განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 08.04.2010
საქმის ნომერი
2კ-792აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

792აპ._09 8 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატის 2009 წლის 24 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით ვ. შ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის II ნაწილის „გ“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ვ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (3 ეპიზოდი, დაზარალებულების: მ. მ-ის, გ. მ-ის, ლ. ბ-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების გამო) _ 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის II ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 88-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ვ. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 4 თვე და 1 დღე, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 4 თვე და 29 დღე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 (ორი ათასი) ლარი, რომლის გადახდა დაეკისრა მის მშობელს – ე. გ-ეს.

ვ. შ-ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მას ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2009 წლის 4 იანვარს ვ. შ-ე დასასვენებლად იმყოფებოდა ბ-ის რაიონში. დაახლოებით 19.30 საათზე იგი სეირნობდა ა-ის ქუჩაზე. იმავე ქუჩაზე, ტროტუარზე, შემხვედრი მიმართულებით, სასტუმრო „თ-ის“ მხრიდან მოდიოდა ბ-ში დასასვენებლად მყოფი, ქალაქ თბილისში მცხოვრები გ. მ-ე თავის მეგობრებთან _ ლ. ბ-სთან და ა. გ-სთან ერთად. სეირნობის დროს ვ. შ-ემ მხარი გაარტყა გ. მ-ეს, რის გამოც მათ შორის დაიწყო კამათი. ვ. შ-ემ ამოიღო გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „ნაგანის“ სისტემის ¹... ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა და ორჯერ ესროლა გ. მ-ეს მარჯვენა თეძოსა და ბარძაყის არეში.

მიღებული დაზიანებების შედეგად გ. მ-ე დაეცა, ხოლო ვ. შ-ემ სცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. მას გამოეკიდა ლ. ბ-ი, ვ. შ-ემ მასაც ერთხელ ესროლა და მარცხენა მუხლი დაუზიანა.

აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ შსს ბ-ის რაიონული სამმართველოს მუშაკები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და დაკავების მიზნით დაედევნენ ვ. შ-ეს. ამ უკანასკნელმა მათაც ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც შსს ბ-ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი მ. მ-ე დაიჭრა მუცლის არეში.

ვ. შ-ემ გადააგდო ,,ნაგანის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და სცადა მიმალვა, მაგრამ იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

გ. მ-ემ, ლ. ბ-მა და მ. მ-ემ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ისინი გადაიყვანეს ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მათ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ: ვ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 19, 109-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შეკრების წესით, ვ. შ-სათვის სასჯელის ზომად 21 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმის _ 4 000 ლარის დაკისრება. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის IV ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ვ. შ-სათვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმის _ 4 000 ლარის დაკისრება.

აპელანტმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი. იგი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს. ამიტომაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად უკანონოდ დააკვალიფიცირა ვ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით ვ. შ-ის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სსკ-ის 120-ე მუხლით (სამივე ეპიზოდში) მსჯავრდების ნაწილში, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით მსჯავრდებას ადვოკატი სადავოდ არ ხდის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ვ. შ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებთი, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთად და ჯარიმა _ 2 000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის IV ნაწილის გამოყენებით ვ. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

იგი სასჯელს იხდის დაკავების დღიდან (2008 წლის 4 იანვრიდან). მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2009 წლის 4 იანვრიდან – 2009 წლის 5 ივნისის ჩათვლით.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ვ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, მან განაჩენის დადგენისას არასწორად გამოიყენა სისხლის სამართლის კანონი, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებისა, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. ვ. შ-ის ქმედებას, მისი ავადმყოფური ცნობიერებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოტივაცია (თავდასხმისაგან თავის დაცვა). ამიტომ მისი ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობად. ადვოკატი ითხოვს, მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და რადგან დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შეზღუდული შერაცხადობის მქონე არასრულწლოვანი, სსკ-ის 35-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ხოლო 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, კი უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

ამდენად, ადვოკატმა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მაალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განაჩენი ვ. შ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:

პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან: მსჯავრდებულ ვ. შ-ის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, დედის _ ე. გ-ის ჩვენებებიდან, დაზარალებულების: მ. მ-ის, ლ. ბ-ის, გ. მ-ის ჩვენებებიდან, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსის _ დ. ი-ის ჩვენებიდან, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებიდან, ქიმიური ექსპერტიზის ¹81/სქ, ბალისტიკური ექსპერტიზის ¹2/ბ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹12, 13, 14, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ¹387/26-17 დასკვნებიდან, ალტერნატიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2009 წლის 4 მაისის ¹34 დასკვნიდან (რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენის დროს ვ. შ-ე იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რომელიც ხასიათდება ძლიერი ემოციური გამღიზიანებლობით, აღქმის ფრაგმენტულობით, ქცევის იმპულსურობით, ნებითი კონტროლის მკვეთრი დაქვეითებით, საკუთარი ქმედებისა და მოსალოდნელი პროგნოზის უგულებელყოფით, ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტის ნაწილობრივი ამნეზიით, დანაშაულისა და სინანულის განცდით) და საქმის სხვა მასალებიდან უტყუარად არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებანი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამივე დაზარალებულს მიღებული აქვს სხეულის მსუბუქი დაზიანებები.

სასამართლოში საქმის განხილვის დროს სამივე დაზარალებულმა ცალსახად დაადასტურა, რომ ვ. შ-ეს მათი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გასროლის შემდეგ კი არ გაიქცეოდა, არამედ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, რადგან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელებაში ხელს არავინ უშლიდა. უფრო მეტიც, დაზარალებულებმა _ ლ. ბ-მა და გ. მ-ემ ჩვენებაში განაცხადეს, რომ ცუდი განათების პირობებში შეუძლებელი იყო იმ პიროვნების დანახვა, რომელმაც ესროლათ. გ. მ-ემ კი აღნიშნა: ,,მე არ ვიცი, ვინ დამჭრა და როგორ ამოვიცნობდი».

ბალისტიკური ექსპერტიზის ¹2/ბ დასკვნით დადგენილია, რომ ვ. შ-ეს იარაღში კიდევ ჰქონდა გაუსროლელი ტყვიები.

ვ. შ-ის მიერ, როგორც გამოძიებისათვის, ისე სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მას, მისი ავადმყოფური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაეწყო ,,შიშები» და ეჩვენებოდა, რომ თავს ესხმოდნენ და იგი თავს იცავდა. მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ისროდა მხოლოდ ფეხების მიმართულებით, რასაც დაზარალებულები გ. მ-ე და ლ. ბ-იც ადასტურებენ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.

საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე“. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის V ნაწილის შესაბამისად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ასევე მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად: ,,განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, ხოლო მე-10 მუხლით: ,,ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

სასამართლომ არ აღმოფხვრა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დასკვნებს, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 539-ე მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა. იმავე მუხლის ,,ვ» ქვეპუნქტის თანახმად კი: ,,სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ».

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, ძირითადად _ ბრალდების მოწმეებზე დაყრდნობით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

რამდენადაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვ. შ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, გაარკვიოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ხელახალი სასამართლო გამოძიების ჩატარების დროს კვლავ უნდა დაიკითხონ მოწმეები, რის შემდეგაც სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განაჩენი ვ. შ-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.