შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 15.10.2008
საქმის ნომერი
2კ-172აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹172აპ 15 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც დ. კ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 150-ე მუხლის II პუნქტითა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 379-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განაჩენით დ. კ. , _ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლევი, მცხოვრები გარდაბნის რაიონის სოფელ დ-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით _ 10 წლით, 150-ე მუხლის II პუნქტით _ 4 წლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 379-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დაემატა თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 6 აგვისტოს ¹1/76 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 3 თვე, 15 დღე და საბოლოოდ დ. კ-ს განესაზღვრა 21 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 14 ნოემბრიდან.

განაჩენით დ. კ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობისათვის; ასევე ქურდობისათვის, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების გატაცებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევისათვის, ჩადენილი ჯგუფურად.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

წარსულში ორჯერ ნასამართლევი დ. კ. 1992 წლის 6 აგვისტოს გასამართლებულ იქნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის I ნაწილითა და 112-ე მუხლის II ნაწილით (ძველი რედაქცია), რისთვისაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1992 წლის 23 სექტემბრიდან იგი სასჯელს იხდიდა საქართველოს შს სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹123/37 დაწესებულებაში.

1993 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 02 საათსა და 05 წუთზე, მან აღნიშნული დაწესებულების 153 მსჯავრდებულთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საღამოს საშუალო სკოლის შენობის ბიბლიოთეკის ოთახიდან მათ მიერ წინასწარ გათხრილი 30 მეტრი სიგრძის მიწისქვეშა გვირაბის საშუალებით მოახდინა ჯგუფური გაქცევა და ისინი მიიმალნენ. 1993 წლის 17 იანვარს გამოცხადდა მათი ძებნა.

1995 წლის 4 აგვისტოს დაახლოებით 02 საათზე, ნასვამმა ა. კ-მ თავის საცხოვრებელ ბინაში მიიპატიჟა ასევე ნასვამი ზ. და რ. ნ-ები, ვ. ა. და ძებნილი დ. კ. ა. კ. სტუმრებს გაუმასპინძლდა შამპანურით, რის შემდეგ, დაახლოებით 02 საათსა და 30 წუთზე, სტუმრები წავიდნენ. ძმებმა ზ. და რ. ნ-ებმა, დაახლოებით 03 საათსა 30 წუთზე, დ. კ. დატოვეს თავისი მშობლების სახლთან, საიდანაც ამ უკანასკნელმა წამოიღო ორი ქილა ლუდი და ერთი ქილა „ფანტა“ და კვლავ დაბრუნდა ა. კ-ის ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა მარტო. ბინაში ყოფნის დროს მათ შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც დ. კ-მა ა. კ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები თავის, კისრისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ა. კ. ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ დ. კ-მა ა. კ-ის ბინიდან ფარულად გაიტაცა ფულადი თანხა _ 1500 აშშ დოლარი, 15 მილიონი კუპონი (1995 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით 11,54 აშშ დოლარი), მამაკაცის ოქროს ყელსაბამი თავისივე ჯვრით, ორი ცალი ოქროს ყელსაბამი ჯვრებით, სამივე ღირებული _ 150 აშშ დოლარად, მამაკაცის ყავისფერი უცხოური „დუბლიონკა“ ღირებული _ 300 აშშ დოლარად, მამაკაცის შალის რუხი ფერის პიჯაკი, ღირებული _ 50 აშშ დოლარად. სულ დაზარალებულს მან მიაყენა 2000 აშშ დოლარის ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. Dდ. კ. პოლიციის მუშაკებმა დააკავეს 2006 წლის 14 ნოემბერს.

აპელანტი, მსჯავრდებული დ. კ. თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და მის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 150-ე მუხლის II პუნქტით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორი დ. კ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან თავს არ ცნობს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 150-ე მუხლის II პუნქტით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ითხოვს ხსენებულ მუხლებში გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ზ. ნ-ის, რ. ნ-ის, ვ. ა-ის ჩვენებებით, გ. ნ-ის, ე. მ-ს, დ. გ-ის, ლ. ჩ-ის, ბ. ვ-ის, ზ. გ-ის დაკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹643 და ¹276, ბიოლოგიური ექსპერტიზის ¹3328/12 დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული სსკ-ის 105-ე მუხლითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ დ. კ-მა ა. კ-ის ბინიდან ფარულად გაიტაცა ფულადი თანხა და ნივთები. რაც შეეხება მოვარდისფრო ფერის თეთრი ვიწრო ზოლიანი მამაკაცის პერანგს, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ დ. კ-ს და რომელიც ამოღებული იქნა დ. კ-ის ბინიდან, აღნიშნული ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას გამოძიება დ. კ-ს საბრალდებო დასკვნით არ ედავება.

საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II პუნქტის საფუძველზე (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, მტკიცებულებების უქონლობის გამო, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამდენად, პალატა ითვალისწინებს რა აღნიშნულს, შესაძლებლად თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ დ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით დ. კ-ს სასჯელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს 1992 წლის 6 აგვისტოს თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი 3 თვე და 15 დღე და მას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 20 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ დ. კ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გამოყენებით, დ. კ-ს სასჯელად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს 1992 წლის 6 აგვისტოს თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 3 თვე და 15 დღე და საბოლოოდ, დ. კ-ს სასჯელად განესაზღვროს 20 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.