შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.12.2008
საქმის ნომერი
2კ-892აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

892აპ 11 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ც-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქოსასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

ი. ც., _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის მეხუთე ნაწილით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და ი. ც-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ი. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი. ც-მ ქ. თბილისში, ც. დადიანის ¹34-ე კორპუსის მე-2 სადარბაზოს კიბეებზე, დანის გამოყენებით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მცირეწლოვან თ. შ-ს მოსთხოვა მობილური ტელეფონი და Fფულადი თანხა, რაზედაც მან განუცხადა, რომ ჰქონდა მობილური ტელეფონი და არც ფული, ამის შემდეგ ი. ც-მ განიზრახა მცირეწლოვან თ. შ-ს გაუპატიურება და ამ მიზნით მან, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ფსიქიკური ზემოქმედებისა და დანის გამოყენების მუქარით გაიყვანა მცირეწლოვანი თ. შ. სადარბაზოდან და მიიყვანა ც. დადიანის II მ/რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სხვენზე. ი. ც-მ ძალის გამოყენებით გახადა თ. შ-ს ტანისამოსი, რის შემდეგაც ხელი წაავლებინა თავის სასქესო ორგანოზე, ხოლო შემდეგ შეეცადა მის გაუპატიურებას, მაგრამ თ. შ-ს მხრიდან გაწეული აქტიური წინააღმდეგობისა და ხმაურის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ც. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით, 19,137-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას; მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მას არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული ქმედებები, მან ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, რომელიც არ გულისხმობს სქესობრივი აქტის განხორციელებას; კასატორი თავს არ ცნობს დამნაშავედ არც ყაჩაღობის ჩადენაში; არის უდანაშაულო, ჰყავს მარტოხელა დედა და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მსჯავრდებულ ი. ც-ს ჩვენებებით, მცირეწლოვანი დაზარალებულის _ თ. შ-ს ჩვენებებით, მოწმეების _ ნ. თ-ს, მ. ღ-ს, ნ.. მ-ს, ნ. მ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, სასამართლო-ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ამოღების, პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, რა დროსაც მცირეწლოვანმა დაზარალებულმა თ. შ-მ ამოიცნო და დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა მსჯავრდებული ი. ც., ამოცნობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნივთმტკიცებად ცნობილი და საქმეზე დართული დისკით, ბინის ჩხრეკისა და ამოღების ოქმით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ მოსამართლის დადგენილებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ ი. ც-ს მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის _ თ. შ-ს გაუპატიურების მცდელობისა და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ც-ს ქმედებაში არ დასტურდება ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ მცირეწლოვანი დაზარალებულის _ თ. შ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, მსჯავრდებული ი. ც. მას დანით დაემუქრა, მოსთხოვა მობილური ტელეფონი და ფული, რაზედაც განუცხადა, რომ არ ჰქონდა. ამის შემდეგ მსჯავრდებულ ი. ც-ს მისთვის არაფერი უთქვამს, მერე კი უთხრა, რომ წაჰყოლოდა. სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს მსჯავრდებულ ი. ც-ს მხრიდან ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსკ-ის 132-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამდენად, კანონის აღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, მცირეწლოვანი დაზარალებულის _ თ. შ-ს ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად მსჯავრდებულის ქმედებაში ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ მცირეწლოვან დაზარალებულ თ. შ-ს ჩვენება, როდესაც საქმეში არ არსებობს ბრალდების ამ ეპიზოდში სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაზარალებულის ჩვენების უტყუარობის შემოწმების საშუალებას მოგვცემს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი მსჯავრდების ამ ეპიზოდში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ც-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ეპიზოდში შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ ი. ც-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ი. ც-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ”, “ე” ქვეპუნქტებით, 19,137-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიესაჯოს 24 (ოცდაოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წელი და მსჯავრდებულ ი. ც-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 26 (ოცდაექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.