განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
718აპ ქ. თბილისი
22 ოქტომბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ გ. შ-ს,ადვოკატების _ ი. გ-ს, ა. დ-სა და გ. ყ-ს,მსჯავრდებულ _ კ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. გ-ის, გ. ყ-სა და ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით კ. გ. , _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება; ასევე _ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.
კ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საბრალდებო დასკვნის მიხედვით გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 21 მარტს ქ. ზუგდიდში დაფუძნდა შპს დაცვის სამსახური „.. .. ..», რომლის დირექტორად დაინიშნა ქ. ზუგდიდში მცხოვრები კ. გ. შპს დაცვის სამსახურ „.. .. ..-ს» დამფუძნებელმა კ. გ-მ, რომელსაც „იარაღის შესახებ» საქართველოს კანონის მიხედვით, არ ჰქონდა უფლება, პირისათვის მიენიჭებინა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, დაცვის სამსახურ „.. .. ..-ს» ოპერატიული ჯგუფის ინსპექტორ ვ. კ-ის სახელზე 2005 წელს, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაამზადა პირადობის მოწმობა ..¹ .. .. .. სადაც აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელს უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული დოკუმენტი კ. გ-მ დაამოწმა საკუთარი ხელმოწერით და „იარაღის შესახებ» საქართველოს კანონის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება მიანიჭა ისეთ პირს, რომელიც არ შედის ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში, რითიც დაამზადა ყალბი დოკუმენტი. 2005 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, კ. გ-მ თავის მიერ დამზადებული ყალბი მოწმობა გაასაღა შპს დაცვის სამსახურ „.. .. ..-ს» ოპერატიული ჯგუფის ინსპექტორ ვ. კ-ზე.
კ. გ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ ტექნიკურად გამართული და გასროლისათვის ვარგისი „მაკაროვის» სისტემის ¹.. .. პისტოლეტი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. 2007 წლის 22 აგვისტოს კ. გ-მ დედის _ ი. გ-ს მეშვეობით ვ. კ-ზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალით. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მუშაკებმა 2007 წლის 22 აგვისტოს ვ. კ-ისაგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კ. გ-ს მიერ მასზე მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებული ცეცხლსასროლი იარაღი _ ტექნიკურად გამართული და დანიშნულებისამებრ გასროლისათვის ვარგისი „მაკაროვის» სისტემის ¹.. .. პისტოლეტი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით.
საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ვ. კ-ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე. გამოძიებას ატარებდა ამავე სამმართველოს გამომძიებელი დ. წ. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივად და სრულყოფილად დასადგენად შეიქმნა ზუგდიდში, ლ-ის ქ. ¹25-ში მცხოვრებ ი. გ-ს დაკითხვის აუცილებლობა. საქმის მწარმოებელ ორგანოში მის გამოცხადებაზე უწყების ჩასაბარებლად ი. გ-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მუშაკები _ გამომძიებელი დ. წ. , ინსპექტორ-გამომძიებლები _ ა. ვ. , კ. კ. და გ. ლ. , რომლებსაც ეცვათ პოლიციელის უნიფორმა. დ. წ. შევიდა ი. გ-ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, ხოლო მასთან ერთად მყოფი პოლიციელები დარჩნენ ჭიშკართან გაჩერებულ ავტომანქანაში. ამ დროს სახლში მივიდა ი. გ-ს ვაჟი _ კ. გ. და ჩქარი ნაბიჯით გაემართა მისაღები ოთახისაკენ. ოთახში შესვლის შემდეგ მან ჩაკეტა კარი, რათა გარეთ მყოფი პოლიციელები არ შესულიყვნენ შიგნით. კ. გ-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ დ. წ. იყო პოლიციის მუშაკი, ამ უკანასკნელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით დაიწყო გინება და მისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, კერძოდ, კ. გ. აგინებდა პოლიციელ დ. წ-ს, მისი მიმართულებით დასარტყმელად იქნევდა ხელებს, ეხებოდა და ექაჩებოდა მას, შეაფურთხა სახეში, ჩაავლო ხელები უნიფორმაში და ცდილობდა მის გაგდებას სახლიდან, რითიც ხელს უშლიდა მას სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში და ცდილობდა პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტას. მიუხედავად კ. გ-ს მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, იგი დააკავეს.
აღნიშნული ქმედებისათვის კ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 31 ოქტომბრიდან; მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2007 წლის 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით _ 4 დღე. მსჯავრდებულს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 25 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა _ ა. დ-მა და გ. ყ-მ. მათ ითხოვეს კ. გ-ს გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: კ. გ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე მითითება დანიშნულ სასჯელთან ერთად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და ამ ნაწილში გამართლდა; კ. გ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული კ. გ. და მისი ადვოკატები _ ი. გ., გ. ყ. და ა. დ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, არასწორად გამოიყენა მატერიალური კანონი, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი; სააპელაციო პალატამ საქმეზე ჩაატარა არასრული და ცალმხრივი სასამართლო გამოძიება, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა; არ გამოიკვლია ისეთი არსებითი ხასიათის გარემოებები, რომელთა გარეშეც საქმეზე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება; ისე, რომ არ აღმოფხვრა წინააღმდეგობები მოპოვებულ მტკიცებულებათა შორის, მიუხედავად სსსკ-ის მე-10, მე-19 და 132-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნისა, ეჭვი არ განმარტა განსასჯელის სასარგებლოდ; გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები, რითიც, ფაქტობრივად, უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და კ. გ-ს წაართვა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის კონსტიტუციითა და ევროკონვენციით მინიჭებული უფლება.
კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული დარღვევები მდგომარეობს შემდეგში:
კ. გ-ს თანმიმდევრული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2007 წლის 23 სექტემბერს მის სახლში მისული გამომძიებელი დ. წ. იქცეოდა ძალზე უხეშად, რის გამოც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მაგრამ მას დ. წ-სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ შეუფურთხებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია; სააპელაციო პალატა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კ. გ-ს მსჯავრდებას ამყარებს მხოლოდ ოთხი პოლიციელის ჩვენებით, რომელთაგან ერთი დაზარალებულადაა ცნობილი; ეს პოლიციელები დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით და ჩვენების მიცემის დროს ობიექტურები ვერ იქნებიან; პალატამ იგნორირება გაუკეთა სხვა, კ. გ-ს უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ პოლიციელებმა მოახდინეს დანაშაულის პროვოკაცია; სხვანაირად, რაში სჭირდებოდა ხანდაზმული ქალბატონისათვის უწყების გადაცემას ოთხი ჯან-ღონით სავსე პოლიციელის ძალისხმევა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მოწმის უწყებით გამოძახებას; კ. გ-მ პალატას აუხსნა, რომ მათი ასეთი ქცევის მიზეზი იყო ის, რომ იგი ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ბავშვებისათვის აშენებდა გასართობ ცენტრს და ბოლო დროს მისგან ითხოვდნენ ამ ქონების დათმობას კონკრეტული პირების სასარგებლოდ, რის გამოც მასზე ხორციელდებოდა სისტემატური ზეწოლა, რაშიც სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; ამ ეტაპზე კ. გ. მზად არის, დაასახელოს მასზე ზეწოლის განმახორციელებელი კონკრეტული პირები და მისცეს სრულყოფილი და რეალური ჩვენება.
გარდა აღნიშნულისა, პალატამ კ. გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მხოლოდ სატელეფონო საუბრების ბუნდოვანი შინაარსისა და საეჭვო წარმომავლობის კრებსის, ასევე _ ვ. კ-ის ჩხრეკის ოქმის საფუძველზე, რასაც მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს; „მაკაროვის» სისტემის პისტოლეტის კანონიერი მესაკუთრე რ. ქ. და ვ. კ. კატეგორიულად უარყოფენ და გამორიცხავენ კ. გ-ს შემხებლობას ამ იარაღთან; ამასთან, განაჩენში კრებსისათვის მიცემული მტკიცებულებითი დატვირთვა აშკარად სცდება პალატის მიერ გამოქვეყნებულ და გამოკვლეულ კრებსის შინაარსს; კერძოდ, პალატის მიერ გამოკვლეული კრებსის პირველი ჩანაწერი წარმოადგენს კ. გ-სა და დაუდგენელი მამაკაცის სატელეფონო საუბარს, რომელშიც კ. გ. თანამოსაუბრეს სთხოვს, რომ „შუმახერმა» (იგივე ვ. კ-მ) წაიღოს მისი სახლიდან ,,სკუტერის" გასაღები და იარაღი, რაზეც მამაკაცი პასუხობს, რომ „შუმახერი» უკვე წასულია, ანუ ეს მამაკაცი ვერ გადასცემდა ვ. კ-ს კ. გ-ს თხოვნას და არც „შუმახერი» გაივლიდა მასთან სახლში იარაღისა და ,,სკუტერის" გასაღების წამოსაღებად; აღნიშნული დასტურდება ვ. კ-ის ჩვენებით, რომელიც აცხადებს, რომ იარაღი დილით ნახა სამსახურში უფროსის _ რ. ქ-ს მაგიდაზე და, რომ არ დაკარგულიყო, ჩაიდო ხელჩანთაში და წაიღო სოფელ ანაკლიაში მყოფ რ. ქ-სთან, მაგრამ ის გზაში დააკავეს პოლიციელებმა. ვ. კ-ის ეს ჩვენება დასტურდება რ. ქ-ს ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ „მაკაროვის» სისტემის ¹.. .. პისტოლეტი მას აქვს კანონიერად გაფორმებული და კ. გ-ს მასთან არანაირი შემხებლობა არა აქვს; აღნიშნული იარაღი რ. ქ-ს სოფელ ანაკლიაში წასვლამდე დარჩა მაგიდაზე.
კასატორთა განცხადებით, ვ. კ-ის ჩხრეკის ოქმითაც დასტურდება, რომ იარაღი მან წაიღო რ. ქ-ს კაბინეტიდან, რადგან მას თან არ ჰქონდა სკუტერის გასაღები, რაც აუცილებლად ექნებოდა, თუ იგი იარაღს წაიღებდა კ. გ-ს სახლიდან; დაცვის მხარემ სააპელაციო პალატას წარუდგინა ვ. კ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მის მიერ სადავო იარაღისა და ვაზნების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, რომელშიც მითითებული არ არის, რომ მან ეს იარაღი შეიძინა კ. გ-საგან; პალატამ გვერდი აუარა ამ განაჩენით დადგენილი ფაქტების არსებობას, თავისი განაჩენით ფაქტობრივად შეცვალა პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოება და საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ცნო დადასტურებულად ვ. კ-ის მიერ ამ იარაღის კ. გ-საგან შეძენა; პალატამ არ გამოიკვლია, თუ 2007 წლის 22 აგვისტოს კონკრეტულად რომელ საათზე მიმართა გამოძიების ორგანომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ვინმე „გ-ს» მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული საუბრების სატელეფონო მოსმენაზე ნებართვის აღების შუამდგომლობით; ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მითითებული სატელეფონო საუბარი შედგა 2007 წლის 22 აგვისტოს, დილის 9 საათსა და 15 წუთზე, ხოლო შუამდგომლობა ამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოში შევიდა 2007 წლის 22 აგვისტოს, 17 საათსა და 56 წუთზე, რაც დასტურდება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პასუხით დაცვის მხარის 2008 წლის 22 აპრილის მიმართვაზე, ე.ი. სატელეფონი საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა განხორციელდა მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში კი, სსსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, სატელეფონო საუბრების კრებსს მტკიცებულების ძალა არ გააჩნია. საქმეს არ ერთვის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების (კრებსის) პირველადი, ანუ ელექტრონული ვერსია, მისი შინაარსის ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, პირველადი ვერსიის გარეშე, არავითარ მტკიცებულებით დატვირთვას არ ატარებს და დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იყოს ცნობილი. გარდა აღნიშნულისა, კ. გ. პირველადაა სამართალში, ახალგაზრდაა, კმაყოფაზე ჰყავს ხანდაზმული, ავადმყოფი მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განაჩენის გაუქმებას და კ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. გ-მ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა კ. გ-ს მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილით კ. გ-სათვის წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა განხორციელდა უკანონოდ, რაც დასტურდება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ცნობებით. ადვოკატის ასევე აღნიშნა, რომ კ. გ-ს არ ჩაუდენია სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულიც. გამომძიებელი დ. წ. არ იყო უფლებამოსილი, თვითონ ჩაებარებინა უწყება ადრესატისათვის.
ადვოკატ ი. გ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ადვოკატებმა _ გ. ყ-მ და ა. დ-მ.
მსჯავრდებულმა კ. გ-მ მხარი დაუჭირა თავისი დამცველების მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ვ. კ-ისაგან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაუდენია.
პროკურორმა გ. შ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განაჩენი კ. გ-ს მსჯავრდების საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე გაიგზავნოს ახალი სასამართლო განხილვისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ, რამაც შეზღუდა მსჯავრდებულის უფლებები და ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას. ამან გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
კერძოდ, კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ გ. ყ. და ა. დ. სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ კ. გ-სათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით შერაცხულ ბრალდებას საფუძვლად უდევს სატელეფონო საუბრის კრებსი, რომელიც მოპოვებულია კანონის დარღვევით, არ იყო მოსამართლის ბრძანება, უსაფუძვლოდ მოხდა მოქალაქეების კერძო საუბრების მიყურადება და ჩაწერა, რაც სსკ-ის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ამიტომ ეს კრებსი ცნობილი უნდა ყოფილიყო დაუშვებელ მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ გაარკვია საკითხი ხსენებული მტკიცებულების მიღების ხერხის, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კრებსში პირველი საუბრის დასაწყისად მითითებულია დრო _ 2007 წლის 22 აგვისტო, 9.17.25; საუბრის დასასრულად _ 9.18.01; მეორე საუბრის დასაწყისად მითითებულია დრო _ იგივე დღე, 9.19.39; საუბრის დასასრულად _ 9.20.32.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, სსსკ-ის 475-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავისი ინიციატივითაც დაესვა, განეხილა და გადაეწყვიტა ამ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი.
მოსმენილი სატელეფონო საუბრებიდან გამომდინარე, იმავე დღეს, 15 სთ. და 35 წუთიდან 15 სთ. და 55 წუთამდე დროის მონაკვეთში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ვ. კ-ს, რომელსაც ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელ დ. წ-ს 2007 წლის 22 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე.
ამის შემდეგ, იმავე დღეს _ 2007 წლის 22 აგვისტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლ. ბ. შუამდგომლობით მიმართავს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელშიც ითხოვს ვინმე გოგას ნომერ .. .. .. მობილურ ტელეფონზე განხორციელებული საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ერთი თვის ვადით _ 2007 წლის 22 აგვისტოდან. ამავე დღით დათარიღებული ბრძანებით მოსამართლე დ. კ. აკმაყოფილებს პროკურორის შუამდგომლობას.
მართალია, ბრძანებაში არაა მითითებული, რომელ საათზე გაიცა იგი, მაგრამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის ცნობით, პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოში შესულია 2007 წლის 22 აგვისტოს, 17 სთ. და 56 წუთზე. ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის ცნობით, პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოში რეგისტრირებულია 2007 წლის 22 აგვისტოს, 17 სთ. და 56 წუთზე, შუამდგომლობის განხილვა დაწყებულია ამავე დღეს, 18 სთ. და 20 წუთზე და სხდომა დაიხურა 18 სთ. და 35 წუთზე. იმავე დღეს ჩაბარდა ბრძანება პროკურორ ლ. ბ-ს.
მართალია, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული ცნობები საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქმის სააპელაციო განხილვის შემდეგ, მაგრამ თვით სააპელაციო პალატას საქმის განხილვისას არ შეუმოწმებია, შეიძლებოდა თუ არა პროკურორს უკვე ჰქონოდა მოსამართლის ბრძანება დილის 9 სთ. და 17 წუთზე (როცა დაიწყო სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა). მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული განაჩენის მე-8 გვერდზე აღნიშნულია, რომ კ. გ-ს ბრალეულობა დასტურდება გამოქვეყნებული და გამოკვლეული სატელეფონო საუბრების კრებსებით და მისი მოპოვებისას საპროცესო კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს საკითხი განჩინებაში ხსენებული მტკიცებულების მიღების ხერხის, სანდოობის, შესახებობის და დასაშვებობის თაობაზე, შეაფასოს იგი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. გ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. გ-ის, გ. ყ-სა და ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განაჩენი კ. გ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ შეასრულოს განჩინებაში აღნიშნული მითითებები.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.