შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 10.03.2008
საქმის ნომერი
343საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

343საზ. 10 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. დ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენით ს. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 150-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 236-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; 238-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; 117-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; მე-17 მუხლისა და 105-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე პუნქტების საფუძველზე _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულ ს. დ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი– სიკვდილით დასჯა - შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1995 წლის 27 აპრილიდან.

იმავე განაჩენით ვ. დ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 236-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 26 აპრილიდან.

იმავე განაჩენით გ. თ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; 117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 26 აპრილიდან

იმავე განაჩენით დ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; 117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე –– თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტების საფუძველზე – – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მას სასჯელის საბოლოო ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 26 აპრილიდან

იმავე განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 105-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 206-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 26 აპრილიდან.

განაჩენით ს. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით ორი პირის განზრახ მკვლელობა, რაც ასევე დაკავშირებული იყო გაუპატიურებასთან; მანვე, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა გაუპატიურება, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი; მანვე, პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, ასევე არასრულწლოვნების დანაშაულებრივ საქმიანაობაში ჩაბმა; მანვე, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანიო ზიანი გამოიწვია; ასევე ჩაიდინა სათანადო ნებართვის გარეშე ცივი იარაღის ტარება.

მსჯავრდებული ს. დ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სამართლოს კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მისთვის დანიშნული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებას 15 წლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. დ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ს. დ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა. ამ დანაშაულისათვის ალტერნატიულ სასჯელს წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედებისათვის კი ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, ს. დ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ ს. დ-ის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. დ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა - არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

რაც შეეხება ს. დ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონით მის მიერ ჩადენილი ქმედება აღარ არის დასჯადი, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე და შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით დასჯას და, იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე, რაც, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტისა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულ ს. დ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. დ-ს, რომელსაც სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-9 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც, კანონის შესაბამისად, შთანთქავს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებს, ასევე გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სხვა სასჯელებს.

საკასაციო პალატამ, შეამოწმა რა ს. დ-ის პირადი საქმე სრული მოცულობით, დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ს. დ-ი მსჯავრდებულია აგრეთვე საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რომელთა საფუძველზეც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც სასამართლომ დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 12 (თორმეტი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყო 2003 წლის 7 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენის ზემოთ მითითებულ სისხლის სამართლის კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკითხის განხილვის შემდეგ, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინების შესაბამისობაში მოყვანაზე ზემოხსენებულ კანონთან, კერძოდ: მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ს. დ-ს სასჯელის მაქსიმალურ ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ იმ დანაშაულის ჩადენის დღისათვის, რომლის გამოც მას სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, აღნიშნული თხუთმეტი წლის ვადიდან ს. დ-ს მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 20 (ოცი) დღის ვადით, რაც უნდა დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით მსჯავრდებულის მიერ ბოლოს ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადას – 1 (ერთ) წელს, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ს. დ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 1 (ერთი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას უნდა დაეწყოს 2003 წლის 7 მარტიდან.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს – ვ. დ-ს, მ. მ-ს, გ. თ-სა და დ. თ-ს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მასთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, ხოლო იგივე განაჩენი ვ. დრობიშევის, გ. თ-სა და დ. თ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ვ. დ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), რომელიც პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), ზემომითითებული გარემოებიდან გამომდინარე, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულების – გ. თ-სა და დ. თ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), იმავე გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების – ვ. დ-ის, მ. მ-ის, დ. თ-სა და გ. თ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებულ ს. დ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

ს. დ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-9 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნეს გასაჩივრებული განაჩენის საფუძველზე მის მიმართ დანიშნული სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელები.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: ამ განჩინებით საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელის ზომას _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს წინა, გასაჩივრებული განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი 7 (შვიდი) წლით, 1 (ერთი) თვით, 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული განჩინებით მსჯავრდებულ სოსო დრობიშევს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს– თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 1 (ერთი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით.

იმავე განაჩენში მსჯავრდებულ ვ. დ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენში მსჯავრდებულ გ. თ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

იმავე განაჩენში მსჯავრდებულ დ. თ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 24 ივნისის განაჩენი, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ს. დ-ის, ვ. დ-ის, მ. მ-ის, დ. თ-სა და გ. თ-ის მიმართ, ასევე ამ სასამართლო გადაწყვეტილებებით მათთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.