შეწყალების საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.01.2009
საქმის ნომერი
2კ-1563აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1563აპ. 20 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უ. მ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით (2008 წლის 19 მარტის, 10 მაისისა და 22 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენით უ. მ-ი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა (2008 წლის 19 მარტის, 10 მაისისა და 22 ივნისის ეპიზოდები) და 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის გამოყენებით, შეკრების პრინციპით, სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი.

უ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 22 ივნისიდან.

განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

2007 წლის 17 ნოემბერს უ. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის დაჯარიმდა 500 ლარით.

2008 წლის 19 მარტს თბილისში, ....... და ......... ქუჩების გადაკვეთაზე და 2008 წლის 10 მაისს ........... და .......... გამზირის გადაკვეთაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს უ. მ-ი და გადაიყვანეს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიურ კაბინეტში, სადაც მას ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნის თანახმად, ორჯერვე დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ მიღების ფაქტი.

2008 წლის 22 ივნისს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უ. მ-მა შეიძინა გარკვეული პრეპარატები, დაამზადა ნარკოტიკული ნივთიერება ,,ეფედრონის» შემცველი ხსნარი, ნაწილი მოიხმარა, დანარჩენ ნაწილს კი უკანონოდ ინახავდა. ხსენებული ნარკოტიკული ნივთიერება მან შარვლის ჯიბეში ჩაიდო და გამოვიდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი შეამჩნიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. პატრულ-ინსპექტორების დანახვაზე მან მკვეთრად შეცვალა მოძრაობა და შეეცადა მიმალვას, მაგრამ დააკავეს ეჭვმიტანილის სახით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ დამზადება-შენახვის ფაქტზე. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა ორი ვარდისფერი, ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა შავი ფერის მასით, სამი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, ექვსი აბი, მოთავსებული ერთ ფირფიტაზე წარწერით _ „ეფედრონი“ და 20 _ მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული გამჭვირვალე ფერის სითხით.

უ. მ-ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ ცენტრში და ჩატარებული გამოკვლევის ¹....... დასკვნით: „იგი კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიულად კი დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი».

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის ¹..... დასკვნის თანახმად: უ. მ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთჯერადი მოხმარების, 20 მლ ტევადობის შპრიცში არსებული, 8 მლ ოდენობის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ეფედრონის» შემცველ ხსნარს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ეფედრონის» რაოდენობა შეადგენს 0, 0512 გრამს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ უ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. აპელანტები ითხოვდნენ მსჯავრდებულის ბრალდებიდან სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამორიცხვასა და ამ ნაწილში მის გამართლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება: უ. მ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა მითითება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ დამზადებაზე, სასჯელად კი განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა უ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: უ. მ-ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ პ. გ-ის, ნ. ტ-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის 2008 წლის 23 ივნისის ¹...... დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ნოემბრის დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით მსჯავრდებული უ. მ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით (2008 წლის 19 მარტის, 10 მაისისა და 22 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ უ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 19 მარტის, 10 მაისისა და 22 ივნისის ეპიზოდები) საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ უ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით მსჯავრდებული უ. მ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ უ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 19 მარტის, 10 მაისისა და 22 ივნისის ეპიზოდები) საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.