შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
235საზ ქ. თბილისი
28 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თა. გ-ი, _ დაბადებული 1947 წელს, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 133-ე მუხლით _ 14 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 13 წლით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 13 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. გ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 16 აპრილიდან.
ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. ტ. ნ-ს, _ დაბადებულს .... წელს, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანს, ნასამართლევს, _ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 133-ე მუხლით _ 14 წლით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 14 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით _ 5 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ტ. ნ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 19 აპრილიდან;
2. თ. თ-ს, _ დაბადებულს 1960 წელს, ცოლშვილიანს, საშუალო განათლებით, ნასამართლევს, _ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 133-ე მუხლით _ 14 წლით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 14 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით _ 5 წლით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. თ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1996 წლის 17 აპრილიდან;
3. ა. ა-ს, _ დაბადებულს .... წელს, უცოლოს, საშუალო განათლებით, ნასამართლევს, _ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 133-ე მუხლით _ 10 წლით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 10 წლით, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 5 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. ა-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 20 მაისიდან;
4. გ. ნ-ს, _ დაბადებულს ........ წელს, ცოლშვილიანს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით _ 3 წლით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. ნ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1996 წლის 17 აპრილიდან;
5. ი. გ-ს, _ დაბადებულს ..... წელს, უცოლოს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 1995 წლის 2 ივნისის კანონის მე-2 მუხლის გამოყენებით იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ თ. გ-მა, ტ. ნ-მა, თ. თ-მა და ა. ა-მ სხვადასხვა დროს ჩაიდინეს არაერთი დანაშაული, მათ შორის:
ტ. ნ-მა, თ. თ-მა და ა. ა-მ 1993 წლის 12 მაისს გაქურდეს რ. ვ-ს ბინა.
აღნიშნული პირები 1994 წლის მარტში, შეიარაღებულები იყვნენ რა ავტომატებით, თავს დაესხნენ თემქის დასახლებაში მცხოვრებ ა. პ-ს ოჯახს და გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები და ფული.
იმავე პერიოდში ტ. ნ-მა, თ. თ-მა და ა. ა-მ განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა ქ. თბილისში მცხოვრებ ი. ა-ს ბინაზე, საიდანაც გაიტაცეს ფული და სხვადასხვა ნივთები.
თ. გ-ი 1994 წლის 8 ივლისს წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. თ-ს, ა. ა-სა და სხვა პირებს. დანითა და გაზის პისტოლეტით შეიარაღებულები, ისინი დაახლოებით 24 საათზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ. თბილისში, იმედაძის ქუჩაზე მცხოვრებ ვ. თ-ის ოჯახს. თავდამსხმელები იარაღითა და ცხელი უთოთი ზემოქმედებდნენ დაზარალებულებზე, რომლებიც დაამწყვდიეს ბინის სარდაფში და ჩაუკეტეს კარი, რის შედეგადაც გაიტაცეს ნივთები და ფული, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 2 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;
თ. გ-ი 1994 წლის 14 ივლისს მ. ჯ-სთან, ი. ც-სა და ვ. მ-სთან ერთად, შეიარაღებულები ცივი და ცეცხლსასროლი იარაღებით, თავს დაესხნენ ქ. რუსთავში მცხოვრებ გ. მ-ის ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 850 ლარის ღირებულების ნივთები;
თ. გ-ვი 1995 წლის აგვისტოში დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. თ-ს, ტ. ნ-სა და სხვა პირებს. დაახლოებით 18 საათზე, გაზის პისტოლეტით შეიარაღებულები, ისინი გაერთიანება „თბილლუდის” ტერიტორიაზე თავს დაესხნენ გაერთიანების მოლარე ც. კ-ს, რომელსაც შეუკრეს ხელები და იარაღის მუქარით გასტაცეს რუსული რუბლი და ამერიკული დოლარები, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 599,3 ლარის ოდენობის ზიანი;
1996 წლის 1 მარტს თ. გ-ი წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივად დაუკავშირდა ტ. ნ-ს, თ. თ-სა და სხვა პირებს, თვითონ შეიარაღებული იყო დანით, ხოლო ტ. ნ-ი და თ. თ-ი _ „ნაგანის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარით. დაახლოებით 14.30 საათზე, თავს დაესხნენ ქ. მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე მცხოვრებ რ. რ-ს ოჯახს, სადაც ხელ-ფეხი შეუკრეს და აბაზანაში ჩაკეტეს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი და გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 9645,3 ლარი; მათ ამავე ბინიდან ასევე გაიტაცეს „ნაგანის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 21 ვაზნით;
1996 წლის 22 მარტს ხელყუმბარით შეიარაღებული თ. გ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ტ. ნ-სა და გ. მ-ს, რომლებსაც თან ჰქონდათ „ნაგანის” სისტემის იარაღი. დაახლოებით 12 საათზე ისინი თავს დაესხნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მცხოვრებ ი. ვ-ს ოჯახს, სადაც თოკით ხელ-ფეხი შეუკრეს ოჯახის წევრ თ. ნ-ს, ჩაკეტეს იგი საძინებელ ოთახში და გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები და ფულადი თანხა, სულ _ 19 038 ლარისა და 24 700 დოლარის ოდენობით.
მსჯავრდებული თ. გ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ტ. ნ-ი, თ. თ-ი, ა. ა-ძე, თ. გ-ი და სხვა პირები სხვადასხვა დროს დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმები, რა დროსაც გაიტაცეს ფული და მრავალი ნივთი.
ამრიგად, მსჯავრდებული თ. გ-ი, ტ. ნ-ი, თ. თ-ი და ა. ა-ძე წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრები და მათი მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმების გზით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სასჯელად დადგენილია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით. ამდენად, თ. გ-ს, ტ. ნ-ს, თ. თ-სა და ა. ა-ს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, თ. გაგლოევის, ტ. ნ-სა და თ. თ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 133-ე მუხლიდან (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით), რისთვისაც დანიშნული აქვთ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე და ახალ კანონს აქვს უკუძალა, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცივი იარაღის _ დანის ტარებისათვის. ამ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 2381-ე მუხლი. სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ ნაწილში თ. გ-სა და ტ. ნ-ის მიმართ უნდა შეწყდეს საქმე.
განაჩენით თ. თ-ს მსჯავრი დაედო ბინაში შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული იმ დროს მოქმედი სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 10 წლამდე ვადით და რისთვისაც მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებით ზემოაღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მისი ჩადენისათვის დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით, რაც იმაზე მეტყველებს ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი და ამ კანონს აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. თ-ს ქმედება სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე.
ზემოაღნიშნული მოტივებით გ. ნ-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (რომლითაც მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 375-ე მუხლზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ თ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 23 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ:
განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში თ. გ-სა და ტ. ნ-ს მიმართ შეწყდეს საქმე;
თ. გ-ს, ტ. ნ-ს, თ. თ-სა და ა. ა-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე და მიესაჯოთ 12-12 (თორმეტ-თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
თ. თ-ის ქმედება სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე და სასჯელად დაენიშნოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ნ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის 375-ე მუხლზე და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
თ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯოს _ 13 (ცამეტი) წლით, ხოლო გ. ნ-ს _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.