ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1255 აპ 6 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ის დამცველი ადვოკატების _ მ. შ-სა და ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის განაჩენით: მ. ბ-ი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ქ. თბილისში, ......, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრების პრინციპით, მ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ზ. ა-ძე, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ქ. თბილისში, ...., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრების პრინციპით, მ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მ. ბ-სა და ზ. ა-ს მსჯავრი დაედოთ ქურდობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, მ. ბ-ს მსჯავრი დაედო ასევე დეზერტირობისათვის. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 ივლისს, გამთენიისას, ზ. ა-ძე და მ. ბ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ჩაედინათ ქურდობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩის ¹.... საცხოვრებელი ბინის ეზოში, სადაც გაჩერებული იყო მოქალაქე ნ. ნ-ს კუთვნილი ავტომანქანა _ „ფოლცვაგენ-ვენტო“, სახ. ¹.....-....., წინასწარ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ნ-ს მეუღლის _ მ. ვ-ის მიერ დაკარგული, აღნიშნული ავტომანქანის გასაღებით გახსნეს ავტომანქანის კარი, რის შემდეგაც მ. ბ-ი დაჯდა საჭესთან, ხოლო ზ. ა-ძე _ წინა მარჯვენა სავარძელზე, რითაც უკანონოდ დაეუფლნენ აღნიშნულ ავტომანქანას. თავიანთი ქმედებით მათ დაზარალებულს მიაყენეს 3500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. საბურთალოსა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთასთან მოძრაობისას აღნიშნული ავტომანქანა შეამჩნიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მათ მოთხოვნას, გაეჩერებინათ მანქანა, ზ. ა-ძე და მ. ბ-ი არ დაემორჩილნენ, ისინი შეეცადნენ გაქცევას. მათ შეუხვიეს ბახტრიონის ქუჩაზე და შევიდნენ ¹11 საცხოვრებელი ბინის ეზოში, სადაც შეეჯახნენ მოქალაქე ი. გ-ს კუთვნილ ავტოფარეხს და დააზიანეს ავტომანქანის უკანა, მარჯვენა ფრთა და კარი, რითაც დაზარალებულ ნ. ნ-ს მიაყენეს 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. შეჯახების შემდეგ მათ განაგრძეს მოძრაობა, გამოვიდნენ ბახტრიონის ქუჩაზე და გააჩერეს ავტომანქანა ბახტრიონის ქუჩის ¹12 საცხოვრებელი სახლის პირდაპირ, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და მიმალვის მიზნით გაიქცნენ ურთიერსაპირისპირო მიმართულებით, მაგრამ ისინი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
2005 წლის 28 თებერვალს მ. ბ-ი მთაწმინდა კრწანისის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში და იმავე დღეს სამხედრო ნაწილის მეთაურის ¹37 ბრძანების საფუძველზე იგი ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. თბილისის ¹06328 სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიაში. მ. ბ-ი აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე, მიენიჭა სამხედრო წოდება „რიგითი“ და დაინიშნა მსროლელად.
მ. ბ-მა 2005 წლის 22 მარტს თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით, რის შემდეგაც მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან და, მიუხედავად სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, დაებრუნებინათ იგი სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად, მ. ბ-ი სამხედრო ნაწილში აღარ დაბრუნებულა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა მ. მ-მა, აგრეთვე მსჯავრდებულმა ზ. ა-მ.
მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ს კუთვნილი ავტომანქანის ქურდობისა და, შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. კასატორის განმარტებით, მთელი რიგი შეუსაბამოებებია მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებს შორის, ხოლო, წინასწარი გამოძიების პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის 20 ივლისს ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და არ არის დატოვებული ზ. ა-სა და მ. ბ-ის მიერ, უფრო მეტიც, განსასჯელები საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს.
მსჯავრდებული ზ. ა-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ იგი არის აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატისა და მსჯავრდებულ ზ. ა-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულებს _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს ადვოკატებმა _ მ. შ-მა და ხ. ჩ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი _ მსჯავრდებულ მ. ბ-ს დამცველი, ადვოკატი მ. შ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივებით, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში.
კასატორი _ მსჯავრდებულ ზ. ა-ს დამცველი, ადვოკატი ხ. ჩ-ე თავისი საჩივრით ითხოვს ზ. ა-ს მიმართ გამამართლებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივებით, რაც მსჯავრდებულ ზ. ა-ს მითითებული ჰქონდა თავის სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ მ. ბ-ის, ზ. ა-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო მ. ბ-მა ასევე ჩაიდინა დეზერტირობა. მათი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი უარყოფისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განსაზღვრულია მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და შედეგების, მათი პიროვნების მახასიათებელი მონაცემებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ბრალის ხარისხის ადეკვატურ ზომას, არის სამართლიანი და დასაბუთებული.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს მიმართ უნდა გავრცელდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ისინი უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან. გარდა ამისა, მსჯავრდებული მ. ბ-ი იმავე კანონის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან, რის გამოც მსჯავრდებულებს _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს, შესაბამისად, უნდა შეუმცირდეთ განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელები და მათ მოსახდელად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 4 (ოთხი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ზ. ა-ს დამცველი ადვოკატების _ მ. შ-სა და ხ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებული მ. ბ-ი “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისა და ამავე კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან, შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ამავე განაჩენით მსჯავრდებული ზ. ა-ძე “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.