დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
216საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

216-საზ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ქ. შ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-5, მე-6 პუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ქ. შ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. სასჯელის ათვლა დაეწყო 2000 წლის 21 მაისიდან.

მსჯავრდებული ქ. შ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ქ. შ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ქ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

განაჩენით დადგენილია, რომ 1999 წლის დეკემბრიდან ქ. შ-ძე ცეცხლსასროლ იარაღს სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ ინახავდა და ატარებდა.

1999 წლის 24 დეკემბერს ქ. შ-ძე, ყაჩაღური თავდასხმით სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, წინასწარ შეუთანხმდა მასთან სტუმრად მყოფ ბ. ჯ-ეს, რომ ისინი დააყაჩაღებდნენ ტაქსის მძროლებს და აჩვენა იარაღი. შეთანხმებისამებრ, მათ განახორციელეს არაერთი ყაჩაღური თავდასხმა.

ამრიგად, მსჯავრდებული ქ. შ-ძე სხვა პირთან წინასწარ შეკავშირდა დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში მასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ქ. შ-ემ დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ქ. შ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე, მეექვსე პუნქტებით, სსკ-ის 128-ე მუხლით, სსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ქ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ქ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.