შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 27.02.2008
საქმის ნომერი
365საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

365-საზ 27 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის განაჩენით დ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 1 წლით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 4 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივ შეკრების პრინციპით, დ. შ-ს შეეფარდა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 2 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით ლ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით 6 წილთ, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 4 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ლ. გ-ს შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 2 დეკემბრიდან.

ჯ. უ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 4 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ჯ. უ-ს შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 2 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული დ. შ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე მითითებით, საჩივრით ითხოვს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. შ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ პუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართვლეოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმრთულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება – ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებს (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რომლებიც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

მსჯავრდებულ დ. შ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომეილც ითვაილსწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მ-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების – ლ. გ-სა და ჯ. უ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მათი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების – დ. შ-ის, ლ. გ-სა და ჯ. უ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსს-კის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულების _ დ. შ-ს, ლ. გ-სა და ჯ. უ-ს ქმედებები საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების – დ. შ-ს, ლ. გ-სა და ჯ. უ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.