შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 19.05.2008
საქმის ნომერი
32საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.05.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

32-საზ ქ. თბილისი

19 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ე-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

ი. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურება, დღიური მინიმალური ორი ლარის ოდენობით, სულ 200 ლარი, 259-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად.

განჩინებით ი. ე-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით 2007 წლის 29 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილება იქნა შეტანილი, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. ე-ს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად დარჩენილი მთლიანი ნაწილიდან – 4 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 თვით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ბ. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 200 ლარი ჯარიმის გადახდისაგან; გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; ამავე კოდექსისი 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ე-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ი. ე-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,თ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ე-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ე-ს მიერ ჩადენილ სხვა ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,თ, ,,ზ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ ქმედებებთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ა-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ:

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, ბ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ. ა-ის მიერ ჩადენილ სხვა ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამ ქმედებებთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ი. ე-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ი. ე-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან;ñ

მსჯავრდებულ ბ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების – ი. ე-სა და ბ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.