გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140აპ ქ. თბილისი
23 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე გ. ო-ის, ზ. მ-ის, ლ. მ-ის, ვ. ქ-ის, შ. ჩ-ის, თ. ჟ-ის, უ. ქ-სა და დ. ქ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განაჩენით გ. ო. _ დაბადებული .. .. .. წლის .. აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ», „ზ» ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ასევე _ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად ხელკეტის გამოყენებით.
ამავე განაჩენით: ზ. მ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. იანვარს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად დანის გამოყენებით; უ. ქ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და დ. ქ. _ დაბადებული 1981 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად ხელკეტის გამოყენებით, ხოლო ლ. მ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე; ვ. ქ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე; შ. ჩ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; თ. ჟ. _ დაბადებული .. .. .. წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 30 აპრილს გ. ო. ზ. მ. ლ. მ. დ. ქ. უ. ქ. და თ. ჟ. იმყოფებოდნენ კასპში, ტ. თ-ის ოჯახში, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 17 საათისათვის მთვრალები გამოვიდნენ ქუჩაში გ. ო-ის კუთვნილი ავტომანქანით. სამხედრო კომისარიატის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ შეხვდათ შ. ჩ. და ვ. ქ. მათ შენიშნეს .. .. .. ქუჩის ¹..-ში მცხ. ა. მ. და განიზრახეს, მის მიმართ გამოეჩინათ აშკარა უპატივცემულობა ძალადობით და უხეშად დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მისცვივდნენ ა. მ. დაუწყეს ხელებითა და ფეხებით ცემა და გინება უცენზურო სიტყვებით. მათი ხულიგნური ქმედების აღკვეთას შეეცადა იქ მისული ს. თ. რომელიც ა. მ-ის მეზობლად ცხოვრობდა. მან მოუწოდა ბიჭებს წესრიგისაკენ, თუმცა გ. ო-მა და სხვებმა კვლავ განაგრძეს ხულიგნური ქმედება, რა დროსაც თ. ჟ-მ ს. თ-ს დაუწყო ცემა და ფეხი ჩაარტყა მკერდის არეში. ამ დროს ა. მ-მა სცადა თავის დაღწევა და გაიქცა, ხოლო ზ. მ. გაეკიდა მომარჯვებული დანით, მაგრამ მან შეძლო, გასცლოდა იქაურობას. ს. თ-მ ამ დროს დაურეკა ბიძას _ მ. M-ს და სთხოვა მათთან მისვლა. რამდენიმე წუთში იმ ადგილზე მივიდნენ მ. M. და დ. მ. ისინი გადმოსულები არ იყვნენ მანქანიდან, რომ გ. ო. და მასთან მყოფი პირები მისცვივდნენ მათ და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მათი მოგერიების მიზნით მ. მ-მ ავტომანქანიდან ამოიღო ხელკეტი, თუმცა იგი წაართვა გ. ო-მა და ამ ხელკეტით დაუწყო მას გამეტებით ცემა თავსა და ხელში. გ. ო-ის შემდეგ ამავე ხელკეტით უ. ქ-მა და დ. ქ-მა დაუწყეს ცემა მ. მ-ს და მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნის მე-2 თითის არეში და დაჟეჟილი ჭრილობა კეფის არეში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჩხუბის დროს ს. თ. კვლავ შეეცადა ხულიგნური ქმედების აღკვეთას, მაგრამ თ. ჟ-მ კვლავ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი ჩაარტყა გულმკერდის არეში და დააგდო დაბლა, რის შედეგადაც ს. თ-სათვის მიყენებული დაზიანებები _ ექსკორაციები ორივე მუხლის სახსრის არეში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ყველა დანარჩენი განაგრძობდა მ. მ-ის ცემას. ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე თავი მოიყარეს მოქალაქეებმა, რომელთა თანდასწრებითაც გ. ო. და სხვები განაგრძობდნენ ხულიგნურ ქმედებას, მ. მ-ის, ს. თ-სა და დ. მ-ის ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
გ. ო-მა აღნიშნული ქმედებით გამოხატა აშკარა უპატივცემულობა იქ მყოფი პირებისა და იმ დროს გზაზე მიმავალი ლ. ხ-ს მიმართ, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ფეხით მიდიოდა სამხედრო კომისარიატის ტერიტორიაზე; ასევე აშკარად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გამოიხატა მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებთა მყუდროების დარღვევაში. მისი ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთს და შეწყდა შემთხვევის ადგილზე სხვა მოქალაქეთა მისვლის შემდეგ.
იმავე საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, გ. ო. თავისი ავტომანქანით იმყოფებოდა ქ. კ-ში, მდინარე ლეხურის მარცხენა სანაპიროზე, პ-ს ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან და ესაუბრებოდა ზ. მ-ს, თ. ჟ-სა და უ. ქ-ს. მათგან მოშორებით გაჩერდა თეთრი ფერის, „.. .. ..» მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ მ. მ. დ. ფ. ა. რ. და ს. თ.
მ. მ. გამოელაპარაკა მასთან მისულ ზ. მ-ს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ა. რ. და დ. ფ. გადავიდნენ მანქანიდან და ზ. მ-თან ერთად გავიდნენ მოშორებით, რათა გაერკვიათ, თუ რატომ სცემეს იმავე დღეს კომისარიატის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. მ-სა და სხვებს, რა დროსაც მათ შორის გაიმართა ხმამაღალი საუბარი. მ. მ-მ, რომელსაც მანქანის კარი ჰქონდა ღია და სხეულის მიტრიალებული იყო მოკამათეთა მხარეს, დაუძახა მეგობრებს და მოსთხოვა მაქანაში დაბრუნება. დ. ფ. და ა. რ. გამოემართნენ ავტომანქანისაკენ და აპირებდნენ ჩასხდომას, რა დროსაც გ. ო-მა განიზრახა მ. მ-ის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან საკუთარი ავტომანქანიდან ამოიღო თავისზე რეგისტრირებული, ცალპირიანი, „.. .. ..» მოდელის სანადირო თოფი, ლულა მიმართა მ. მ-ის მიმართულებით, რომლის გვერდით იყვნენ მისი არასრულწლოვანი დისშვილი ს. თ. და სხვა პირები, ორჯერ მიყოლებით გაისროლა, ხოლო შემდეგ, დაინახა რა, რომ მ. მ. რომელსაც ჭრილობა მიყენებული ჰქონდა კისრის არეში, დავარდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მივიდა მასთან და თოფის კონდახი ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნულის შემდეგ გ. ო-მა გადაწყვიტა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, რა დროსაც საკუთარი ავტომანქანით კასპი-იგოეთის საავტომობილო გზაზე მოუხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა.
მ. მ. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად კასპის რაიონულ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად. მითითებული დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას და მიზეზობრივ კავშირშია მ. მ-ის სიკვდილთან.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. ო-ს საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1 მაისიდან; ზ. მ-ს, დ. ქ-სა და უ. ქ-ს განესაზღვრათ 3-3 წლით, შ. ჩ-სა და თ. ჟ-ს _ 2-2 წლით, ხოლო ლ. მ-სა და ვ. ქ-ს თითოეულს _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყებათ დაკავების მომენტიდან. ზ. მ-ს, ლ. მ-სა და დ. ქ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვლებათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 29 ივნისიდან 2006 წლის 7 ივლისამდე, ვ. ქ-სა და უ. ქ-ს _ 2006 წლის 29 ივნისიდან 18 ივლისამდე, შ. ჩ-ს _ 2006 წლის 29 ივნისიდან 2006 წლის 5 ივლისამდე, ხოლო თ. ჟ-ს _ 2006 წლის 29 ივნისიდან 2006 წლის 3 ივლისამდე.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ს. თ-ის სამოქალაქო სარჩელი და გ. ო-ს მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 5 ათასი ლარის გადახდა, ხოლო ყველა მსჯავრდებულს ერთად ს. თ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 ათასი ლარის ოდენობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა _ ნ. და ლ. მ-ებმა, დაზარალებულმა ს. თ-მ, მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ადვოკატმა თ. მ-მ, მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატმა ა. ა-მა, მსჯავრდებულებმა _ ზ. მ-მა, ლ. მ-მა, შ. ჩ-მა და მათმა ადვოკატმა ა. შ-მა, ასევე _ თ. ჟ-ის ადვოკატმა გ. ჭ-მა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა და დაზარალებულმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს კასპის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ო-სათვის სასჯელის გამკაცრება, მისთვის ს. თ-ის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის, ხოლო ყველა მსჯავრდებულისათვის _ სოლიდარულად 10 ათასი ლარის დაკისრება.
ადვოკატმა თ. მ-მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. ქ-ის გამართლება, ხოლო ადვოკატმა ა. ა-მა _ კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ო-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ადვოკატმა ა. შ-მა სააპელაციო საჩივრებით ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების _ ზ. მ-ის, ლ. მ-სა და შ. ჩ-ის გამართლება, ადვოკატმა გ. ჭ-მა კი _ დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა და დამატებით სასჯელად 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ამასთან, კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განაჩენი შეიცვალა:
გ. ო-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ლ. მ-ს. ვ. ქ-ს, შ. ჩ-ს, თ. ჟ-ს, უ. ქ-სა და დ. ქ-ს მოეხსნათ სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; გ. ო-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ» პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ» ქვეპუნქტზე; გ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. მ-ს, შ. ჩ-სა და ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 2 ივლისიდან, თ. ჟ-ს კი _ 2007 წლის 9 ივლისიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, დადგენილია საქართველოს სსსკ-ის 496-ე, 503-ე და 509-ე მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით; სასამართლომ განაჩენი დაადგინა პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი მოთხოვნის საფუძველზე.
ადვოკატის განმარტებით, გ. ო-მა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული და აჩვენა, რომ კომისარიატის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა და ხულიგობა არ ჩაუდენია, მ. მ. მას სისტემატურად სთხოვდა ფულს, სამრეცხაოსთან დაემუქრა მოკვლით და წავიდა მანქანისაკენ, ხოლო გ. ო-მა მას დაასწრო, ამოიღო თოფი და ორჯერ ესროლა 2-3 მეტრის დაშორებიდან; ამ დროს მანქანაში არავინ იჯდა, ხოლო მეორე დღეს ჩაჰბარდა პოლიციას; გ. ო-ის ჩვენების სისწორეს ადასტურებენ ზ. მ. და უ. ქ. და აცხადებენ, რომ „მ. მ. იყო მკვლელი, ბევრი ჰყავდა მოკლული, არავის არაფერს აპატიებდა და ყველას მოკლავდა»; ს. თ. პირველ ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ადასტურებდა, რომ გასროლის მომენტში მანქანაში არავინ იჯდა; ა. რ-სა და დ. ფ-ის ჩვენებებით, გასროლის მომენტში მ. მ. იდგა მარტო, მასთან არავინ მდგარა; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ბეისბოლის ჯოხი, რომელიც აწ გარდაცვლილმა ჩაარტყა გ. ო-ს; დაუსაბუთებელია განაჩენის მტკიცება, რომ, თითქოს, სასიკვდილოდ დაჭრილ მ. მ-ს გ. ონეზაშვილმა თოფის კონდახი ჩაარტყა თავის არეში; გვამის სასამართლო-სამედიცინო და ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, ექსპერტების ჩვენებებით უდავოდაა დადგენილი, რომ მ. მ-სათვის მიყენებული 4 დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, ორი მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით, ერთი დაზიანება გაკერილია და დამუშავებულია ქირურგიულად, სხვა დაზიანება თავის არეში მას არ ჰქონია.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ იგნორირება გაუკეთა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, საერთოდ აარიდა თავი იმ მტკიცებულებათა განხილვას, რომლებითაც დასტურდებოდა მსჯავრდებულ გ. ო-ის ჩვენების სისწორე და ვერ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია სწორად მისთვის წარდგენილი ბრალდება; 3-5 მეტრის მანძილიდან თოფიდან ორჯერ გასროლა არ შეიძლება სხვა პირებისათვის წარმოადგენდეს საფრთხეს, მით უმეტეს, არ შეიძლება ასეთი ქმედება ჩაითვალოს განზრახ ჩადენილად, ვინაიდან გ. ო-ის განზრახვაში არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო იმის ნება, რომ სხვა ადამიანები საფრთხეში აღმოჩენილიყვნენ; ასევე დაუსაბუთებელია განაჩენის მოსაზრება, რომ გ. ო-ის ქმედებაში სახეზეა განსაკუთრებული სისასტიკე; ახლო ნათესავის თანდასწრებით მკვლელობის ჩადენა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, პირდაპირ არ არის კანონით გათვალისწინებული; ასეც რომ იყოს, დისშვილი ახლო ნათესავად ვერ ჩაითვლება, რადგან ახლო ნათესავის დეფინიცია იმპერატიულადაა განსაზღვრული სსკ-ის 109-ე მუხლის შენიშვნაში და სსსკ-ის 44-ე მუხლის 21-ე ნაწილით; გ. ო-სათვის არ იყო ცნობილი, რომ ს. თ. იყო მ. მ-ის დისშვილი, რაც დაადასტურა ს. თ-მაც და აღნიშნა, რომ გ. ო-ს პირადად არ იცნობდა და მასთან რაიმე შეხება არ ჰქონია; განსაკუთრებულ სისასტიკედ არ შეიძლება ჩაითვალოს განზრახი მკვლელობა ობიექტურად ახლო ნათესავების თანდასწრებით, თუ იმავდროულად დამნაშავის სუბიექტურ ნებას არ წარმოადგენს მკვლელობის დროს ახლობლისათვის განსაკუთრებული სულიერი ტანჯვა-წამების მიყენება ხალხმრავალ ადგილას; მკვლელობის ჩადენისას შესაძლებელია იყვნენ გარდაცვლილის ახლობლები, მაგრამ დამნაშავე ამას არ აღიქვამდეს სუბიექტურად და არ ანიჭებდეს მნიშვნელობას; კონკრეტულ შემთხვევაში გარდაცვლილის ახლობლების ყოფნა სრულიად ირელევანტურია დანაშაულის კვალიფიკაციისათვის, რადგან ეს გარემოება დამნაშავის ნებით არ იყო სუბიექტურად აღქმული და, შესაბამისად, მისი ქვენაგრძნობები არ იყო ამ დამამძიმებელი გარემოებებით განპირობებული.
ადვოკატ ა. ა-ის მოსაზრებით, გ. ო-ის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც მოჩვენებითი მოგერიება, რომლისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რით არის შეცდომა გამოწვეული; მთავარია, რომ განზრახვა გამოირიცხება, რადგან სახეზე არ არის განზრახვის ისეთი მესამე კომპონენტი, როგორიცაა ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება; ე.წ. „მოჩვენებითი მოგერიების» დროს, როგორც გაუფრთხილებლობისათვის, როცა პირმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, ე.ი. როცა შეცდომა თავიდან აცილებადი იყო, ხოლო ე.წ. „მისატევებელი შეცდომის» დროს პირი საერთოდ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, მის ქმედებაში განზრახვისა და გაუფრთხილებლობის არარსებობის გამო; ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირიცხება განზრახი ქმედება და საუბარი შესაძლებელია მხოლოდ გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე, რაც კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით.
განაჩენი უკანონოა გ. ო-ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილშიც, რადგან მას სამხედრო კომისარიატთან ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია; აღნიშნულს ადასტურებენ დ. მ. და ა. მ, რომლებიც კარგად იცნობდნენ გ. ო-ს და ის ჩხუბში არ დაუნახავთ; მათი ჩვენებებით უარყოფილია დაზარალებულ ს. თ-ის ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და ცრუ ჩვენებები, თითქოს ჩხუბში მონაწილეობდა გ. ო; გაუგებარია ის გარემოება, რომ დ. მ. და ა. მ. დაზარალებულებად არ ცნეს მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებულად მიიჩნიეს მათი ცემის ფაქტი; მსჯავრდებულებმა ხულიგნობის ჩადენა და მასში გ. ო-ის მონაწილეობა აღიარეს იმიტომ, რომ მათ დაჰპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და პირობითი სასჯელების შეფარდებას, საქმის მასალებით კი გ. ო-ის მონაწილეობა ამ ჩხუბში არ დასტურდება; სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. მ. მეტსახელად „ლაგერა», ორჯერ იყო ნასამართლევი; ის სისტემატურად სძალავდა ფულს გ. ო-ს და ემუქრებოდა სიკვდილით; პალატამ არც ის გაითვალისწინა, რომ გ. ო. პირველადაა სამართალში, აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად და, პიროვნების წარსული ცხოვრებისა და დაზარალებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედების გათვალისწინებით, აშკარად არასწორად განუსაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა ცალმხრივი, ტენდენციური და დაუსაბუთებელი განაჩენი, რომ არ დაეყრდნო უტყუარ მტკიცებულებებს, რითიც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ასევე _ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ.
ადვოკატ ა. ა-ის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
მითითებულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ო-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით უდავოდაა დადგენილი გ. ო-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან არანაკლებ ორჯერ გასროლის ფაქტი. ამაზე მეტყველებს ოქმიც, რომლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ორი მასრა. დაზარალებული ს. თ. თავის ჩვენებებში მიუთითებს, რომ სროლების შემდეგ გ. ო-მა მიირბინა დაჭრილთან და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. საგულისხმოა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია თოფის დაზიანებული კონდახი და მისი ნატეხები. აღნიშნული გარემოებები ნათლად მეტყველებს გ. ო-ის მიზანმიმართულ მოქმედებაზე და კასატორის მითითება ,,შეცდომის» შესახებ საფუძველს მოკლებულია.
მოწმე ლ. ხ. განმარტავს, რომ დაინახა, როგორ უმოწყალოდ სცემდა დაახლოებით თხუთმეტი ბიჭი ერთს. იქვე იყო ს. თ-ც, რომელსაც წიხლი ჩაარტყეს მუცელში. მოგვიანებით იქ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოათრიეს მ. მ. და სცემდნენ, მათ შორის _ ხელჯოხითაც. ინციდენტის გამო შეიყარა ხალხი და გამოიძახეს პოლიცია.
აღსანიშნავია, რომ ლ. ხ-ს ჩვენებები ემთხვევა ს. თ-ის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს.
შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზი უდავოდ ადასტურებს გასროლების დროს შემთხვევის ადგილზე არაერთი პირის ყოფნას. აღნიშნულზე მიუთითებს მოწმე ა. რ-ც, რომელიც განმარტავს, რომ გასროლებისას შემთხვევის ადგილზე ხალხი იყო და ,,გამოკვეთილად» ვერ იტყვის, მ. მ. მარტო იდგა თუ არა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხალხის თავშეყრის ადგილზე სანადირო თოფიდან არაერთი გასროლა ცხადად მეტყველებს არაერთი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნაზე. მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენაზე მიუთითებს დაჭრილი და ძირს დავარდნილი ადამიანისათვის იარაღის კონდახის თავში ჩარტყმაც.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ს. თ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულთათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, კერძოდ:
თავის სამოქალაქო სარჩელში ს. თ. აღნიშნავს, რომ გ. ო-ის, თ. ჟ-ის, დ. ქ-ის, ზ. და ლ. მ-ების, შ. ჩ-ის, უ. და ვ. ქ-ების ქმედებით მიადგა ფიზიკური ზიანი 1000 ლარის ოდენობით (ტ. 2, ს.ფ. 163).
სასამართლო სხდომაზე ს. თ-მ მხარი დაუჭირა თავის სამოქალაქო სარჩელს, მაგრამ ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს ს. თ-ის სასარგებლოდ დააკისრა 2000 ლარის გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ამრიგად, სასამართლომ მსჯავრდებულებს დააკისრა დაზარალებულის მიერ მოთხოვნილ თანხაზე მეტის გადახდა და თან სხვა სახის ზიანის ასანაზღაურებლად.
აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია ს. თ-ის მიერ მოთხოვნილი ფიზიკური ზიანის ოდენობის განსაზღვრა, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს გურამ ონეზაშვილის, ზ. მ-ის, ლ. მ-ის, ვ. ქ-ის, უ. ქ-ის, თ. ჟ-ის, შ. ჩ-ის და დ. ქ-სათვის დაზარალებულ ს. თ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულებების საფუძველზე მსჯავრდებულები _ ზ. მ. და უ. ქ. შეწყალებულ იქნენ და გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ. მ-სა და უ. ქ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ», ,,დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულებების საფუძველზე მსჯავრდებულების _ ზ. მ-სა და უ. ქ-ის მიმართ, მათი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს გ. ო-ის, ზ. მ-ის, ლ. მ-ის, ვ. ქ-ის, უ. ქ-ის, თ. ჟ-ის, შ. ჩ-ის და დ. ქ-სათვის დაზარალებულ ს. თ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს.
მსჯავრდებულ დ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ბრალდებულის სახით დაკავების დღიდან _ 2008 წლის 16 მარტიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ გ. ო-სათვის დაზარალებულ ს. თ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.