ განჩინების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 15 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულების _ გ. კ-ის, ნ. ჭ-სა და დ. თ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.