შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 27.05.2009
საქმის ნომერი
107საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹107-საზ-08 ქ. თბილისი

27 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ლ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 11 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 19 აპრილის განაჩენით:

დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 26 ივნისიდან.

მ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. ი-ეს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 2 ივლისიდან.

ნ. ღ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულებს _ მ. ი-ესა და დ. ლ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მის სასარგებლოდ 28060,9 ლარის გადახდა.

გ. ა-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულებს _ მ. ი-ესა და დ. ლ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მის სასარგებლოდ 3299,24 ლარის გადახდა.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ლ-ეს გაუმკაცრდა გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად გაუმკაცრდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. ი-ეს გაუმკაცრდა გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად გაუმკაცრდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 11 მარტის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის განაჩენით:

დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის I ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის ჩადენის დროს 2002 წლის 26 ივნისისათვის განსაზღვრული სასჯელის მოუხდელ ნაწილს 6 წელსა და 8 თვეს ნაწილობრივ დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 25 ოქტომბრიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით:

«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ლ-ეს გაუნახევრდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 ნოემბრიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 19 აპრილის განაჩენით დ. ლ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული დ. ლ-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა დ. ლ-ს პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დ. ლ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II-III ნაწილებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებთან.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ის წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ლ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან შვიდ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი, (ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან შვიდ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», «გ» და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

საქართველოს 184-ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მართალია, სანქციის ზედა ზღვარმა დაიწია, მაგრამ, ვინაიდან არ შეცვლილა დანაშაულის კატეგორია და მსჯავრდებულ დ. ლ-სათვის განსაზღვრული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», ,,გ», «დ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), სსკ-ის 236-ე მუხლის I-II-III ნაწილებით, სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. ი-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით მ. ი-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II-III ნაწილებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ მ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის I-II-III ნაწილებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ დ. ლ-სა და მ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ დ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე.

განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ დ. ლ-სა და მ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.