შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 25.04.2007
საქმის ნომერი
25საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹25/საზ ქ. თბილისი

25 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასსამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

მ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი პუნქტით _ სიკვდილით დასჯა, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ზომა _ სიკვდილით დასჯა;

ა. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 205-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 205-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო _ 1 წელი და 28 დღე ჩაეთვალა სასჯელის მოსახდელ დროში, იგი ეკმარა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა;

შ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 17,133-ე მუხლითა და 150-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდებები მოეხსნა და ამ ნაწილში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით (ა. მ-ის ბინის ყაჩაღობის ნაწილში) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამ ეპიზოდში მის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 26 თებერვლის დადგენილება ,,ამნისტიის შესახებ” და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა; 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 206-ე მუხლით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 17 ოქტომბრიდან;

თ. ბ-ის ქმედებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი პუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 5 წლის ვადით საპყრობილეში მოხდით და სასჯელის მოხდის შემდეგ 3 წლის ვადით გასახლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 19 ოქტომბრიდან;

ი. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 19,104-ე მუხლის პირველი პუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 17 ოქტომბრიდან.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹--ე ბრძანებულებით მსჯავრდებულ მ. დ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 17 ოქტომბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ მ. დ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით მოქალაქეთა პირადი ქონების გამოძალვა; არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

მსჯავრდებული მ. დ-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი და ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას, ასევე მოსახდელი სასჯელის რეჟიმის განსაზღვრას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა მ. დ-ის მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მისი მსჯავრდების სამართლებრივ შედეგზე. ადვოკატმა მიუთითა, რომ მ. დ-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (ზემოხსენებული რედაქცია) სანქცია დამამძიმებელ გარემოებაში _ ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია მითითებული სანქცია _ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა ნ. ბ-მა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ მ. დ-ის სასიკეთოდ იმ მიმართებით, რომ მას ეკმაროს 13 წელი და 7 თვე და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა, მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ მ. დ-ის მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით დანიშნულ სასჯელს და რომელთა გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ეს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ. დ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. დ-ძე საჩივრით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის გამო მსჯავრდების ნაწილში მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც აღინიშნა, მ. დ-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო მ. დ-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, მ. დ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მ. დ-ის მიერ ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში მ. დ-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ეს, რომელსაც წინათ განჩინებით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განჩინებაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. დ-ის საჩივრის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ შეიცვალოს სასჯელის მოხდის რეჟიმი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონში ,,პატიმრობის შესახებ” 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებების შედეგად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ა. კ-ის, შ. კ-ის, თ. ბ-სა და ი. კ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით შ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 206-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ათ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ შ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ შ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 206-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ შ. კ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ ა. კ-ეს, თ. ბ-სა და ი. კ-ეს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მათ მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ მ. დ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1993 წლის 17 ოქტომბრიდან;

მსჯავრდებულ შ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ, შ. კ-ეს მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ა. კ-ის, თ. ბ-სა და ი. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.