შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 14.09.2009
საქმის ნომერი
2კ-499აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

499აპ-09 14 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ.ლ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ქ _ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ლ.ქ დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 30 ოქტომბრიდან.

განაჩენით ლ.ქ მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ.ქ საცხოვრებელი სახლის თაობაზე წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა შვილთან _ გ.ქ და რძალთან _ ს.ს. 2008 წლის 30 სექტემბერს ლ.ქ სახლში, თანასოფლელ გ.ჯ ერთად, მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.ქ დაახლოებით 19:00 საათზე შეამჩინია თავისი შვილი _ გ.ქ, რომელიც არყის გამოსახდელად ამზადებდა ქვაბს. ლ.ქ უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება დაუწყო შვილს _ გ.ქ და რძალს _ ს.ს, ამავე დროს გადააყირავა არყის გამოსახდელი ქვაბი. გ.ქ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები გაარიდა მამას და გაიყვანა მეზობელთან _ მ.ს-სთან. მიუხედავად ამისა, ლ. ქ-მა კვლავ განაგრძო ხულიგნური მოქმედება და ქვით შეიარაღებული გაეკიდა მათ. მ.ს ეზოსთან მან კვლავ გააგრძელა შვილისა და რძლის გინება და ცდილობდა ქვა დაერტყა მათთვის, რა დროსაც მან მომარჯვებული საგანი – ქვა ჩაარტყა გ.ქ მარჯვენა ხელის მტევანში. მიუხედავად ამისა, გ.ქ შიგნიდან იჭერდა მ.ს ეზოს ჭიშკარს და ლ.ქ არ აძლევდა საშუალებას, შესულიყო მათთან, ხოლო ეს უკანასკნელი გარედან ქვას ურტყამდა ჭიშკარს, აწვებოდა და ამ გზით ცდილობდა შეჭრას, ამავდრულად ხმამაღალი ტონით აგრძელებდა თავისი ოჯახის წევრების ლანძღვა-გინებას. ლ.ქ ყვირილისა და გინების ხმაზე ცუდად გახდა მეზობელი _ მ.ს, მოგროვდნენ სხვა მეზობლებიც _ ი.ს, მ.ს, რ.ჯ, მ.ბ, გ.ბ, თუმცა ლ.ქ მეზობლების თანდასწრებითაც განაგრძობდა უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინებასა და ჭიშკარზე ქვების რტყმას. მისი ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთს, რა დროსაც მან უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით. ლ.ქ ხულიგნური ქმედების აღკვეთა შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იქ შეკრებილ მოქალაქეთა ძალისხმევით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ.ქ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა გ.ჯ. წარდგენილი სააპელაციო საჩივრებით მსჯავრდებული ლ.ქ და მისი დამცველი, ადვოკატი გ.ჯ ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება; საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულყოფილად და არაობიექტურად; სამართალწარმოების ყველა ეტაპზე იკვეთებოდა ტენდენციურობა, რომელიც იმთავითვე მიზნად ისახავდა ლ.ქ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობა და შესაბამისი დასკვნა ლ.ქ მიერ მასზე ინკრიმინირებული ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ; სასამართლოს არ გამოუკვლევია და ობიექტური შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რაც მომხდარი ფაქტის საფუძველი გახდა, კერძოდ, სასამართლომ საქმის განხილვის ეტაპზე არ გაითვალისწინა, რომ ლ და გ ქ-ებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა კონფლიქტი და მათ შორის არსებული ქონებრივი დავები არაერთხელ გამხდარა როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის წესით სასამართლოს განხილვის საგანი; ჯეროვნად არ შეფასებულა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ლ.ქ არ ჩაუდენია ქმედება, რომელიც შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით.

საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენში შეიტანა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ.ქ ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 151-ე მუხლზე, ხოლო სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ლ.ქ მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ.ლ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრის მოტივები მდგომარეობს შემდეგში: კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში არის უკანონო, ხოლო სასჯელის ნაწილში _ აშკარად ლმობიერი; განაჩენი აგებულია რა მცდარ სამართლებრივ შეფასებებზე, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირს აძლევს შესაძლებლობას, თავი აარიდოს პასუხისმგელობასა და შესაბამის სასჯელს; სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უგულებელყო დაზარალებულების _ გ.ქ და ს.ს ჩვენებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ლ.ქ ხულიგნური ქმედების გამო, ცუდად გახდა მათი მეზობელი _ მ.ს, ხმაურზე შეგროვდენენ მეზობლები და თანასოფლელები, რომლებიც მსჯავრდებულს მოუწოდებდნენ დაწყნარებულიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის კვლავ განაგრძობდა ჩხუბსა და იქ მყოფი მოქალაქეების გინებას; სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა და მხოლოდ ცალმხრივად, მსჯავრდებულის სასარგებლოდ განმარტა ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეთა ჩვენებები; მანვე ობიექტური სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ლ.ქ მიერ გ.ქ განხორციელებული თავდასხმის ფაქტი; სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ლ.ქ კასპის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ერთხელ უკვე იყო გასამართლებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და ამჯერად უკვე მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა; პალატამ არ გაითვალისწინა არც დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები და არც მსჯავრდებულის პიროვნება; ცალმხრივად შეაფასა ან საერთოდ დაუსაბუთებლად უარყო მოცემულ საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რასაც შედეგად მოჰყვა უსამართლო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ.ლ საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლ.ქ მიმართ ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 აგვისტოს ¹606-ე განკარგულების შესაბამისად, ლ.ქ გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ლ.ქ მიმართ და შეამოწმა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ.ლ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ ლ.ქ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 აგვისტოს ¹606-ე განკარგულების შესაბამისად, ლ.ქ გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ლ.ქ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 აგვისტოს ¹606-ე განკარგულების საფუძველზე ლ.ქ-ს მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.