განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-483-09 30 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I პუნქტის გამოყენებით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის IV ნაწილის თანახმად, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 2 თვე, 25 დღე და გ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გ. ნ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 21 აპრილიდან.
განაჩენით გ. ნ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ,,გ”, 218-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილეიბთ იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 18 მარტის განაჩენით გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე, 9 თვისა და 5 დღის მოხდის შემდეგ, დარჩენილი 4 წელი, 2 თვე და 25 დღე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 10 000 ლარი.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გ. ნ-მა კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ:
2008 წლის 20 აპრილს გ. ნ. ,,ბზობის” დღესასწაულთან დაკავშირებით „ჰამერი-ჰ-3“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ¹...., იმყოფებოდა ხარაგაულის რაიონის სოფელ --- მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ურთიერთშელაპარაკება მოუხდა იმავე სოფელში მცხოვრებ ს. და ე. ს-ებთან და იქ მყოფ სხვა მოქალაქეებთან. აღნიშნულის შემდეგ გ. ნ. ჩაჯდა ავტომანქანაში და მოძრაობა დაიწყო ეკლესიასთან გამავალ საავტომობილო გზაზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27.1 მუხლისა და 29.1 მუხლების მოთხოვნები და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე, ხარაგაულის რაიონის სოფელ --- მცხოვრებ გ. ს-ს. შეჯახების შედეგად იგი წაიქცა და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. გ. ს-ძე მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აპელანტი – მსჯავრდებული გ. ნ. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას, რასაც ასაბუთებდა შემდეგი გარემოებებით:
გასაჩივრებული განაჩენით მის მიმართ შერაცხული ბრალი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძვლად დაედება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; ურთიერთსაწინააღმდეგოა ბრალდების მხარის მოწმეების: ჯ. ს-ს, რ. ბ-სა და რ. ს-ის ჩვენებები, რაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა; ასევე საქმეში არსებულმა კომისიურ-კომპლექსურმა ავტოტექნიკურმა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებმა გამორიცხეს აღნიშნულ დანაშაულში მისი მონაწილეობა და ბრალეულობა; სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საქმეში მოწმის სახით დაკითხული სასულიერო პირების _ გ. კ-სა და მ. გ-ს, ასევე მოწმეების: მ. ს-ს, ნ. კ-ს, ხ. ლ-სა და ს. კ- ს ჩვენებებს, რომლებიც დეტალურად ადასტურებენ იმ ფაქტს, რაც მოხდა ,,ბზობის” დღესასწაულზე და გამორიცხავენ ყოველგვარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულ მხარეს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და არც რაიმე ზიანის ანაზღაურება მოუთხოვია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განაჩენით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ნ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი გამოტანილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო ნორმების დარღვევით. კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განაჩენი გ. ნ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგ გარემოებების გამო:
გ. ნ-ს მიმართ შერაცხული მსჯავრდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით, ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს _ მოწმეების: ე., ს. და ლ-სა ს-ების, მ. ყ-ს, ს. და გ. ს-ების, ჯ. ს-ს, რ. ბ-სა და რ. ს-ის, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების – რ. გ-სა და დ. გ-ს ისეთ ჩვენებებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის არა თვითხილვას, არამედ სხვის მიერ გადმოცემულ ფაქტებზეა დამყარებული.
მსჯავრდებულმა გ. ნ-მა თავი დამნაშავედ არ ცნო არც წინასწარ და არც სასამართლო გამოძიებაში. თავის ჩვენებებში მან აღნიშნა, რომ 2008 წლის 20 აპრილს „ბზობის“ დღესასწაულზე ჩხუბი დაიწყო ორი ნასვამი მამაკაცის გამო. იგი გაგრძელდა ეკლესიის ეზოში, ეკლესიიდან 20-25 მეტრის მოშორებით, იმ ადგილზე, სადაც მამა მ. იდგა ხალხთან ერთად. ჩხუბის ხმაზე ბერების საცხოვრებლიდან გამოსულმა გ. ნ-მა დაინახა, რომ ერთი ჭაღარათმიანი მოხუცი წაიქცა. ხალხის ერთი ნაწილი ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლისკენ იწევდა, სადაც მისი თანმხლები გოგონები იყვნენ. გ. ნ. ცდილობდა, რომ ხალხი ეზოში არ შეეშვა. ხალხს წინააღმდეგობას უწევდა მამა პ-ც. ამ დროს მივარდა მათთან ბავშვი და ითხოვა წყალი მოხუცის დასახმარებლად. ის და მამა პ. მაშინვე მოხუცისკენ წავიდნენ. მოხუცის მხრები ხელებით ეჭირა მამა მ-ს, რომელმაც გ. ნ-ს უყვირა ,,მოაყენე მანქანა და საავადმყოფოში წამაყვანინეო”. იგი გაიქცა 20 მეტრში მდგარი თავისი მანქანისაკენ. მოხუცამდე რომ მიეღწია, ხალხის დაშლის მიზნით, მანქანა რამდენჯერმე დაამუხრუჭა. ამით მის გარშემო შემოხვეული ხალხი თითქმის დაშალა და მოხუცამდე მიაღწია. იგი მანქანაში ჩასვეს. მას მანქანაში ჩაუსხდნენ მ. ს., ხ. ლ. და დაზარალებული წაიყვანეს საავადმყოფოში.
არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალური ვითარების გარკვევა და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაბუთების გარეშე, ფაქტობრივად ერთი და იმავე სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, ძირითადად _ ბრალდების მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, ძალაში დატოვა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოწმე ჯ. ს. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში აღნიშნავს: „ავტომანქანამ დაამუხრუჭა და დაეჯახა სოფელ --- მცხოვრებ, სახლში მიმავალ გ. ს-ს, რომელიც გადაისროლა წინ, დაახლოებით სამ მეტრში. ავტომანქანა გ-ს დაეჯახა წინა მხრიდან”. სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში მოწმე აღნიშნავს: „მას მანქანა დაეჯახა უკნიდან და როგორ დაეცა ზურგით, ეს მიკვირს, მე დავინახე მანქანის დაჯახებაც და გ. ს-ს წაქცევაც“.
წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში იგივე მოწმე აღნიშნავს: „წაქცეულ გ-ს მანქანაში ჩასმაში დაეხმარა რ. ს. და ჯ. ს.“, ხოლო სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში (იხ. იგივე სხდომის ოქმი) პროკურორის და დამცველის შეკითხვაზე, ნახა თუ არა მან შემთხვევის ადგილზე რ. ს. და რ. ბ. _ უარყოფითი პასუხი გასცა.
მოწმე რ. ს. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ „მანქანა, რომლის საჭესთანაც გ. ნ. იჯდა, მიდიოდა და დროდადრო ამუხრუჭებდა. გ. ს-მ გადასვლა ვეღარ მოასწრო, მას მანქანა დაეჯახა წინა, მარცხენა მხრით, იგი გულაღმა გადავარდა, კბილები ჩაემტვრა და თავი დაარტყა“. სასამართლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი აღნიშნა: „გ. ს-ს მანქანამ ახლოს გაუარა, მოხუცს შეეშინდა, მარცხენა მხარეს, კრილოსა და სარკეს შორის ხელებით დაეჯახა“. მან ჩვენებაში აღნიშნა, რომ მძღოლს დაზარალებულის მანქანაში ჩასმაში დაეხმარნენ რ., რ. და მ. ს-ები.
მოწმე ტ. ს. კი წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ რ. ს. მოხუცის დაცემის დროს იქ არ იყო, ხოლო რ. ბ. იმ დროს იჯდა თავისი სახლის ჭიშკართან, მონასტრიდან 20-30 მეტრში და იმის გამო, რომ ბევრი ხალხი იყო, ამ შემთხვევას თავისი თვალით ვერ დაინახავდა.
მ. ს-მ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ „მანქანის დაძვრის დროს მანქანა წინა მხარით დაეჯახა გ. ს-ს და იგი ძირს დაეცა“. სასამართლოში მან შეცვალა ჩვენება და აღნიშნა: „მანქანასთან უკანა მხრიდან რომ მივედი, აწ გარდაცვლილის შვილიშვილმა დამიძახა – „ბაბუას მიხედეო“. მე მაშინ დავინახე წაქცეული გ.. მანქანის დაჯახება არ დამინახავს. წინასწარ გამოძიებაში იმიტომ მივეცი ის ჩვენება, რომ გამომძიებელმა მითხრა, თუ იტყვი, რომ მანქანის დაჯახება არ დამინახავს, პრობლემები შეგექმნებაო. ჩვენებას ხელი ისე მოვაწერე, არ წამიკითხავს“.
მ. ს-მ ამის შემდეგ კიდევ შეცვალა ჩვენება.
მ. გ-მ (მამა მ.) ჩვენებაში აღნიშნა, რომ „ჩხუბის დროს ეკლესიის მსახურებს მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს გ. ს. წაიქცა, მე მას მივუახლოვდი და ხელში ავიყვანე, წყალი მოვითხოვე და ვითხოვე მისი საავადმყოფოში წაყვანა. წყალი მამა პ-მ მომიტანა.
გ. ნ-ს უნდოდა დახმარება, მაგრამ სოფლის ნასვამი მოსახლეობა არ უშვებდა, ესროდა ქვებს მას და მის მანქანასაც, რომელიც ჩვენგან 20-30 მეტრში იდგა. მე დავინახე, რომ ის ჩაჯდა მანქანაში და ძლივს მოაღწია ჩვენამდე. ავტომანქანა მოხუცის წაქცევიდან 5-10 წუთში მოვიდა“.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს მამა პ-მ (გ. კ.) და გ. ქ-მ (ეკლესიის მორჩილი).
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა საქმეზე კომისიურ-კომპლექსური ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტი დ. გ., რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ¹3381/14/25-616/35 და აჩვენა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში სახელმძღვანელოდ მიჩნეულია მოწმეების _ ჯ. ს-ს, რ. ბ-ს და რ. ს-ს განმარტებები. მან აღნიშნა, რომ ,,თუ ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახებოდა წინა ნაწილით, მაშინ ადგილი ექნებოდა ქვეითად მოსიარულის ვარდნას ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით, ავტომობილის წინ (გზის სავალ ნაწილზე) და იგი ვერ აღმოჩნდებოდა გზის გვერდულზე. ხოლო თუ ავტომობილის კონტაქტი ქვეითად მოსიარულის მიმართ განვითარდებოდა გვერდითი ნაწილით, ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ქვეითად მოსიარულის ვარდნას გზის გვერდულზე. გ. ს-ს სხეულზე არსებული დაზიანებები, თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, არ ატარებენ ავტოსაგზაო შემთხვევისათვის დამახასიათებელ ან სპეციალურ დაზიანებათა ნიშნებს. ეს დაზიანებები ს-ს შეეძლო მიეღო დაცემით, განურჩევლად იმისა, თუ რა წააქცევდა მას”.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ. ც-მ, რომელიც ხელს აწერს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ¹3381//14/25/615/35 სამედიცინო განხრით, პროცესზე დაადასტურა ის, რაც დასკვნაშია მითითებული: რომ გ. ს-ს სხეულზე არსებული დაზიანებები არ ატარებს ა/საგზაო შემთხვევისთვის დამახასიათებელ არც სპეციფიკურ და არც ნიშანდობლივ თვისებებს. ამიტომ დასკვნაში ზოგადად აღინიშნა, რომ გ. ს-ს სხეულზე არსებული დაზიანებანი განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის (ან საგანზე) ზემოქმედებით და მას აღნიშნული დაზიანებები შესაძლებელია მიეღო წაქცევით, განურჩევლად იმისა, რის გამო წაიქცეოდა იგი: ხელისკვრით, ავტომობილის გვერდითი კონტაქტით თუ სხვა გარემოებებით.
სასამართლოს მიერ დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: „ავტომობილის ადამიანზე კონტაქტის დროს უმეტეს შემთხვევაში ავტომობილზე რჩება კვლები, ეს კვლები შეიძლება იყოს როგორც საღებავის მკრთალი აშრევების, ისე დეფორმაციების და ძლიერი დეფორმაციების სახით“, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. იგივე აღინიშნა ექსპერტ ნ. ა-ს დასკვნა ¹3381/20-ში, სადაც აღნიშნულია: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ. ს-ს გარე ტანსაცმლის ზედაპირზე რაიმე ლაქ-საღებავის დანაშრევი, მინალესის ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკების სახით არ აღინიშნება“.
ზემომითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან: ამოღების, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების, ჩხრეკის ოქმებიდან, სასამართლო-ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის, კომისიურ-კომპლექსური ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹338/14-25-616/35 დასკვნებიდან და საქმის სხვა მასალებიდან უტყუარად არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებანი.
საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე“. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის V ნაწილის შესაბამისად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ასევე მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად: ,,განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, ხოლო მე-10 მუხლით: ,,ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
განაჩენი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სასამართლომ არ აღმოფხვრა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დასკვნებს, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 539-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. იგივე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად კი: ,,სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ”.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უხეშად დაარღვიეს სსსკ-ის 539-ე მუხლის ყველა პუნქტი, კერძოდ: განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დასკვნებს; სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი; წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
რამდენადაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გ. ნ-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, გაარკვიოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ხელახალი სასამართლო გამოძიების ჩატარების დროს ხელახლა უნდა დაიკითხონ მოწმეები და ექსპერტები, რის შემდეგაც სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განაჩენი გ. ნ-ს მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.