შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
234საზ ქ. თბილისი
22 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ხობის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის დადგენილების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ზელენოგრადის საოლქო სასამართლოს 1996 წლის 24 აპრილის განაჩენით გ. ა-ა, _ დაბადებული … წელს, საქართველოს მოქალაქე, მცხ. ხობის რაიონის სოფელ ….., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 145-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მეორედ გ. ა-ა გაასამართლა რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის შეკსნინსკის რაიონის სასამართლომ 1998 წლის 8 ივლისს რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი (მოუხდელი ჰქონდა 6 წელი, 8 თვე და 1 დღე) და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 11 სექტემბრიდან.
ხობის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის დადგენილებით აღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელი აღსრულდა საქართველოში, კერძოდ, დადგენილებაში მითითებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ზელენოგრადის საოლქო და ვოლგოგრადის ოლქის შეკსნინსკის რაიონის სასამართლოს განაჩენებით გ. ა-მ ჩაიდინა:
ჯგუფურად და ბინაში შეღწევით ქურდობა; ჯგუფურად და განმეორებით ძარცვა, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; ყაჩაღობა საცავში შეღწევით და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
გ. ა-ს საქართველოში მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 11 სექტემბრიდან.
გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებულია, რომ გ. ა-ს ქმედებებს ითვალისწინებს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტები, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტი და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
მსჯავრდებული გ. ა-ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული დადგენილების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებულ დადგენილებაში არასწორადაა მითითებული, რომ გ. ა-ს ქმედებას ითვალისწინებს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან ამ სასამართლო გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ გ. ა-მ ჩაიდინა ყაჩაღობა საცავში უკანონო შეღწევით და არა _ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
პალატა აღნიშნავს, რომ გ. ა-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლითაც მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის გასაჩივრებული დადგენილების გამოტანის დროისათვის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (რომლითაც დანიშნული აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა) ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი ამ ქმედებისათვის სასჯელად ადგენს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი. სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ კანონს აქვს უკუძალა და მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.
ამავე მოტივებით მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. ა-ს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა დაენიშნოს 5 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 1997 წლის 11 სექტემბრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ა-ს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ხობის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის დადგენილება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ა-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ა-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ა-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.
გასაჩივერებული დადგენილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და გ. ა-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 1997 წლის 11 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ გ. ა-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.