განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1074აპ_10 4 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელ განაჩენზე ლ. მ-ის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ. მ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის II ნაწილითა და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსკ-ის 227-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ ლ. მ-ს სსკ-ის 219-229-ე მუხლების თანახმად, უფლება აქვს, მიიღოს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, რის შესახებაც სასამართლოში განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დღიდან 6 თვეში.
საბრალდებო დასკვნით ლ. მ-ს ბრალი დაედო ცრუ დასმენაში, რასაც თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანგარებით ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის გაზაფხულზე იმ პერიოდისათვის უმუშევარ ლ. მ-ს თავისმა ბაბუამ, მ. მ-მა შესთავაზა დახმარება სამეწარმეო საქმიანობის დაწყებასა და ამ გზით პირადი შემოსავლების მიღებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ლ. მ-ი დაარეგისტრირებდა ინდივიდუალურ საწარმოს, ხოლო მ. მ-ი გადასცემდა მას ფულად თანხას სხვადასხვა მოძრავი მანქანის ჩინეთის რესპუბლიკიდან ჩამოყვანისა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით. იმავე შეთანხმებით, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება დარჩებოდა ლ. მ-ს, რომელსაც, თავის მხრივ, ბაბუისათვის _ მ. მ-ისათვის დროთა განმავლობაში უნდა დაებრუნებინა სამეწარმეო საქმიანობისათვის მისგან მიღებული თანხები. მ. მ-მა შვილიშვილის სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად „პ. ბ-ში“ გახსნა საკრედიტო ხაზი და ამავე ბანკიდან გამოიტანა და ლ. მ-ს საერთო ჯამში გადასცა 130 340 აშშ დოლარი და 33 050 ლარი, მათ შორის ჩინეთში 10 კვადროციკლის შეძენის, ტრანსპორტირების, განბაჟებისა და სხვა ხარჯების დასაფარად _ 31 490 აშშ დოლარი და 9 050 ლარი. მათ შვიდი კვადროციკლი შეინახეს მ. მ-ის აგარაკზე, ხოლო სამი მათგანი ლ. მ-მა გაასხვისა სხვადასხვა მოქალაქეზე.
ლ. მ-მა არსებული შეთანხმება დაარღვია და მ. მ-ს 2005-2006 წლებში დაუბრუნა მხოლოდ 2000 აშშ დოლარი. აღნიშნულის გამო მ. მ-ს გაუჭირდა „პ. ბ-ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება – ძირითადი თანხისა და მისი სარგებლობის პროცენტის გადახდა და იძულებული გახდა, ლ. მ-ისათვის ეთხოვა მასთან შენახული შვიდი კვადროციკლის გაყიდვიდან მიღებული თანხის მისთვის გადაცემა. ლ. მ-მა არაფრად ჩააგდო მისივე ქმედებით გამოწვეული მ. მ-ის ზემოხსენებული ფინანსური პრობლემა და ნაცვლად იმისა, რომ საკრედიტო დავალიანების დასაფარად მისთვის გადაეცა კუთვნილი თანხა ან მისი ნაწილი, განიზრახა ანგარების მოტივით, ცრუდ დაესმინა საკუთარი ბაბუა _ მ. მ-ი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და სამართალდამცავი ორგანოების შეცდომაში შეყვანის გზით, შესაბამისი სამართლებრივი იძულების მექანიზმების ამოქმედების შემდეგ, რეალიზაციის მიზნით დაუფლებოდა მ. მ-ის ფულადი სახსრებით შეძენილ და მასთანვე შესანახად მოთავსებულ შვიდ კვადროციკლს.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2007 წლის 19 აპრილს ლ. მ-მა წერილობითი განცხადებით მიმართა შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-4 განყოფილებას და ითხოვა მ. მ-ის მიერ 49 000 ლარად ღირებული შვიდი კვადროციკლის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყება და ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ვინაიდან შსს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომელთათვის არ იყო ცნობილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები თანხის კუთვნილებისა და ლ. და მ. მ-ის შეთანხმების შესახებ, იმავე დღეს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹... საქმეზე დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, ლ. მ-მა ზემოხსენებული კვადროციკლების დაუფლების მოტივით, როგორც განცხადებაში, ასევე ამავე საქმეში ცრუ დასმენაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების შემდეგ, 2007 წლის 19 აპრილსა და 18 მაისს დაზარალებულის სახით დაკითხვისას, შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. მან აღნიშნა, რომ კვადროციკლების შესაძენად მ. მ-ს მისთვის თანხა არ მიუცია და ეს მანქანები შეიძინა დედის _ თ. გ-ის მიერ გადაცემული თანხით, თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის 16 ივლისს მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა, რომ შეგნებულად იცრუა და კვადროციკლების შესაძენად თანხა ბაბუისაგან, მ. მ-ისაგან მიიღო, ხოლო განცხადება პოლიციაში იმიტომ შეიტანა, რომ ამ გზით სურდა კვადროციკლების მიღება და მათი შემდგომი რეალიზაცია.
ლ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება წინასწარმა გამოძიებამ დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის II ნაწილითა და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ. მ-ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, რომელმაც ითხოვა განაჩენის შებრუნება მსჯავრდებულის საუარესოდ, მისი დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 373-ე მუხლის II ნაწილითა და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ლ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
მსჯავრდებულის ადვოკატმა ლ. კ-ემ შესაგებლით ითხოვა, რომ უარი ეთქვას პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დარჩეს ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ პროკურორ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ლ. მ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალური ვითარების გარკვევა და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
რამდენადაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ლ. მ-ის მიმართ დამდგარ გამამართლებელ განაჩენთან მიმართებით.
სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორებიცაა ლ. მ-ის 2007 წლის 19 აპრილის განცხადება, სსკ-ის 370_3711-ე და 373-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაფრთხილების შესახებ ხელწერილი და მის მიერ წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, რის შემდეგაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და მათი ხელახალი გამოკვლევის შედეგად სასამართლომ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ლ. მ-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.