შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
815აპ.-09 18 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით ვ. გ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (2009 წლის 3 თებერვლისა და 12 თებერვლის ეპიზოდები) _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. გ-შვილი სასჯელს იხდის 2009 წლის 12 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ეჭვმიტანილის სახით დაკავების დრო _ 2009 წლის 5 თებერვლიდან 2009 წლის 7 თებერვლამდე, სულ – 2 დღე.
ვ. გ-შვილს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
გასაჩივრებული განაჩენით ვ. გ-შვილს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში, იმის მიერ, ვისაც წინათ აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მასვე მსჯავრი დაედო პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში (ორი ეპიზოდი), ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით ვ. გ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და ვ. გ-შვილს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის ¹767 განკარგულებით ვ. გ-შვილი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვ. გ-შვილი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: 2009 წლის 3 თებერვალს ქ. ბათუმში ვ. გ-შვილმა დაუდგენელი პირისაგან პირადი მოხმარებისათვის უკანონოდ, მცირე ოდენობით შეიძინა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე. 2009 წლის 5 თებერვალს ვ. გ-შვილი შემოწმდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიურ თრობაზე და დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
2009 წლის 7 თებერვალს ვ. გ-შვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და იმავე დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო _ 2500 ლარი. მიუხედავად ამისა, 2009 წლის 11 თებერვალს ქალაქ ბათუმში ვ. გ-შვილმა დაუდგენელი პირისაგან პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ ისევ შეიძინა მცირე ოდენობით „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიმახარა. 2009 წლის 12 თებერვალს ვ. გ-შვილი შეამოწმეს ქალაქ ზუგდიდის შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს განყოფილებაში და მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
ვ. გ-შვილმა 2009 წლის 12 თებერვალს ქ. ბათუმში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, ვინმე „მურმანისაგან“ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2, 5345 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, 27 ე.წ. „ჩეკად“ დაფასოებული, მოყავისფრო ფხვიერი მასა, რომელიც გადაზიდა ქ. ფოთში, საიდანაც 2 „ჩეკი“ _ 0, 1965 გრამი ნაროტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეინახა შავი ფერის სპორტული შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში, ხოლო ე.წ. 25 „ჩეკი“ _ 2, 338 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეინახა ქ. ფოთში, ბ-ის ქ. ¹10-ში მდებარე თავისი ნათესავის, ნ. ტ-ავას საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საკუჭნაო ოთახში განთავსებულ, ხის მაგიდაზე დაწყობილ ფიცრებს შორის. 2009 წლის 12 თებერვალს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. ფოთში, კ-თის ქუჩაზე, დააკავეს ვ. გ-შვილი. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას სპორტული შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული _ 0, 1965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც ამოღებულ იქნა, ხოლო ნ. ტ-ავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ვ. გ-შვილის მიერ უკანონოდ შეძენილი, ქ. ბათუმიდან ქ. ფოთში გადაზიდული და შენახული, 25 ე.წ. „ჩეკად“ დაფასოებული 2, 338 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
აპელანტი _ მსჯავრდებულ ვ. გ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ-აია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო სხვა, დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის უცვლელად დატოვებას, რასაც ასაბუთებდა შემდეგი მოტივებით; მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ; პოლიციელ უ-ძის პატაკი, რის საფუძველზეც დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და დაიწყო გამოძიება, საქმეზე არ იყო დამაგრებული საპროცესო კანონმდებლობით, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის I ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პატაკი, ისევე როგორც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი; პოლიციის თანამშრომლების _ ლ. უ-ძის, დ. მ-ავასა და განსასჯელის ნათესავ _ ნ. ტ-ავას ჩვენებები განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა ვ. გ-შვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. ამდენად, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ადვოკატი საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის III ნაწილის საფუძველზე ითხოვდა, რომ ეჭვი გადაწყვეტილიყო განსასჯელის სასარგებლოდ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ვ. გ-შვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-აიამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა აღნიშნა, რომ განაჩენი გამოტანილია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით და ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ვ. გ-შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში საქმის წარმოებით შეწყვეტა, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ ვ. გ-შვილის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების: ლ. უ-ძის, დ. მ-ავას, პ. დ-შვილის ჩვენებებით, მოწმე ნ. ტ-ავას ჩვენებით, დაკავების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმების ¹328 და ¹346534 დასკვნებით, 2009 წლის 13 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით ვ. გ-შვილის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ნარკოტიკების გადაზიდვის გარდა, დადასტურებულია, მაგრამ მას სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მისი პირადი ჩხრეკისა და ნ. ტ-ავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომლის სუფთა წონაა _2,5345 გრამი, მას არ ეკუთვნოდა და თვლის, რომ იგი მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ადვოკატის _ დ. ჯ-აიას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ვ. გ-შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში საქმის წარმოებით შეწყვეტის, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ, უსაფუძვლობის გამო:
ვ. გ-შვილის მიმართ შერაცხული მსჯავრდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის ნაწილში _ საქმის მასალებით არ დასტურდება.
სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, უკანონო გადაზიდვისას ხდება სპეციალურ კონტროლსდაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი მეთოდით გადაადგილება ერთი ადგილიდან საქართველოს სხვა ადგილას მისი განთავსების მიზნით, ტვირთის გამგზავნის ან ადრესატის თანდასწრებით. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს პირის მიზანზე: თუ ნარკოტიკული საშუალების გადაადგილება ხდება სხვა ადგილზე მისი მოთავსების მიზნით, მაშინ საქმე გვაქვს უკანონო გადაზიდვასთან, ხოლო თუ ასეთი მიზანი არ არსებობს _ უკანონო შენახვასთან.
მსჯავრდებულმა ვ. გ-შვილმა სასამართლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში განაცხადა, რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელი და იგი სხვა მიზნით არასოდეს არ გამოუყენებია.
საკასაციო პალატის აზრით, საქმე განხილულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება ნარკოტიკების გადაზიდვის ნაწილში.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო იმავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, “ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.” საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში კი არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ვ. გ-შვილმა მოახდინა ნარკოტიკების უკანონოდ გადაზიდვა. იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად კი: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.
არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ვ. გ-შვილის მიერ ნარკოტიკების გადაზიდვის ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ვ. გ-შვილის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გადაზიდვის ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. გ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ჯ-აიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ვ. გ-შვილის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გადაზიდვის ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.