შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
178საზ ქ. თბილისი
27 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ძ-ის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 იანვრის განაჩენით ლ. .ძ-ი, _ დაბადებული ......... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხ. ქ. ფოთში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით ლ. ძ-ს საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება, სსკ-ის 471-ე მუხლის გამოყენებით, გადაედო 2 წლით.
1992 წლის დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებში, ღამით, ლ. ძ-მა, შესასვლელი კარის გატეხვის გზით, შეაღწია ქ. ფოთში, ........-ში მცხოვრები ნ. კ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენა 640 000 მანეთის მნიშვნელოვანი ზიანი.
1993 წლის იანვარში ლ. ძ-მა ქ. ფოთში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა „აკმ”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რასაც ინახავდა თავისი საცხოვრებელი სახლის სხვენზე და უკანონოდ ატარებდა.
1993 წლის ოქტომბერში ლ. ძ-ი მოელაპარაკა მძიმე დანაშაულისათვის ძებნილ, არაერთგზის ნასამართლევ მეგობარს _ ვ. თ-ს, რათა ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ რომელიმე მოქალაქეს და გაეტაცებინათ მისი კუთვნილი ავტომანქანა. ამ მიზნით იმავე თვის ბოლო რიცხვებში, დაახლოებით 14 საათზე, ისინი მივიდნენ და გაჩერდნენ ქ. ფოთში, რუსთაველის ქუჩის რკალზე. ლ. ძ-ს თან ჰქონდა „აკმ”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ვ. თ-ს _ ხელყუმბარა. მათ გააჩერეს ავტომანქანა „ვაზ-2107”, რომელსაც მართავდა ა. ი-ი, და წინადადება მისცეს, გადმოსულიყო და მანქანა დროებით ეთხოვებინა მათთვის. ა. ი-ს პასუხზე, რომ თვითონ მოემსახურებოდა, ლ. ძ-მა და ვ. თ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის დემონსტრირებით გამოხატეს მის მიმართ მოკვლის მუქარა, რის გამოც ა. ი-ი იძულებული გახდა, გადმოსულიყო ავტომანქანიდან და ის მათთვის გადაეცა. მანქანის საჭეს მიუჯდა მართვის უფლების არმქონე ლ. ძ-ი და თანამზრახველთან ერთად გაიტაცა იგი დროებითი გამოყენების მიზნით. რამდენიმე საათის შემდეგ მათ გატაცებული ავტომანქანა უვნებლად გააჩერეს ქ. ფოთში, ჩკალოვის ქუჩაზე და მიიმალნენ.
1993 წლის 23 დეკემბერს ქ. ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე, დაახლოებით 14 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლ. ძ-ი ყაჩაღურად თავს დაესხა თავისი კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ-21063-ით” მიმავალ გ. შ-ს, რომელსაც გვერდით ეჯდა ამხანაგი კ. ხ-ა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააჩერებინა მანქანა და, როდესაც ისინი გადმოვიდნენ, უბრძანა, გაქცეულიყვნენ და ავტომანქანა მისთვის დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა. როდესაც ლ. ძ-ი დარწმუნდა, რომ გ. შ-ა არ აპირებდა მისი მოთხოვნის შესრულებას, კვლავ დაემუქრა მოკვლით, რის შემდეგაც ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად, განზრახ მოკვლის მიზნით მას ახლო მანძილიდან ავტომატიდან ჯერით ესროლა. გ. შ-ს მოხვდა 8 ტყვია, რის შედეგადაც მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებები და მიწაზე დავარდა. ჩათვალა რა გ. შ-ა მკვდრად, ლ. ძ-მა გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მსვლელობის დროს ის ავტომანქანით კონსტიტუციის ქუჩაზე დაეჯახა ხეს, ლ. ძ-მა ვეღარ შეძლო მისი მართვა, გადმოვიდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაცხრილა და დააზიანა ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რითიც დაზარალებულს მიაყენა 99 203 600 კუპონის ზიანი. ამის შემდეგ მან სირბილით განაგრძო გზა, რა დროსაც ისროდა ჰაერში. კონსტიტუციის ქ. ¹14-ში მდებარე პოლიციის მუშაკის _ ბ. ჭ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოებისას, დარწმუნდა რა, რომ ის სახლში იმყოფებოდა, ლ. ძ-მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ატეხა სროლა ბ. ჭ-ს სახლის მიმართულებით და განზრახ დააზიანა მისი პირადი ქონება, მიაყენა მას 18 მილიონი კუპონის მატერიალური ზიანი. ლ. ძ-ს ხულიგნური, განსაკუთრებით თავხედური მოქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთს, რის შედეგადაც იქ თავი მოიყარა ახლომახლო მცხოვრებმა მოსახლეობამ, ხოლო ლ. ძ-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დააკავეს 1994 წლის 28 მაისს.
მძიმედ დაჭრილი გ. შ-ა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც, მიუხედავად გაწეული დახმარებისა, 1993 წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა.
ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ლ. ძ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო 1 წლით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო მე-4 ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 7 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ 3 წელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით განესაზღვრა სიკვდილით დასჯა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ლ. ძ-ს საბოლოოდ განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილი: ცნობად იქნა მიღებული, რომ ლ. ძ-ი პატიმრობაშია 1994 წლის 28 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387-ე ბრძანებულებით ლ. ძ-ი შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
მსჯავრდებული ლ. ძ-ი საჩივრით ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას, ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და საბოლოოდ 15 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ლ. ძ-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ. ძ-ს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტების საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის (მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე, ხოლო 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” (განზრახ მკვლელობა ანგარებით) ქვეპუნქტის სანქციით _ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამრიგად, ლ. ძ-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ლ. ძ-ს მიერ ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ლ. ძ-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.
რაც შეეხება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტს, იგი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტთან, რადგან ამ მუხლის სანქცია (11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) ნაკლებია სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტის სანქციასთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ძ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ძ-ს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მოტივებით ლ. ძ-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (რისთვისაც მსჯავრდებულს დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის სანქცია სასჯელად ითვალისწინებდა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მსჯავრდებულის სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებულ ქმედებას, რომლითაც ლ. ძ-ს დანიშნული აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოიცავდა ადრე მოქმედი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქცია ითვალისწინებდა 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არ აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ. ძ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, შეესაბამებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილს და შეესაბამება დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებს, რომლის სანქციით დადგენილია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ახალი კანონით შემსუბუქდა სასჯელი.
ამდენად, ლ. ძ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებზე.
გარდა ამისა, მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტიდან (ყაჩაღობა სხეულის მძიმე დაზიანებით), რისთვისაც სასჯელად დადგენილი იყო თავისუფლების აღკვეთა 6-დან 15 წლამდე და რითვისაც ლ. ძ-ს დანიშნული აქვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ კანონის სანქციის ფარგლებში. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების (157-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ არ შეცვლილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ. ძ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ლ. ძ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ლ. ძ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებზე და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ლ. ძ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ლ. ძ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და მას საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და მსჯავრდებულ ლ. ძ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 1994 წლის 28 მაისიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.