განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 258აპ ქ. თბილისი
12 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ნ. ხ-ისა და ხ. ტ-ის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:
1. ნ. ხ., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, მე- 4 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის 1–ლი ნაწილით იმაში, რომ იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის მისაკუთრების მიზნით ჩაიდინა ქურდობა; ასევე _ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით;
2. ხ. ტ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ნ. ხ-ისა და ხ. ტ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან 2007 წლის 20 იანვრამდე დროის შუალედში ნ. ხ-მ დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ის მივიდა გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრან-თელეთში მდებარე ზ. თ-ის სააგარაკე ბინასთან, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ იმ დროს აგარაკზე პატრონი არ იმყოფებოდა, ხის კიბის საშუალებით ავიდა მეორე სართულის ფანჯარასთან, ამოგლიჯა რკინის გისოსის ერთი მხარე, ფანჯრის მინის ჩამტვრევით შეაღწია ბინაში და გაიტაცა სხვადასხვა დასახელების ნივთები, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენა 14 554 ლარის მატერიალური ზიანი.
ხ. ტ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვისა» და „პესეემის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღები 65 საბრძოლო ვაზნასა და მაყუჩთან ერთად, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, გარდაბნის რაიონის სოფელ თ-ში. 2007 წლის 26 იანვარს ხ. ტ-ი ნ. ხ-სთან ერთად მოძრაობდა ა. გ-ს ტაქსით თბილისში, თემქის დასახლების მიმართულებით, რა დროსაც მას თან ჰქონდა ზემოაღნიშნული იარაღები საბრძოლო ვაზნებთან ერთად. გურამიშვილის გამზირზე ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ნ. ხ-მ პ-ებს _ მ. ბ-სა და ი. ბ-ს გაუწია აქტიური წინააღმდეგობა და შეეცადა გაქცევას. მისი მოქმედებები მიმართული იყო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლისაკენ, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. ნ. ხ-მ მ. ბ-ს ჩამოახია პოლიციის ფორმის ქურთუკის გარეთა, მარჯვენა ჯიბე. მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, იგი დააკავეს. პოლიციელებმა ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს ყუთში მოთავსებული „მაკაროვისა» და „პესეემის» პისტოლეტები 65 საბრძოლო ვაზნასა და მაყუჩთან ერთად, რის გამოც ადგილზევე დააკავეს ხ. ტ-ც.
აღნიშნული ქმედებისათვის ნ. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ხ. ტ-ს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დამატებითი სასჯელის სახით ნ. ხ-ს განესაზღვრა ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით, ხ. ტ-ს კი _ 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნ. ხ-ს დაზარალებულ ზ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12804 ლარის გადახდა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 26 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ადვოკატმა ნ. შ-მ. მან ითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ხ. ტ-ისა და ნ. ხ-ის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. შ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არსებითად დაარღვია სათანადო სამართლებრივი პროცედურები, კერძოდ:
სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მოწმეების _ რ. ღ-ის, ა. მ-ის, გ. მ-ის, გ. ქ-ის, ნ. ბ-ის, ასევე _ ი. ბ-ის, მ. ბ-სა და ა. გ-ს დაკითხვის შესახებ იმ მოტივით, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარეს უნდა დაეყენებინა სასამართლო პროცესის დაწყებამდე 5 დღით ადრე; დაცვის მხარეს არანაირი ვალდებულება არა აქვს, სააპელაციო სასამართლოში იხელმძღვანელოს სსსკ-ის 468-ე მუხლით, როდესაც მოწმეთა დაკითხვას ითხოვს სააპელაციო საჩივრით. აღნიშნულით დაირღვა სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა; მოსამართლემ დამცველის უფლების შეზღუდვით დაარღვია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „დ» ქვეპუნქტი.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატი ნ. შ. განმარტავს, რომ ნ. ხ-მ ზ. თ-ის აგარაკიდან წაღებული ნივთების ნაწილი რ. ღ-ს, ა. მ-სა და გ. მ-თან ერთად იპოვა ა. მ-ის სახლში, რომელიც მან შეიძინა საბერძნეთში გადასახლებული ბერძენი მოქალაქისაგან; ეს ნივთები მეგობრებმა მას გადასცეს იმიტომ, რომ ნ. ხ. განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას; სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული მოწმეების დაკითხვისას გაირკვეოდა სიმართლე; თვით დაზარალებულიც გამოთქვამდა ეჭვს, რომ აგარაკი შეიძლებოდა, გაექურდათ მის მიერ დაქირავებულ მუშებს; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა მტკიცებულებების დაზუსტების საშუალება, რითიც დაარღვია ადვოკატის საპროცესო უფლებები.
რაც შეეხება პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, რეალურად ასეთი არ მომხდარა; დაცვამ სააპელაციო სასამართლოში ითხოვა ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება პოლიციელების _ მ. ბ-სა და ი. ბ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (ნ. ხ-ის დაკავებისას უკანონო ქმედების განხორციელება); მოწმეები _ ნ. ბ-ი, ა. გ., გ. ქ-ი იარაღთან დაკავშირებით ფლობდნენ უტყუარ ინფორმაციას, მაგრამ ეს პირები სააპელაციო სასამართლოში არ დაკითხეს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ნ. შ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
დაზარალებულ ზ. თ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მისი სააგარაკე სახლი გაქურდეს 2006 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე დროის მონაკვეთში, რის შედეგად მიადგა 14554 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. მოპარული ნივთების ნაწილი ამოღებულ იქნა და ითხოვს 12804 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას. დაზარალებულის აზრით, მისი სახლი გაქურდეს ნ. ხ-მ და ხ. ტ-მა, რადგან მოპარული ნივთების ნაწილი, გარდა სანადირო თოფისა, ამ უკანასკნელის ბინაში აღმოჩნდა (ტ. 2, ს.ფ. 355-356).
მოწმე თ. ნ-მა განმარტა, რომ ნ. ხ-საგან შეიძინა სანადირო თოფი. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ თოფი, რომელიც მოპარული აღმოჩნდა, ბაბუამისის იყო და საბუთებსაც მიუტანდა 383-385).
თავად ნ. ხ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ მისმა ნაცნობმა წალკაში სახლი იყიდა, სადაც 2006 წლის 10 დეკემბერს რ. ღ-მ იპოვა და მას გადასცა პოლიციელთა მიერ მოგვიანებით ამოღებული ნივთები, მათ შორის _ სანადირო თოფი. თოფი თ. ნ-ს მიჰყიდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ბაბუამისს ეკუთვნოდა (ტ. 2, ს.ფ. 389).
ჩხრეკისა და საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით დადგენილია, რომ თ. ნ-ისა და ხ. ტ-ის საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებული ნივთები, მათ შორის _ სანდირო თოფი, ეკუთვნის ზ. თ-ს (ტ. 1, ს.ფ. 31-33; 55-56; 62-72).
საგულისხმოა, რომ დაზარალებულის ჩვენებით იგი სააგარაკე სახლში არ მისულა 2006 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, დაახლოებით 15 დეკემბრიდან, მაშინ, როცა ნ. ხმალაძის განმარტებით ნივთები იპოვეს იმავე წლის 10 დეკემბერს.
დაზარალებულების _ მ. ბ-სა და ი. ბ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს ავტომანქანა, რომელშიც სამი პირი იჯდა. უკანა სავარძელზე მყოფი, რომელიც ნ. ხ. აღმოჩნდა, ცდილობდა გაქცევას, რა დროსაც მ. ბ.ს ჩამოაგლიჯა ქურთუკის წინა ჯიბე. დააკავეს ორი პირი და როგორც შეიტყო, ავტომანქანაში აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღები (ტ. 2, ს.ფ. 423-428).
მომხდარის დღესვე მ. ბ-საგან ამოიღეს ქურთუკი წარწერით ,,კრიმინალური პოლიცია". ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბე ჩამოხეულია, ასევე გარღვეულია მარჯვენა სამკლაური (ტ. 2, ს.ფ. 160-162).
დადგენილია, რომ ავტომანქანა ,,ოპელ-ომეგას" ჩხრეკისას, წინა მარჯვენა სავარძლის ქვეშ (სადაც იჯდა ხ. ტ-ი) აღმოჩნდა ყუთში მოთავსებული „მაკაროვისა» და „პესეემის» მარკის პისტოლეტები 65 საბრძოლო ვაზნით, რომლებიც ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (ტ. 1, ს.ფ. 115-117; 164-170).
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი აპელანტს მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რითაც შეზღუდა პროცესის მონაწილეთა უფლებები და დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები, კერძოდ:
პალატა განმარტავს, რომ შუამდგომლობები, მათ შორის _ მოწმეთა დაკითხვის შესახებ, განიხილება სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე, სსსკ-ის 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომლებითაც ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატა (სსსკ-ის 532-ე მუხლი). ამდენად, მოწმეთა დაკითხვის საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გამოძიების დაწყებამდე მხარეთა მონაწილეობით (მიუხედავად იმისა, სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია თუ არა დასაკითხ პირთა სია), მით უფრო, რომ სსსკ-ის 468-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას მხოლოდ საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარეს მოწმეთა დაკითხვის შესახებ გამოძიების დაწყებამდე არ უშუამდგომლია იმის მიუხედავად, რომ სხდომის თავმჯდომარემ სსსკ-ის 468-ე მუხლიდან გამომდინარე შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიმართა მხარეებს. ვინაიდან მხარეებს მოწმეთა დაკითხვა არ მოუთხოვიათ, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა საჩივარში მითითებული პირების დაკითხვასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ უთქვამს. ეს გარემოება არ ზღუდავდა დაცვის მხარეს, მოეთხოვა მოწმეთა დაკითხვა სასამართლო გამოძიების დასრულებამდე, რასაც ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 468-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა. აპელანტებმა თავიანთი საჩივრით მოითხოვეს პირთა დაკითხვა ,,საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით" და მიუთითეს, რომ ,,მტკიცებულებების დაზუსტება" მოხდებოდა სასამართლო სხდომაზე.
სააპელაციო სასამართლოში საქმის გამოძიების დასრულებისას მხარეებს გამოსაკვლევად ახალი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
ამრიგად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოტივს, რომ სასამართლომ შეზღუდა მათი უფლებები.
სწორია კასატორების მოტივი, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს, მაგრამ შუამდგომლობა უნდა გაცხადდეს კანონით დადგენილი წესით და იგი დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გააუქმოს განაჩენი და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაგზავნოს იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ მოწმეთა დაკითხვა მოითხოვოს კანონით დადგენილი წესით და დაასაბუთოს მოთხოვნა.
ამასთან, საქმეზე არასწორადაა გადაწყვეტილი ზოგიერთი ნივთმტკიცების ბედი, კერძოდ დადგენილია, რომ ხ. ტ-ის ბინის ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა საწოლის გადასაფარებელი ორი ბალიშის პირით, ლომის თავისა და ლომის გამოსახულებით, ხოლო ნ. ხ-ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ,,სამსუნგის" მარკის მობილური ტელეფონი. დაზარალებულმა ამოიცნო მხოლოდ ორლულიანი თოფი, მოწითალო ფეხსაცმელი, ,,პანასონიკის" მარკის დისტანციური მართვის ტელეფონი, მამაკაცის ქურთუკი და შარვალ-კოსტუმი, რაც მითითებულია საბრალდებო დასკვნაში, ხოლო ,,სამსუნგის" მარკის მობილური ტელეფონი ამავე საბრალდებო დასკვნით და დაზარალებულის ჩვენებებით არ გაუტაციათ. შესაბამისად, საწოლის გადასაფარებელი და მობილური ტელეფონი ზ. თ-ის ნაცვლად უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
გარდა ამისა, საბრალდებო დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 14554 ლარს. ამ უკანასკნელს გასაჩივრებული განაჩენით უნდა დაუბრუნდეს ნივთმტკიცებად ცნობილი, 500 ლარად ღირებული სანადირო თოფი, 400 ლარად ღირებული მამაკაცის ფეხსაცმელი, 200 ლარად ღირებული დისტანციური მართვის ტელეფონი, 250 ლარად ღირებული ქურთუკი და 500 ლარად ღირებული შარვალ-კოსტუმი, ე.ი. სულ 1850 ლარად ღირებული ნივთები, შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ხ-ს დაზარალებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12704 ლარის გადახდა, ნაცვლად სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებული 12804 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი, გარდა აღნიშნულისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ნ. ხ-ისა და ხ. ტ-ის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულ ნ. ხ-ს დაზარალებულ ზ. თ-ის სასარგებლოდ საბოლოოდ დაეკისროს 12704 (თორმეტი ათას შვიდას ოთხი) ლარის გადახდა;
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ საწოლის გადასაფარებელი ორი ბალიშის პირით, ლომის თავის და ლომის გამოსახულებით, ასევე _ მობილური ტელეფონი ,,სამსუნგი", რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში _ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.