შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
375საზ-07 23 ივნისი, 2009 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ფ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 24 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ა. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) «ზ», «თ», «ი’’ და «ლ» ქვეპუნქტებით _ 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ა. ფ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ა. ფ. სასჯელს იხდის 2001 წლის 3 ივლისიდან.
ა. ფ-ს მსჯავრი დაედო შემდეგისათვის: წარსულში არაერთგზის, მათ შორის 2001 წლის 11 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებულმა ა. ფ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა თ. გ-ს მიერ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. იგი ლ. კ-ს კუთვნილ, გლდანის ---- ბინაში ინახავდა აგრეთვე თ. გ-თან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ დიდძალ საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს.
მანვე, თ. გ-ს მიერ გადაცემული «მაკაროვის» სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულმა, 2000 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. გ-სთან ერთად, ჯგუფურად, სხვისი ქონების _ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ზ. ნ-ზე. მანვე ანგარებით, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების შექმნით, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთი გასროლით ჩაიდინა ზ. ნ-ს მკვლელობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
იმავე განაჩენით თ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 224-ე მუხლით _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის «ზ», «თ», «ი», «ლ» და «ო» ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, საბოლოოდ თ. გ-ს მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
თ. გ. პატიმრობაში იმყოფება 2001 წლის 6 ოქტომბრიდან.
თ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგისათვის: წარსულში არაერთგზის ნასამართლევმა თ. გ-მა, სხვა პირებთან ერთად, შექმნა მყარი შეიარაღებული, ორგანიზებული ჯგუფი _ ბანდა და მონაწილეობდა ამ ბანდის მიერ განხორციელებულ თავდასხმებში. აღნიშნული ბანდის შეიარაღების უზრუნველსაყოფად იგი არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, ატარებდა და გადაზიდავდა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს, დიდძალ საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ურთიერთკავშირისათვის ბანდის წევრები ფლობდნენ აგრეთვე რადიოგადამცემ საშუალებებს. თ. გ-მა ბანდის წევრებთან _ დ. ა-თან, ი. დ-თან, აწ გარდაცვლილ გ. ს-სა და სხვებთან ერთად ჩაიდინა არაერთი დანაშაული. 1998 წლის 19 მარტს მან, ავტომატებითა და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ბანდის შემადგენლობაში, ქ. თბილისში, გლდანის ---- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხიდან საკეტის დაზიანებით გაიტაცა მ. მ-ს კუთვნილი, 6000 ლარად ღირებული «უაზ-31514» მარკის ავტომანქანა. მანვე, იმავე შეიარაღებული ბანდის შემადგენლობაში, 1998 წლის მაისში, ქ. თბილისში, გლდანის ----- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხიდან საკეტის გატეხვით გაიტაცა გ. ფ-ს კუთვნილი, «ვაზ-2106» მარკის ავტომანქანა. მანვე 1998 წლის 6 ივლისს, ღამით, ბანდის სხვა შეიარაღებულ წევრებთან ერთად, გლდანის ---- არსებული ავტოფარეხიდან გაიტაცა გ. ქ-ს კუთვნილი, 7300 ლარად ღირებული «ვაზ-21213» მარკის ავტომანქანა, .რომელსაც შენიღბვისა და, ამგვარად, სხვა დანაშაულთა ჩასადენად მისი გამოყენების მიზნით, ბოროტმოქმედებმა შავი ფერის საიზოლაციო ლენტის საშუალებით სახელმწიფო ნომერი გადაუკეთეს რიცხვით «….». 1999 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თ. გ-მა, გ. ქ-საგან გატაცებული ზემოხსენებული ავტომანქანით, ბანდიტური თავდასხმის განხორციელების მიზნით, ჯგუფის ასევე შეიარაღებულ წევრებთან _ მ. ჭ-თან, ი. დ-თან, დ. ა-სა და გ. ს-თან ერთად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინა გასროლა სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი პოლიციის მუშაკებისა და მათთან მყოფი მოქალაქეების მიმართულებით, რითაც ჩაიდინა მათი სიცოცხლის ხელყოფა. იმავდროულად ურთიერთშეთანხმებულად მოქმედი ბანდის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარა და ამით განზრახ საფრთხე შეუქმნეს მრავალ პირთა სიცოცხლეს. შეტაკების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი ზ. ქ.. მ. კ-მა და პოლიციის მუშაკებმა _ ი. ჭ-მა, მ. ჯ-მ, ძ. გ-მა და გ. კ-მა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.
2000 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ავტომატით შეიარაღებულმა თ. გ-მა, რომელსაც უკვე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა, მის მიერ გადაცემული პისტოლეტით შეიარაღებულ მსჯავრდებულ ა. ფ-თან ერთად, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად, ანგარებით, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების შექმნით, დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთი გასროლით განზრახ ჩაიდინა ზ. ნ-ს მკვლელობა, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2001 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე, გლდანის --- კორპუსის სადარბაზოში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, თ. გ-მა, თავის ძმასთან, ამ ქმედებისათვის მსჯავრდებულ ა. გ-თან ერთად, ჯგუფურად, ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მუშაკებს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
თ. გ-მა, რომელსაც ადრე არაერთგზის ჰქონდა ჩადენილი სხვისი ქონების გატაცება, 2001 წლის 6 ოქტომბერს, ღამით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეაღწია გლდანის ---- კორპუსის სადარბაზოში არსებულ სარდაფში, საიდანაც წინასწარ მომზადებული სხვადასხვა საშუალების გამოყენებით გადაჭრა და გაიტაცა 70 მეტრი ელექტროსადენი, ღირებული 1190 ლარად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა «ეი-იეს თელასს».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 6 ნოემბრის განაჩენი თ. გ-სა და ა. ფ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გამო მსჯავრდებული ა. ფ. თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. ფ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტი (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) და ამ ნაწილში მსჯავრდებულ ა. ფ-ს, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ამავე დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ფ-ს ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ზ» (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), «თ» (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და «ლ» (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) ქვეპუნქტებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ვინაიდან აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებული აღარ არის უვადო თავისუფლების აღკვეთა, ა. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ზ’’, «თ’’, «ლ’’ ქვეპუნქტებიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), შესაბამისად, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ’’, «დ’’ ქვეპუნქტებსა და მეორე ნაწილის «ე’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ნაწილში სასჯელის დანიშვნაზე, ვინაიდან ა. ფ-ს მიერ ჩადენილია ერთი უმართლობა რამდენიმე დამამძიმებელ გარემოებაში, რომელთაგან ერთი, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) «ი’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელთა სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა და ამჟამადაც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
რაც შეეხება ა. ფ-ს მსჯავრდებას სხვა ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებითა და 109-ე მუხლის «ი’’ ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ა. ფ-ს ახალი კანონით შეუმცირდა ყაჩაღობის ნაწილში განაჩენით დანიშნული სასჯელი, ხოლო საბოლოო სასჯელი მას დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების წესით, ეს უკანასკნელი მას უნდა შეუმცირდეს პროპორციულად _ ახალი კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომასთან მიმართებით და, შესაბამისად, ა. ფ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართაც, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, რომლის სანქციით სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ამასთან, თ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რომლის სანქციით სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ნაწილში მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე, ვინაიდან მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) ერთად სასჯელი დაენიშნა აგრეთვე აღნიშნული მუხლის იმავე ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტითაც, რომლის მიმართ გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ზემოაღნიშნული მოტივების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ზ», «თ» და «ლ» პუნქტებიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ’’, «დ’’ ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მეორე ნაწილის «ე’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ. გ-ს ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ი’’ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით) და ამავე მუხლის «ო’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არაერთგზის), შეესაბამება საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ’’ და «ე’’ ქვეპუნქტებს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელთა სანქცია _ უვადო თავისუფლების აღკვეთა _ ახალი კანონითაც უცვლელად იქნა დატოვებული.
რაც შეეხება თ. გ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 224-ე მუხლითა და 109-ე მუხლის «ი», «ო» ქვეპუნქტებით (მითითებული რედაქცია), ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, იმის გამო, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ს საბოლოო სასჯელი დაენიშნა შთანთქმის პრინციპით _ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის სანქციის საფუძველზე, მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა _ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 24 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ა. ფ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა. ფ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ზ”, ,,ლ” და ,,თ” ქვეპუნქტებიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), შესაბამისად, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ა. ფ-ს მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ თ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).
მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ზ”, ,,ლ” და ,,თ” ქვეპუნქტებიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), შესაბამისად, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა _ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.