განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
803აპ.-09 ქ. თბილისი
7 აპრილი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. უ-ის, ასევე მსჯავრდებულების _ თ. ქ-ისა და ზ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. მ-ასა და ი. შ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე ზ. ი-ის, გ. ა-ის, თ. ქ-ისა და ზ. უ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ზ. ი-ს, გ. ა-ს და თ. ქ-ეს ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს ქურდობა, სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის; ზ. უ-ეს ბრალი დაედო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობა, სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ყოველივე კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
ზ. უ-ე 2008 წლის თებერვალში, ზუსტი რიცხვი უცნობია, დაუკავშირდა დაუდგენელ პირებს და განიზრახეს, უკანონოდ შეეღწიათ წყალტუბოს რაიონის სოფელ --- მცხოვრებ მ. გ-ის, ე. ბ-ის, ა. ფ-ისა და ი. რ-ის კუთვნილ პირუტყვის ბოსლებში და ფარულად დაუფლებოდნენ მათ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბოროტმოქმედებმა 2008 წლის 28 თებერვალს, ღამით, უკანონოდ შეაღწიეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ---, მოსახლეობიდან 500 მეტრით დაცილებულ, ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებულ ბოსლებში, სადაც ფარულად დაეუფლნენ მ. გ-ის კუთვნილ, 1700 ლარად ღირებულ ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ა. ფ-ის 1600 ლარად ღირებულ ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ე. ბ-ის 300 ლარად ღირებულ ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ი. რ-ის 1000 ლარად ღირებულ ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითიც დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე ღამეს მათ მოპარული პირუტყვი დაკლეს წყალტუბოს რაიონის სოფელ --- ტერიტორიაზე არსებულ საძოვარზე, მოსახლეობისათვის შეუმჩნეველ ადგილზე, იქვე დატოვეს მოჭრილი ფეხები და სხვა ნარჩენი, ხოლო ხორცი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, წაიღეს თბილისის მიმართულებით.
2008 წლის 9 აპრილს, ღამით, ზ. უ-ე კვლავ დაუკავშირდა დაუდგენელ პირებს და მათთან ერთად უკანონოდ შეაღწია წყალტუბოს რაიონის სოფელ --- მცხ. თ. ბ-ის კუთვნილ ბოსელში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხარს, რითიც დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ბოროტმოქმედები ასევე ფარულად დაეუფლნენ თ. ბ-ის მეზობლად, რამდენიმე მეტრში მდებარე ი. კ-ოს ბოსლიდან ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს _ ხარს, რითიც დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, ზ. უ-ე და მისი თანამზრახველები იმავე ღამეს წყალტუბოს რაიონის სოფელ --- მცხ. ჰ. კ-ის ბოსლიდან ფარულად დაეუფლნენ სამ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე ღამეს მოპარული პირუტყვი მათ სოფელ ---, წისქვილკომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობიდან ორ კილომეტრში, დაკლეს, შემთხვევის ადგილზე დატოვეს ხუთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავი და ფეხები, ხოლო დამზადებული ხორცი, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, წაიღეს თბილისის მიმართულებით.
აღნიშნულის შემდეგ ზ. უ-ე კვლავ დაუკავშირდა დაუდგენელ პირებს და მათთან ერთად ფარულად დაეუფლა წყალტუბოს რაიონის სოფელ --- მცხ. ი. ა-ის კუთვნილ ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს _ ძროხას, რომლებიც პატრონს დაბმული ჰყავდა სამეურნეო ნაკვეთში, რითიც დაზარალებულს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე დღეს ბოროტმოქმედებმა მოპარული პირუტყვი დაკლეს წყალტუბოს რაიონის სოფელ --- ტერიტორიაზე, მოჭრილი ფეხები და თავები ადგილზე დატოვეს, ხოლო ხორცი სარეალიზაციოდ წაიღეს თბილისის მიმართულებით.
2008 წლის 17 ივნისს ზ. უ-ე დაუდგენელ პირებთან ერთად ფარულად დაეუფლა წყალტუბოს რაიონის სოფელ --- მცხ. უ. ბ-ის კუთვნილ ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რომლებიც გაშვებული იყო საძოვარზე, რითიც დაზარალებულს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე საღამოს მათ პირუტყვი დაკლეს, შემთხვევის ადგილზე დატოვეს მოჭრილი თავები და სხვა ნარჩენი, ხოლო ხორცი სარეალიზაციოდ წაიღეს თბილისის მიმართულებით.
2008 წლის ივლისის დასაწყისში ზ. უ-ე დაუკავშირდა გ. ა-ს, ზ. ი-სა და თ. ქ-ეს, რომლებმაც განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს წყალტუბოს რაიონის სოფელ ---. მათ შეარჩიეს ნ. შ-ისა და ტ. შ-ის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბოროტმოქმედებმა უკანონოდ შეაღწიეს ნ. შ-ის საკარმიდამო ნაკვეთში, სადაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ორ სულ რქოსან პირუტყვს, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 1800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მათვე ტ. შ-ის ბოსლიდან ფარულად გამოიყვანეს სამი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 1850 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე ღამეს ზ. უ-ემ და მისმა თანამზრახველებმა მოპარული საქონელი დაკლეს სოფელ ქვიტირის ტერიტორიაზე, თავები და სხვა ნარჩენი დატოვეს ადგილზე, ხოლო ხორცი თ. ქ-ის კუთვნილი ავტომანქანით სარეალიზაციოდ წაიღეს თბილისის მიმართულებით.
2008 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, ზ. ი-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. ქ-ეს, ზ. უ-ესა და გ. ა-ს, ჩამოაყალიბეს პირთა ჯგუფი და განიზრახეს ქურდობა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბოროტმოქმედები 2008 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, თ. ქ-ის კუთვნილი „ოპელ-ფრონტერას» მარკის ავტომანქანით მივიდნენ დუშეთის რაიონის სოფელ ---, თ. ქ-ე დარჩა მანქანასთან, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხოლო ზ. ი-ი, გ. ა-სა და ზ. უ-ესთან ერთად, ფეხით მივიდა ამავე სოფელში მდებარე შ. წ-ის საცხოვრებელ სახლთან. მათ კარის გაღებით უკანონოდ შეაღწიეს მავთულბადითა და ხის მესრით შემოღობილ საქონლის სადგომში, სადაც ფარულად დაეუფლნენ და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შ. წ-ის კუთვნილი სამი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომლებიც წინასწარ მომზადებული თოკებით მიიყვანეს სოფლის განაპირა ტერიტორიაზე, სადაც დაკლეს და დაამუშავეს. აღნიშნულის შემდეგ დანაწევრებული ხორცი და საქონლის თავები მოათავსეს ავტომანქანის საბარგულში და ნაქურდალის რეალიზაციის მიზნით გაემართნენ თბილისის მიმართულებით, რა დროსაც ისინი დააკავეს პოლიციელებმა დუშეთის რაიონის დაბა --- მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული ქმედებით ზ. ი-მა და მისმა თანამზრახველებმა დაზარალებულს მიაყენეს 3200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით ზ. უ-ე გამართლდა 2008 წლის 29 თებერვალს, 9 აპრილს, 8 ივნისს და 17 ივნისს ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებულ ბრალდების ეპიზოდებში. ზ. ი-ს, გ. ა-ს და თ. ქ-ეს მსჯავრი დაედოთ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით (2008 წლის 2 ივლისის ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2008 წლის 7 ივლისის ეპიზოდი, ზ. უ-ეს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (2008 წლის 2 ივლისისა და 7 ივლისის ეპიზოდები) და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრათ: ზ. ი-ს, თ. ქ-ესა და გ. ა-ს _ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4-4 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ზ. უ-ეს _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4 ათასი ლარის ოდენობით. მათვე მთლიანად დაემატათ წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯათ: ზ. ი-ს _ 12 წლით, 3 თვითა და 15 დღით, გ. ა-ს _ 15 წლით, 3 თვითა და 15 დღით, თ. ქ-ეს _ 14 წლით, 3 თვითა და 28 დღით, ზ. უ-ეს _ 15 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2009 წლის 2 აპრილიდან. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელები და მსჯავრდებულებს სოლიდარულად დაეკისრათ: დაზარალებულ ტ. შ-ის სასარგებლოდ _ 1850 ლარის, შ. წ-ის სასარგებლოდ _ 3200 ლარის, ხოლო ზ. ი-ს, ზ. უ-ესა და თ. ქ-ეს _ დაზარალებულ ნ. შ-ის სასარგებლოდ _ 1350 ლარის გადახდა. თ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი _ „ოპელ-ფრონტერას» მარკის ავტომანქანა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ თ. ქ-ემ, ზ. უ-ემ, გ. ა-მა და მათმა ადვოკატებმა _ მ. ხ-ემ, რ. ზ-მა და ნ. ჟ-მა, ასევე _ მსჯავრდებულ ზ. ი-ის ადვოკატმა ი. შ-ამ და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ხ-მა.
პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ. უ-ის მიმართ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის სასჯელის ზომად 30 წლით თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმად _ 12 ათასი ლარის განსაზღვრა; ადვოკატებმა _ ი. შ-ამ და ნ. ჟ-მა _ ზ. ი-ისა და გ. ა-ისათვის სასჯელების მინიმუმამდე შემცირება, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით მათი პირობითად ჩათვლა და ჯარიმის ამორიცხვა; მსჯავრდებულმა თ. ქ-ემ და ადვოკატმა მ. ხ-ემ _ სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით მისი პირობითად ჩათვლა და ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნება, ხოლო მსჯავრდებულმა ზ. უ-ემ და ადვოკატმა რ. ზ-მა _ ზ. უ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოხსნა (2008 წლის 2 ივლისის ეპიზოდი) და ამ ნაწილში მისი გამართლება, დანარჩენ ნაწილში კი _ სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, ასევე _ დაზარალებულებისათვის სამოქალაქო სარჩელებზე უარის თქმა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულმა გ. ა-მა და მისმა ადვოკატმა ნ. ნ-ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ასევე ითხოვეს გ. ა-ის გამართლება 2008 წლის 2 ივლისის ეპიზოდში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. უ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აღიარებს მხოლოდ 2008 წლის 7 ივლისს ჩადენილ დანაშაულს; სხვა დანაშაული მას არ ჩაუდენია და არც საქმეშია რაიმე მტკიცებულება; სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ასევე გაუგებარია, თუ რატომ დასაჯეს იგი ყველაზე მკაცრად, როცა სხვა მსჯავრდებულებს იმავე ეპიზოდში ნაკლები სასჯელი განუსაზღვრეს. კასატორი ასევე არ ეთანხმება სამოქალაქო სარჩელებს, ვინაიდან 2008 წლის 2 ივლისს მას დანაშაული არ ჩაუდენია; რაც შეეხება 7 ივლისის ეპიზოდს _ არც ამ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, რადგან არც სასამართლოს მოუპოვებია და დაზარალებულსაც არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, მით უმეტეს, დაზარალებულის განმარტებით, მან ისარგებლა თავისი პირუტყვის ხორცით, რაშიც აიღო 500 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ. უ-ე ითხოვს 2008 წლის 2 ივლისის ეპიზოდში გამართლებას, 2008 წლის 7 ივლისის ეპიზოდში კი _ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.
ადვოკატი ი. მ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უსამართლო და მეტისმეტად მკაცრია შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. ქ-ისათვის დადგენილი სასჯელის ზომა აშკარად მკაცრია, ხოლო დამატებითი სასჯელები მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციასა და საფუძველს, რადგან მსჯავრდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლომ კი არ გაიზიარა, რომ თ. ქ-ე აღიარებდა და გულწრფელად ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, ასახელებდა თანამონაწილე პირებს, გადატანილი ინფარქტის გამო მეტად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომაც მან ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა; იგი ამჟამადაც გადის მკურნალობის კურსს; აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მის მიმართ სასჯელის ერთ-ერთ ღონისძიებად გამოყენებულია ქონების ჩამორთმევა. თ. ქ-ე მართავდა თავისი მეუღლის ავტომანქანას, ამიტომ სასჯელის ეს ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ხოლო ავტომანქანა _ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს _ თ. ქ-ის მეუღლეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ი. მ-ა ითხოვს თ. ქ-ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით _ 8 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით _ საბოლოოდ 12 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ჯარიმის _ 4 ათასი ლარის მოხსნასა და ჩამორთმეული ავტომანქანის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებას, რადგან თ. ქ-ეს ავტომანქანა მისმა მეუღლემ დროებით სარგებლობისთვის გადასცა.
ადვოკატი ი. შ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი აშკარად მკაცრი და შეუსაბამოა ზ. ი-ის ქმედებასა და პიროვნულ მახასიათებლებთან, რადგან მსჯავრდებულმა მთლიანად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა თანამონაწილეები; იგი არ დაუკავებიათ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს და ჩადენისთანავე; ზ. ი-ი არ განეკუთვნება კლასიკურ „დამნაშავეთა სამყაროს», არ გამოირჩევა აგრესიული კრიმინალური მენტალიტეტით; დანაშაული ჩაადენინა ოჯახის უკიდურესმა მატერიალურმა გაჭირვებამ და არა _ რაიმე გამორჩენამ ან პირადმა ინტერესმა, რაც სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ითხოვს განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, სასჯელის შემცირებას 8 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის _ 2 წლისა და 8 თვის პირობითად ჩათვლას; ასევე _ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ამორიცხვას, რადგან უკიდურესი გაჭირვების გამო მის ოჯახს არ აქვს ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა საქმე, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით, მათ შორის _ ამოღების ოქმითა და დაზარალებულ შ. წ-ის ჩვენებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ზ. უ-ემ, ზ. ი-მა, თ. ქ-ემ და გ. ა-მა დუშეთის რაიონის სოფელ --- მოიპარეს შ. წ-ის კუთვნილი სამი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ამ დანაშაულის ჩადენას არც მსჯავრდებულები უარყოფენ.
პალატა არ იზიარებს ზ. უ-ის მითითებას, თითქოს, გარდა დუშეთის რაიონში ჩადენილი ქურდობისა, სხვა დანაშაული არ ჩაუდენია და არც საქმეშია რაიმე მტკიცებულება, კერძოდ:
გამომძიებელმა ლ. ლ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ იძიებდა სოფელ --- პირუტყვის ქურდობას. 2008 წლის 7 ივლისს დუშეთის პოლიციიდან მიიღო შეტყობინება, რომ საქონლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს ზ. უ-ე, ზ. ი-ი, გ. ა-ი და თ. ქ-ე. შეტყობინების თანახმად, ზ. უ-ემ და ზ. ი-მა დაკითხვისას განაცხადეს მათ მიერ სოფელ --- ჩადენილი დანაშაულის შესახებაც. ისინი დეტალურად აღწერდნენ, განაწილებული როლების მიხედვით, როგორ მოიპარეს ნ. და ტ. შ-ეების კუთვნილი პირუტყვი.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამომძიებელმა მ. ბ-ემ.
საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულებს _ ზ. ი-ს და თ. ქ-ეს არ ახსოვთ, ახლდა თუ არა მათ სოფელ --- ქურდობისას ზ. უ-ე. ამ უკანასკნელის ჩვენებით, წყალტუბოს რაიონის ტერიტორიას «საერთოდ არ იცნობს», თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რაიონში ყიდულობდა მწვანილს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ზ. უ-ემ ასევე აღნიშნა, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას დაკითხეს და ჩვენება გამომძიებელმა წაუკითხა, რომელსაც ენდობოდა და ოქმს ამიტომ მოაწერა ხელი.
აღსანიშნავია, რომ ყველა მსჯავრდებული უარყოფს მათზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას.
სატელეფონო საუბრების დეტალურ-წუთობრივი ნუსხით დადგენილია მსჯავრდებულთა დანაშაულის ადგილზე ყოფნა, კერძოდ, ნ. და ტ. შ-ეების პირუტყვის ქურდობის ღამეს, 3 საათსა და 52 წუთზე ფიქსირდება სატელეფონო კავშირი ზ. უ-ესა და გ. ა-ს შორის (ტ. 2, ს.ფ. 169).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია და უტყუარად დასტურდება საქმის მასალების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით.
პალატა ვერ გაიზიარებს თ. ქ-ის დამცველის მოტივს ავტომანქანის მესაკუთრისათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი იმ შემთხვევაშიც, თუ მას პირი მართლზომიერად ფლობს.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით არასწორად გადაწყდა სამოქალაქო სარჩელების საკითხი, კერძოდ, დაზარალებულმა შ. წ-მა მიუთითა, რომ მოჰპარეს 3200 ლარის ღირებულების პირუტყვი. მისივე განმარტებით, მოპარული საქონლის ხორცი დაუბრუნდა, რაც 500 ლარად გაყიდა (ტ. 4, ს.ფ. 91). ამის თაობაზე ზ. უ-ე თავის სააპელაციო საჩივარშიც ამახვილებდა ყურადღებას.
გარდა ამისა, დაზარალებულმა ნ. შ-ემ უარი განაცხადა სამოქალაქო სარჩელზე გ. ა-ის მიმართ და ქონებრივი ზიანის _ 1350 ლარის ანაზღაურება მოითხოვა სხვა მსჯავრდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლის შესაბამისად, ზ. უ-ეს, ზ. ი-ს და თ. ქ-ეს უნდა დაკისრებოდათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება გ. ა-ის წილის _ 337,5 ლარის გამოკლებით.
გასაზიარებელია ზ. უ-ის საჩივრის მოტივი დაზარალებულ შ. წ-ის პირუტყვის ქურდობისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით) დადგენილია, რომ მსჯავრდებულებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თანაამსრულებლობა, რა დროსაც სასჯელის დანიშვნისას, სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება დანაშაულში პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე. აღნიშნული კრიტერიუმებით, შ. წ-ის საქონლის ქურდობისას ზ. უ-ის ქმედება და მისი პიროვნების მახასიათებელი გარემოებები არ განსხვავდება სხვა მსჯავრდებულთა ქმედებისაგან და პიროვნების მახასიათებელი გარემოებებისაგან. ასეთ ვითარებაში, სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით, ზ. უ-ისათვის მნიშვნელოვნად მკაცრი სასჯელის დანიშვნა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და უნდა შემსუბუქდეს.
გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დაზუსტდეს ნივთმტკიცებების ნაწილში, კერძოდ, სატელეფონო საუბრების დეტალური ინფორმაციის ამსახველი მასალების ნაწილი გამომძიებლის დადგენილებით ერთვის გამოყოფილ საქმეს, ხოლო განსახილველ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მასალები უნდა ინახებოდეს ამ საქმესთან ერთად. ავტომანქანის საბურავის კვალი (ტ. 1, ს.ფ. 56), რომლის საკითხი არ გადაწყვეტილა, უნდა დაერთოს დაუდგენელი პირების მიმართ გამოყოფილ, ¹069080439 საქმეს.
ზ. უ-ესა და ზ. ი-ს წინა განაჩენით მიესაჯათ 3-3 წლით, ხოლო გ. ა-ს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2008 წლის 17 ივლისიდან. თ. ქ-ეს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი მოხდა დაეწყო 2008 წლის 30 ივლისიდან. ამდენად, ზ. უ-ეს, ზ. ი-ს და გ. ა-ს ბოლო განაჩენის გამოტანის დღეს _ 2009 წლის 2 აპრილს მოხდილი ჰქონდათ 8 თვე და 16 დღე, ხოლო თ. ქ-ეს _ 8 თვე და 3 დღე. შესაბამისად, ზ. უ-ისა და ზ. ი-ისათვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს მოუხდელი სასჯელი _ 2 წელი, 3 თვე და 14 დღე, გ. ა-ს _ 5 წელი, 3 თვე და 14 დღე, ხოლო თ. ქ-ეს _ 4 წელი, 3 თვე და 27 დღე, ნაცვლად გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული 2 წლის, 3 თვის და 15 დღის, 5 წლის, 3 თვის, 15 დღის და 4 წლის, 3 თვის და 28 დღისა.
გარდა ზ. უ-ისა, სხვა მსჯავრდებულთათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან შეესაბამება მათ პიროვნებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და სამართლიანია. ამასთან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თ. ქ-ისა და ზ. ი-ის ადვოკატების _ ი. მ-ასა და ი. შ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს: ზ. უ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2008 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და ამ მუხლით მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. უ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით, 3 (სამი) თვით, 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
ზ. ი-ს საბოლოოდ მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით, 3 (სამი) თვით, 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ. ა-ს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით, 3 (სამი) თვით, 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
თ. ქ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით, 3 (სამი) თვით, 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
ზ. უ-ეს, ზ. ი-ს, თ. ქ-ესა და გ. ა-ს დაზარალებულ შ. წ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2 700 (ორი ათას შვიდასი) ლარის გადახდა;
გ. ა-ის მიმართ დაზარალებულ ნ. შ-ის სამოქალაქო სარჩელის გამო წარმოება შეწყდეს;
ზ. უ-ეს, ზ. ი-სა და თ. ქ-ეს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. შ-ის სასარგებლოდ 1 012 (ათას თორმეტი) ლარის გადახდა;
მოცემულ საქმეზე ნივთმტკიცებად დართული სატელეფონო საუბრების დეტალური ინფორმაციის ამსახველი მასალები ინახებოდეს ამ საქმესთან ერთად, ხოლო ავტომანქანის საბურავის კვალი _ დაერთოს დაუდგენელი პირების მიმართ გამოყოფილ, ¹069080439 საქმეს.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.