განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 14.06.2011
საქმის ნომერი
2კ-56აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

56აპ-11 14 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ასევე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით - დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ა. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. დაკმაყოფილდა დაზარალებულ მ. კ-ის სამოქალაქო სარჩელი და ა. მ-ს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება – 150 ევროსა და 292 ლარის ოდენობით. ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით დაზუსტდა განაჩენში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის ნაცვლად მიეთითა - “ბ” და “გ” ქვეპუნქტები.

განაჩენით ა. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით;

მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის ივლისის დასაწყისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) ა. მ-მა ფარულად შეაღწია ქ. ბოლნისში მცხოვრებ მ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ. ბ-ის ოჯახის კუთვნილ ნივთებს, კერძოდ: ჩაის 7 თეთრ ფინჯანს, ერთ ჩაიდანს და საშაქრეს, მუსიკალურ ცენტრს „FIღშ AUშთღIA“, ქალის შავი ტყავის ლაბადას, კედლის ორ სურათს, ბელგიური წარმოების რადიომიმღებს, წვენსაწურს, ყავის ასადუღებელს, ექვს ჭიქას. მან ასევე დანაშაულის სისრულეში მოყვანის გაადვილების მიზნით დააზიანა მ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ერთი კარი საკეტით და ორი კარის საკეტი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 395 ევროს, 250 აშშ დოლარის და 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენი, კერძოდ: ა. მ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი, ასევე “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ა. მ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით. ა. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 7 ივლისიდან, მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა დანაშაულისათვის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2006 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, ან საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ახალი სასამართლო განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა.

მსჯავრდებულ ა. მ-ის მიერ ქურდობის (ბინაში უკანონო შეღწევით) და სხვისი ნივთის დაზიანების ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნივთების დათვალიერების, ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. მ-ს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, Kკერძოდ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებული მ. კ-ი ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, მაგრამ მსჯავრდებული ა. მ-ი სამოქალაქო მოპასუხედ საქმეზე ცნობილი არ ყოფილა და, შესაბამისად, არც მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები განმარტებია. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. მ-ისათვის დაზარალებულ მ. კ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს ა. მ-ისათვის დაზარალებულ მ. კ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.