შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.05.2007
საქმის ნომერი
112საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

112-საზ ქ. თბილისი

11 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. პ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:

გ. მ-ხი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ.) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 203-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ გ. მ-ხს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან;

გ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ.) 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 214-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ც-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან;

მ. ყ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ.) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 214-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ყ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან;

გ. ჭ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 22 მაისიდან.

განაჩენით გ. მ-ხს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სხეულის მძიმე დაზიანებით.

მსჯავრდებული გ. მ-ხი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ხს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით, 203-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს გ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ ითვალისწინებს.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 203-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ხს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და გ. მ-ხს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ გია მესხს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ გ. ც-ის, მ. ყ-სა და გ. ჭ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით გ. ჭ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 22 მაისიდან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. განაჩენით გ. ც-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით, ხოლო მ. ყ-ეს საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტებით, 213-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულების _ გ. ც-სა და მ. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ ითვალისწინებს.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ გ. ც-სა და მ. ყ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედ.), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ. ც-ძე და მ. ყ-ძე წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ. რედ.) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულების _ გ. ც-სა და მ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მსჯავრდებულებს _ გ. ც-სა და მ. ყ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროთ 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით, ხოლო მ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები _ 213-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, მსჯავრდებულ მ. ყ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 213-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. მ-ხს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება;

მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ-ხს სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წელი და გ. მ-ხს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ-ხს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან.

გ. მ-ხს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 22 მაისიდან. გ. ჭ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

მსჯავრდებულების _ გ. ც-სა და მ. ყ-ეს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება;

მსჯავრდებულების _ გ. ც-სა და მ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ გ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ც-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან.

მსჯავრდებულ მ. ყ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 213-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 214-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ყ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 იანვრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.