შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 02.02.2009
საქმის ნომერი
345საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

345საზ ქ. თბილისი

2 თებერვალი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მ. – მ-ე, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ მან, 1993 წლის სექტემბერში, შევიდა რა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრე უკანონო შეიარაღებული ფორმირების სენაკის მე-2 ბატალიონის წევრად, აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამავე პერიოდში მან უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა „აკმ-ის» სისტემის ¹9322 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.

მ. მ-მ, მთვრალმა, ჩაიდინა სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანება, რასაც განსაკუთრებით დიდი ზარალი მოჰყვა და პოლიციის მუშაკების სიცოცხლის ხელყოფა დამამძიმებელ გარემოებებში, პოლიციის მუშაკების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესრულებისას და განსაკუთრებული სისასტიკით.

მ. მ-ძის მოქმედება კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

1993 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 18 საათზე, მ-სა და ჯ-ის ქუჩების გადაკვეთასთან პიკეტზე მყოფ შს სამინისტროს აკადემიის კურსანტებს, რომლებიც იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, თავს დაესხნენ ხსენებული უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები, რომელთა შორის იყო მ. მ-ეც. კურსანტები _ ფ. ტ-ი და თ. გ-ი დაუდგენელმა პირებმა დაატყვევეს და ორივე მათგანი ასევე დაუდგენელმა პირმა ავტომატური იარაღით დაჭრა ქვედა კიდურებში.

მ. მ-მ ნახა ორივე დაჭრილი კურსანტი, ჯერ ფ. ტ-ლ აიძულა, დამდგარიყო ჯორჯიაშვილის ქუჩის კუთხეში, ღობესთან და ახლო მანძილიდან ავტომატით თავის არეში სროლით მოკლა იგი. შემდეგ თ. გ-ი მიიყვანა იმავე ადგილზე და გულმკერდის არეში ესროლა ავტომატური იარაღიდან. როცა მიიჩნია, რომ თ. გ-იც მკვდარი იყო, მ. მ-ძ წავიდა შემთხვევის ადგილიდან. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ჰქონდა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, თ. გ-ი გადაურჩა სიკვდილს, ფ. ტ-ი კი ადგილზევე გარდაიცვალა.

1994 წლის 16 იანვარს მ. მ-ემ კვლავ ჩაიდინა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკების სიცოცხლის ხელყოფა მთვრალ მდგომარეობაში. კერძოდ, მან რუსთაველის ქუჩაზე ნახა, რომ საგუშაგოზე იდგნენ შს ხაშურის რაიგანყოფილების მუშაკები _ თ. ლ-ე, გ. ხ-ე, მ. ჩ-ე და სხვები. დაახლოებით 24.15 საათზე მ. მ-მ, პოლიციელების სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, 350 მეტრი მანძილიდან 20-25 ტყვია ესროლა პოლიციელთა ავტობუსს. ტყვიები მოხვდა ავტობუსის მინებს, აკუმულატორს და ა.შ., ხოლო ორი ტყვია გულმკერდისა და მუცლის არეში მოხვდა ავტობუსში მყოფ გ. ხ-ს, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები, მაგრამ სხვა პოლიციელებმა გადაიყვანეს იგი საავადმყოფოში და გადაურჩა სიკვდილს.

ავტობუსის დაზიანებით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 40 მილიონი კუპონი.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ მ. მ-ე მიიმალა, მაგრამ ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად იგი 1994 წლის 2 თებერვალს დააკავეს და ჩამოართვეს ავტომატური იარაღი ¹9322 ერთი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით.

ზემოაღნიშნული ქმედებისათვის მ. მ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა სიკვდილით დასჯა, 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა, ქონების კონფისკაციით. სსკ-ის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, იგი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად. მასვე ქ. ხაშურის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების სასარგებლოდ დაეკისრა 40 მილიონი კუპონის გადახდა.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ნოემბრის ¹75-ე ბრძანებულებით მ. მ-ე შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე განიხილა მ. მ-ს საჩივარი და 2001 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით 1994 წლის 22 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: მ. მ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან შესაბამისობაში მოვიდა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილთან და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მ. მ-ს განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობისა და ქონების კონფისკაციის შესახებ; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. მ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მოცემულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რის გამოც ითხოვს მისი ქმედების, დაკვალიფიცირებულის საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 73-ე მუხლით, გადაკვალიფიცირებას მოქმედი სსკ-ის 28-ე, 32-ე, 37-ე მუხლებზე, 2091-ე მუხლის _ სსკ-ის 113-ე მუხლზე, მე-100 მუხლის _ სსკ-ის 30-ე მუხლზე, ხოლო სსკ-ის 238-ე მუხლის მოხსნას, რადგან იყო კანონიერი ეროვნული გვარდიის წევრი და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მ. მ-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც აღინიშნა, მ. მ-ე მსჯავრდებულია საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მუშაკების სიცოცხლის განსაკუთრებული სისასტიკით ხელყოფისათვის, რაშიც ბრალი დაედო მ. მ-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემდეგ სიკვდილის დასჯის გაუქმების გამო მ. მ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისათვის.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ს, რომელსაც განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე შესაძლებელია გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, თუ საჩივარში მითითებული გარემოებები მთლიანად აკმაყოფილებს დადგენილებაში მითითებულ ორ ძირითად პირობას: პირის ბრალდება უნდა ემყარებოდეს დადგენილებაში მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მონაწილეობას და მის პოლიტიკურ მრწამსს.

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო მ. მ-ს პოლიტიკურ მრწამსთან, რასაც არც მისთვის წარდგენილი ბრალდება ემყარება. ამდენად, საჩივარში მითითებული მოტივებითა და, გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით განჩინების გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს და დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, განჩინებაში არ არის მითითებული სასჯელის ათვლის თარიღი და რამდენადაც, პირადი საქმის მასალებით, მ. მ-ე დაკავებულია 1994 წლის 5 თებერვალს, მას ამ განჩინებით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს სწორედ ამ დღიდან.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ კანონის სანქციის ფარგლებში.

სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 3 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. მ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და მ. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყოს 1994 წლის 5 თებერვლიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.