საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹437აპ-09 23 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ.ლ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.გ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ზ.ლ _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236 მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ზ.ლ საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ.ლ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.გ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ.ლ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.გ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.