დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3/საზ ქ. თბილისი
9 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 15 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:
მ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რომლის აღსრულება, საქართველოს სსკ-ის 47I-ე მუხლის შესაბამისად, გადაედო იმავე ვადით. Mმის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა რუსთავის შს სამმართველოს. Mმ. ლ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
დ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა გორის რიონული სასამართლოს 1998 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა 1998 წლის 26 დეკემბრიდან, რაც გამოაკლდა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა საბოლოოდ 6 წელი, 9 თვე და 10 დღე. რომლის მოხდა ჩაეთვალა 1998 წლის 15 სექტემბრიდან.
მ. ლ-სა და დ. თ-ს დაზარალებულ გ. შ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, დაბრუნებული «სონის» ფირმის კომპიუტერის ღირებულების გამოკლებით, რაც შეადგენს 680 ლარს.
ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (ძვ. რედაქცია) და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შრომა–გასწორების კოლონიაში მოხდით, რაც ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში 1998 წლის 20 მარტიდან - ფაქტობრივი დაკავების დღიდან.
ზ. გ-სა და დ. თ-ს დაზარალებულ მ. ს-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, დაბრუნებული მუსიკალური ინსტრუმენტის ღირებულების გამოკლებით, რაც შეადგენს 490 ლარს, აგრეთვე _ 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. Mმას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა ქ. რუსთავის სასამართლოს 1997 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელით პატიმრობაში ყოფნის ვადა 1997 წლის 3 ოქტომბრიდან, რაც გამოაკლდა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადას და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 1 წელი და 21 დღე, რომელიც უნდა მოეხადა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში.
განაჩენით მ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული მ. ლ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მიხეილ ლომიძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, ქურდობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საკასაციო პალატა რუსთავის სასამართლოს 1998 წლის 15 სექტემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე არ შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ დ. თ-ის, ზ. გ-სა და გ. გ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით დ. თ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ რედაქცია) 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განაჩენით ზ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დანაშულის დაფარვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მართალია, სანქციის ზედა ზღვარმა დაიწია, მაგრამ, ვინაიდან არ შეცვლილა დანაშაულის კატეგორია და მსჯავრდებულ გ. გ-სათვის განსაზღვრული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 15 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.