საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1160აპ-10 3 თებერვალი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის განაჩენით:
დამტკიცდა 2010 წლის 22 ივნისს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ა-ს, გ. ი-სა და ადვოკატ ო. ხ-ს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება.
გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად უნდა მოიხადოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
დამტკიცდა 2010 წლის 22 ივნისს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ა-ს, ა. ჯ-სა და ადვოკატ თ. ტ-ს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება.
ა. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 55-ე მუხლის გამოყენებით _ 5 წლით თავსუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად უნდა მოიხადოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 5000 ლარით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, ა. ჯ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად უნდა მოიხადოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 თებერვლიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ფ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 თებერვლიდან.
ნივთმტკიცებები _ 0,0042, 0,0016, 0,0281 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება და 0,114 გრამი ,,მარიხუანა”, რომლებიც ინახება შს სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიულ დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს და მისი აღსრულება დაევალა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს; ა. ჯ-ს მობილური ტელეფონი „ნოკია“, იმეი კოდით ..., სიმბარათით ... უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს; გ. ი-ს მობილური ტელეფონი „ნოკა“, იმეი კოდით ... უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს; ფ. დ-ს მობილური ტელეფონი „ნოკია“, იმეი კოდით ..., მობილური ტელეფონი „ნოკია“, იმეი კოდით ... და ორი სიმბარათი _ ... და ... უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ფ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ფ. დ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.